
„…მეც ისეთივე ცოდვილი ვარ, შეიძლება ვიღაცაზე მეტადაც, მაგრამ ვცდილობ ვიცხოვრო მართლმადიდებლურად – აღსარება ვთქვა, ვეზიარო, ვიგალობო, ტაძარში ვიარო“… – ნოდარ ტურძელაძე.
ვაკის რაიონის ყოფილი გამგებელი, „ქართული ოცნების” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნოდარ ტურძელაძე, „პრაიმტაიმთან“, მის მეორე პროფესიაზე და პირად ცხოვრებაზე, ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს –
დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაქსიმალურად ცდილობს, ტაძარში, ბიჭებთან ერთად იგალობოს:
დავიბადე და გავიზარდე თბილისში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე. 33 წლის ვარ – 1986 წლის პირველ დეკემბერს მოვევლინე ქვეყანას. მყავს მეუღლე – თამარ აბზიანიძე, რომელიც ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში მუშაობს და ორი ქალიშვილი – 5 წლის ანასტაია და 4 თვის მარიამი.
დავამთავრე 126 -ე საჯარო სკოლა და ტექნიკურ უნივერსიტეტში სახელმწიფო მართვის სპეციალობის მიმართულებით გავაგრძელე სწავლა, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი მქონდა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. დავამთავრე ბაკალავრიატი და მაგისტრატურა – სახელმწიფო მართვის სპეციალობით „ჯიპა“-ში.
ჩემი განხრაა – სახელმწიფო მართვის მოხელე. 9 წლის განმავლობაში, სხვადასხვა თანამდებობებზე ვმუშაობდი, ძირითადად, ენერგოსტრუქტურაში, მაგრამ 2014 წლიდან, გადავწყვიტე, თვითმმართველობაში წავსულიყავი და ჩემი სპეციალობით დამეწყო მუშაობა. ერთი წლის განმავლობაში ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვიყავი, ხოლო 2015 -20 წლებში – ვაკის რაიონის გამგებელი.
– თქვენი მეორე პროფესია, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის…
მაქვს მეორე პროფესია – ვმღერი. ეს ყველაფერი, 2003 წელს დაიწყო. დედაც და ბაბუაც მღეროდა და სრორედ, ეს გახდა, ჩემი მუსიკალური კარიერის საფუძველი.
2003 წელს მეგობრებთან ერთად, ქართული ხმების ცნობილ სოლისტთან, გურამ თამაზაშვილთან მივედით. მაშინ 17 წლის ვიყავი – „ზარები“ ერქვა ანსამბლს. ჩემმა სამეგობრომ დათუნა სირბილაძე, ნოდიკო ხუციშვილი, ნოდარ ხუხუნეიშვილი, გურამთან დავიწყეთ სიმღერა.
დაახლოებით, 2005 წელს წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში (შანხაის უბანი) დავიწყეთ გალობა, ჩვენ ანსამბლს „დიდგორი“ დაერქვა. ამ ხნის განმავლობაში, უამრავი კონცერტი და გასტროლი გვქონდა, როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ. ხშირად ვიღებდით მონაწილეობას, სხვადასხვა მნიშვნელობის ღონისძიებებში.

– გასტროლი, რომელიც დღემდე დაუვიწყარ მოგონებად იქცა…
გამოვყოფდი გასტროლს – კორსიკაზე. 2010 წელს საქართველოში ჩამოსული იყო კორსიკის ანსამბლი, რომელთანაც ძალიან დავმეგობრდით. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი იყო, როგორც ქართველებს შეგვეფერება, ისეთი სტუმარ-მასპინძლობა გავწიეთ.
ჩვენ შორის, ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. 2011 წელს, ანსამბლმა, კორსიკაზე მიგვიწვია, სადაც არაერთი კონცერტი ჩავატარეთ.

ასევე აღვნიშნავდი, 2013 წელს რაიმონდ პაულსთან ერთად ჩატარებულ კონცერტს. ქ-ნ ელიტა გაველმა (ლატვიის ელჩი საქართველოში) ერთ-ერთ კონცერტზე მოგვისმინა და დაებადა იდეა, ლატვიელ ცნობილ კომპოზიტორებს, დაეწერათ კომპოზიციები, ქართული ხალხური სიმღერების გარშემო, რომელსაც სახელად „ქართული მოტივები“ დაერქმეოდა.

2019 წელს გასვლითი კონცერტები გვქონდა ქ. რიგაში, სადაც ძალიან კარგი სინთეზი შედგა – საზოგადოების მხრიდან, დიდი მოწონება დაიმსახურა. კონცერტზე მონაწილეობას იღებდა რაიმონდ პაულსი და მასთან ერთად, გია ყანჩელის კომპოზიციებზე სინთეზი გავაკეთეთ და შევასრულეთ – „წინწყარო“

გასულ წელს, ჩემი ბიჭები კანადაში იმყოფებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, მე ვერ წავედი. ათზე მეტ ქალაქში გამართეს კონცერტი, სადაც ქართული ხალხური სიმღერები, პროფესიონალურ დონეზე, ცოცხლად შეასრულეს. სამწუხაროდ, მე არ გახლდით, ჩემი სამსახურეობრივი პრობლემების გამო.
– თქვენი ცხოვრების მთავარი არსი…
ჩვენი ცხოვრების არსი და აზრი, ჩემი მუსიკის მიმართ დამოკიდებულება, ჩვენი კულტურა და ტრადიციაა, სწორედ ასე ვფიქრობდი და ამიტომაც დავიწყე სიმღერა.
როცა პატარა ბიჭები ვიყავით, ახლებურად რომ შეგვენარჩუნებინა, გაგვერჩია, ის ძველი ასეულობით წლის წინ ჩაწერილი სიმღერები, ჩვენს მიერ ნამღერი გაგვეცოცხლებინა სცენაზე და შეგვეთავაზებინა მსმენელისთვის, ეს იყო ნომერი პირველი პრიორიტეტი ჩვენთვის და ღვთის მადლით, გამოგვივიდა.

რამდენიმე ათეულობით სიმღერა გავაცოცხლეთ – გურული, აფხაზური, რომელიც ჩვენ რეპერტუარში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს მეგრული, რაჭული და საქართველოს თითქმის ყველა კუთხის სიმღერა.
ეს იყო, ჩვენი ძირითადი მამოძრავებელი ძალა და პრიორიტეტად გვქონდა აღებული, ქართული ხალხური სიმღერების და ქართული საგალობლების გაცოცხლება. გახსოვთ ალბათ, ანჩისხატის გუნდის განუმეორებელი მიღწევა ამ მიმართულებით, სწორედ, მან აღადგინა, გააცოცხლა ასეულობით ქართული საგალობელი.
ჩვენთვის, პატრა ბიჭებისთვის, ამ კუთხით მუშაობა, იყო ნამდვილი მაგალითი. ძალიან იშვიათობაა, ქართულ ეკლესიებში, ძველი ქართული გალობის მოსმენა. ეს არ არის მარტივი, ყველგან არ გალობენ. იმ პერიოდში, 2004-05 წლებში, ეს მართლაც იშვიათი მოვლენა იყო.

ჩვენი მამოძრავებელი ძალა იყო, ორივე ფლანგზე მაქსიმუმი დაგვედო. რაც გამგებლად დავინიშნე, რა თქმა უნდა გამიჭირდა იმ ინტენსივობით ჩართვა, როგორც რეპეტიციებზე, კონცერტებზე, ასევე ეკლესიაში სიარულიც.
ყოველ შაბათ-კვირას, წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში ვგალობთ. ფაქტიურად, ათი წლის განმავლობაში, არ არსებობდა რომელიმე ლოცვა, ან წირვა გამეცდინა. ახლაც კი, მაქსიმალურად ვცდილობ, ეკლესიაში ვიყო და ბიჭებთან ერთად ვიგალობო.
ერთი საკითხია, შენი საზოგადოებრივი მოღვაწეობა და მეორე – შენი სულიერი მხარე. სულიერ მხარეს, ჩვენ მართლმადიდებელი ადამიანები, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მეც ისეთივე ცოდვილი ვარ, შეიძლება, ვიღაცაზე მეტადაც კი.

მაგრამ ვცდილობ ვიცხოვრო მართლმადიდებლურად – აღსარება ვთქვა, ვეზიარო, ვიგალობო, ტაძარში ვიარო, იმიტომ რომ ეს მომცა მე ოჯახმა ბავშვობიდან. ტაძარში სიარული, 2005 წელს არ დამიწყია, ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით, როცა მამა ბასილისთან (მამა იოანე), რომელიც ჩვენი მოძღვარი იყო, მამა დავითზე დავიწყეთ სიარული.
ამის მერე, ვცდილობ, რომ ჯაჭვი, რასაც ეკლესიასთან ურთიერთობა ჰქვია, არასდროს გაწყდეს. რა საქმესაც არ უნდა ვემსახურებოდე, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი პირადი ვალდებულებაა, ტაძარში მივიდე და უფალს ვემსახურო.
ყველაზე მეტად რაც არ მომწონს, განსაკუთრებით მეგობრობაში, როცა გჭირდება ადამიანი, მაშინ რომ გახსენდება, ეს არის ყველაზე ცუდი ტონი, უფალთანაც სწორედ ასე ვიქცევით.

როცა გვიჭრს, მაშინ ვთხოვთ უფალს, ღმერთო, მიშველე და დამიფარეო. ეს ჩემ ცხოვრებაში, ყოველთვის სერიოზული გამოწვევა იყო. ურთულესია, დილის 5 საათზე სამსახურიდან დაღლილი რომ მიდიხარ სახლში და დილის 9 საათზე, წირვაზე უნდა დადგე.
ვცდილობ, უფალთან ურთიერთობები არ შემეშალოს. მართალია, არის ისეთი დღეები, როცა ჩემი საქმიანობის გამო, ვერ ვახერხებ მისვლას. მინდა გითხრათ, რომ არა მარტო ჩემ ტაძარში, სადაც თითქმის 15 წელია ვგალობ, არამედ სხვა ტაძრებშიც მიწევს სიარული.
ეკლესიებს გარკვეულწილად ვეხმარებით – სხვადასხვა ტიპის დახმარებებს ვაკეთებთ. ამავე დროს, საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ, საკმაოდ კარგი პლატფორმაა, ბევრი ადამიანის გასაჭირს ისმენ, როგორც ქუჩაში, ასევე ეკლესიაში.
ეკლესიაში სიარული, როგორც გამგებლის, რაც ჩემი მოვალობაც იყო, ნებისმიერი ადგილი საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის გამომეყენებინა, რომ მათი პრობლემების იდენტიფიცირება მომხადიყო და შესაბამისი რეაგირება მოგვეხდინა.
ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ და ვახერხებ კიდეც ტაძარში სიარულს და ვფიქრობ, არანაირად არ შემიშლის ხელს, პარლამენტის დეპუტატის მანდატით, შემდგომ საქმიაობაში.

– ეკლესიის როლი თქვენ საქმიანობაში…
ეკლესიამ უდიდესი როლი ითამაშა, ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე და შესაბამისად, ჩემ საქმიანობაშიც, გარკვეულწილად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 1990-იან წლებში, ურთულესი პერიოდი იყო, ამ მიმართულებით ჩართულობამ, არა მარტო მე და ჩემ ბიჭებს, არამედ ბევრ ადამიანს, უფლის კალთა გადმოგვეფარა და ცუდ ამბებს აგვარიდა.
ძალიან რთულ პერიოდში მოგვიწია მუშაობა და დღემდე ერთად ვართ – ერთი ოჯახი გავხდით. ერთმანეთის მეჯვარეებიც და ბავშვების ნათლიებიც კი ვართ, რაც ყველა საქმეში მაძლიერებს. მიყვარს ურთიერთობები, კომუნიკაციები, კონტაქტები – ბავშვობიდან ასე ვიყავი და ეს მდგომარეობა, ბოლომდე შევინარჩუნე.
ცხოვრებაში, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საზოგადოებასთან დამოკიდებულებას და ურთიერთობას. ეს ფაქტორი, განმსაზღვრელად მიმაჩნია, ადამიანის და ამის მერე, ჩვენი სახელის ჩამოყალიბებაში.

ეს, ურთიერთობების განსაზღვრის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. არავინ ვართ უშეცდომოები, მაგრამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გულწრფელად, როგორც ვუყურებთ სიტუაციას, ისე ვიმოქმედოთ.
ჩვენი წინა თაობებიდან, სულ გვესმის, თუ რა კარგი ურთიერთობები ჰქონდათ. სულ ვენატრი ამას. ხომ შეიძლება, დღესაც ასე იყოს!
– როგორია ნოდარი ოჯახურ გარემოში?
ოჯახს, ფაქტიურად, ვერ ვაქცევ ისეთ ყურადღებას, როგორც მინდა. პრაქტიკულად დრო არ მაქვს, რომ ხშირად ვიყო მათთან. ჩემი პატარა ქალიშვილი, წესიერად ვერც კი გავიცანი.

სახლში რომ ვბრუნდები, უკვე ძინავს, თუმცა, ჩვენ გვაქვს მოვალეობები ცხოვრებაში, რომლებიც გვაძლევს ვალდებულებებს და ვთვლი, რომ ეს ვალდებულები, პირნათლად უნდა შევასრულო.
როგორც ჩემი, ასევე სხვისი შვილებისთვის, უკეთეს საქართველოს ვაშენებ! დადგება ის დრო, როცა ბევრი რამის ახსნა მომიწევს ჩემი შვილებისთვის, მაგრამ მჯერა, რომ გამიგებენ.

– როგორ შეგიყვარდათ ერთმანეთი?
მე-10 კლასში იყო, როცა პირველად შევხვდი. 57-ე საშუალო სკოლის მოსწავლე იყო, ბევრი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა და აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობებიც. 19 წლის იყო თაკო, როცა შევუღლდით.

მადლობა უფალს, რომ ეს ადამიანი შემახვედრა. არასდროს არაფერს ვნერვიულობ, ჩემი შვილები, სრულიად მინდობილი მყავს. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე ვგრძნობ მის დახმარებას, მის გვერდში დგომას.
ორი წლის დაქორწინებულები ვიყავით, როცა უკვე საზოგადოებრივ სექტორში მომიწია მუშაობა, რაც ძალიან რთული იყო მისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო, ჩვენ მშობლებს, რომ ძალიან გვეხმარებიან და ჩემს სიცარიელეს ავსებენ.

სიყვარული, ხომ ზოგადად ღვთიური გრძნობაა! ჩემთვის ძალიან სენსიტიურია, ლექსებიც კი მაქვს დაწერილი – მოვა დრო, როცა გავაჟღერებ. მახსოვს, პირველი ლექსი, დედას მივუძღვენი, მაგრამ მიჯნურობის პერიოდში, უკვე რამდენიმე დავწერე, ერთი ლექსი ანსამბლ „დიდგორსაც“ კი უკავშირდება. ძირითადად, საკუთარი ჩანახატები მაქვს.

წარმოშობით რაჭის ულამაზესი კუთხიდან, ზნაკვადან ვარ. ტურძელაძეებიც სწორედ ამ სოფლიდან არიან, ხშირად დავდიოდი ბავშვობაში, დედა – გაჩეჩილაძის ქალია, ზესტაფონის სოფელ წევადან. მოკლედ რომ ვთქვათ, მთისა და ბარის შვილი ვარ!
– რა არის თქვენი მოტივაცია?
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემური პერიოდი გამოვიარე, ჩემი მოტივაცია, ყოველთვის იყო, რომ შენი თითოეული დღით, თითოეული წამით, უნდა შეძლო, შენ ქვეყანას სიკეთე მოუტანო.

მადლობა უფალს, რომ ამის შესაძლებლობას მაძლევს! პირველი მოტივაცია- ტრადიციების შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემაა და მეორე – მომეცა შესაძლებლობა, იმ რაიონისთვის, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა მომეგვარებინა და გადამეწყვიტა.
მაგალითად, მეტრო უნივერსიტეტი – ურთულესი პრობლემა იყო წლების განმავლობაში, 35 წელი ელოდებოდა საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მთავრობა გახსნას პირდებოდა. საოცრად გალამაზდა, პოლიკლინიკის წინ მიმდებარე ტერიტორია, სადაც მეტროს შახტი იყო.
მზიურის სკვერი, რომელიც 40 წელია პრობლემების წინაშე იდგა, ჭავჭავაძის პროსპექტი, რომლისთვისაც ნახევარ საუკუნეზე მეტია, ხელი არავის უხლია. ამ ეტაპზე, ვაკის პარკის რეაბილიტაცია დავიწყეთ, ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ სოფლი თხინვალა, აგარაკები, ბეთანია ვაკე-საბურთალოს რაიონს ეკუთვნის.

წყალმომარაგებაც კი არ ჰქონდათ, არ არსებობდა, ასფალტირებული საფარი. წყნეთში, სამ დღეში ერთხელ მოდიოდა წყალი. ყველა ეს საკითხი, ნახევარი საუკუნის განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები, სულ რაღაც, 4 წელიწადში მოვაგვარეთ.
– ჭავჭავაძის პროსპექტის პროექტმა, საზოგადოების მხრიდან არეულობა და უკმაყოფილება გამოიწვია…
როდესაც ამ პროექტის განხილვა გვქონდა ფრანგებთან, რომლებიც პროსპექტის დამპროექტებლები იყვნენ და არა მარტო საქართველოში, არამედ უამრავ ქვეყანაში აქვთ მსგავსი პროექტები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის აღნიშვნა მოხდა – 90 -იანი წლების შემდეგ, სატრანსპორტო განვითარების ცენტრალური მიდგომის განვითარება, არ ჰქონდა ქალაქს.

წლების განმავლობაში, ძალიან გაიზარდა კერძო ტრანსპორტის მოხმარება თბილისში, რომელიც ჰაერის დაბინძურებასთან, პირდაპირპროპორციულად კავშირშია. ყველა განვითარებულ ქალაქში, არის მიდგომა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პრიორიტეტულია.
700 ყვითელი ავტობუსი იყო ჩასანაცვლებელი, რაც ძალიან დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ტრანსპორტის ჩანაცვლება უნდა მომხდარიყო და მოწესრიგებულიყო სარეაკრეაციო სკვერები.
რამდენიმე პროექტს ჩამოგითვლით, რომელიც ამ მოკლე დროში გაკეთდა – თამარაშვილის პროსპექტის რეაბილიტაცია, კუს ტბასთან ერთად, დაგეგმილია კასკადის რეაბილიტაცია, იპოდრომის ტერიტორიაზე, კეთდება ცენტრალური პარკი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი თბილისისთვის, კიდევ მრავალი.
რაც არ კეთდებოდა ათეული წლის განმავლობაში, 3-4 წელიწადში გაკეთდა. უბნის მაცხოვრებლებს, წინასწარ ვუთანხმდებით, სანამ პროექტს შევთავაზებთ..
არის ისეთი მოთხოვნები, რომლებიც ტექნიკურად ვერ განხორციელდება, მაგრამ ვცდილობთ, მოსახლეობასთან შეთანხმებით განვახორციელოთ ეს პროექტები.

– პირველი თქვენი გამოწვევა, როგორც გამგებლის?
მე რომ დავინიშნე, რამდენიმე დღის მომხდარი იყო 13 ივნისის სტიქია, 256 ოჯახი დაზარალდა და დახმარებას ითხოვდა.
იმ საქმეებთან ერთად, რაც გამგეობას ჰქონდა, ერთი იმდენი პრობლემა მქონდა დამატებული, რადგან ვაკეს, ყველაზე დიდი პრობლემები შეუქმნა. ეს იყო, ჩემი პირველი გამოწვევა. ამაყი ვარ იმით, რომ აბსოლუტური უმრავლესობა დავაკმაყოფილეთ.
– რას პირდებით ამომრჩეველს?
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველაფერი, მოსახლეობასთან დამოკიდებულებით და ურთიერთობით იწყება. მე რომ მოსახლეობასთან ასეთი კომუნიკაციები არ მქონოდა, ეზოებში ფეხს ვერ შევდგამდი.

ვპირდები საზოგადოებას, რომ ჩემთვის იყო, არის და იქნება საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაციები. ის პროექტები, რაზეც ვისაუბრე, უმუშევრობის დაძლევა, ახალგაზრდებთან განსაკუთრებული მიმართულებით შეთავაზებები, თუნდაც განათლების სფეროში.
უნდა გვყავდეს, პროფესიონალი კადრები ყველა მიმართულებით, რათა კონკურენცია გავუწიოთ განვითარებულ ქვეყნებს. რადგან ჩემი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, თვითმმართველობას უკავშირდება, ძირითადად, თვითმმართველობის საკითხებში ვიქნები ჩართული.
ერთ-ერთი პრიორიტეტი, დევნილების თემა იქნება, იმ მიწების დაკანონება, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები, წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ვეცდები, მეტი საშუალება მქონდეს, საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის!























