17:34 | 2020-06-22 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მდგომარეობა სულ უფრო დამძიმდა, დამეხმარეთ! – ყოფილი ექიმი დახმარებას ითხოვს

მდგომარეობა სულ უფრო დამძიმდა, დამეხმარეთ! – ყოფილი ექიმი დახმარებას ითხოვს

„მთელ დღეს ნესტიან სარდაფში საწოლზე მიწოლილი ვატარებ. ადგომის თავიც აღარ მაქვს… ვწევარ და განვლილ წლებზე ვფიქრობ.

 

ახლანდელი მდგომარეობა ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო მანადგურებს. ხშირად მიფიქრია რა არის ჩემი ცხოვრება. ვაზროვნებ, მინდა დამოუკიდებლად შევძლო ცხოვრება და რაღაც სასარგებლო გავაკეთო, მაგრამ ჯანმრთელობა ხელს აღარ მიწყობს.

 

დედა ვარ, რომელსაც ერთი შვილი ტრაგიკულად დაეღუპა, მეორე წლები  დაკარგული იყო და ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ღმერთის წყალობით ცოცხალია, მაგრამ იმას იქით სჭირდება დახმარება.“ – ამბობს ლელა თამარაშვილი და თვალზე ცრემლი ადგება.

 

50 წლის ყოფილი ექიმი, რომელიც წლების წინ, ავტოკატასტროფაში მოჰყვა, 4 თვე კომაში იყო. სწორედ მაშინ ინსულტი გადაიტანა და მას შემდეგ მარცხენა კიდურები პარალიზებული აქვს.

 

ძნელად, მაგრამ დამოუკიდებლად გადაადგილებას მაინც ახერხებდა. ბოლო რამდენიმე თვეა საწოლს მიეჯაჭვა, ახლა, სიარულიც აღარ შეუძლია. ამბობს, რომ უსახსრობის გამო საჭირო მედიკამენტებს ვერ იღებს.

 

მისი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა, რომელიც წინასწარ აქვს კრედიტის სახით გამოტანილი და ყოველთვიური შემოსავალი 140 ლარი რჩება.

 

სარგებლობს უფასო სასადილოს სერვისით, დამოუკიდებლად გადაადგილება, რომ აღარ შეუძლია, იქამდე მისვლას ვეღარ ახერხებს, ხშირად მშიერია.

 

„ჩემს ყოფნას არსებობა ჰქვია. რომ ამბობდნენ, ცხოვრება ტკბილიაო, მაშინ ვერ ვხდებოდი. ახლა, ზუსტად მესმის სიკვდილისთვის განწირული ადამიანების, რომლებიც ხავსს ეჭიდებიან და მაინც იბრძვიან გადარჩენისთვის. ახლა, მეც მათ რიგებში ვარ.

 

2020-06-09"ანგარიშზე თანხა აღარ მაქვს... შეშინებული ვარ" - ბერი ანდრიას ფონდი შველას ითხოვს

 

იმედი არასდროს დამიკარგავს, ჩემი ხალასი ხასიათის წყალობით. ცუდის მოლოდინშიც  კარგზე ვფიქრობდი, მაგრამ ბედმა არ დამინდო. ვერაგმა დაავადებამ დედამიწაზე მწარედ დამანარცხა და უსუსური ბავშვით შველას ვითხოვ…

 

ცხოვრების ყველა ეტაპზე ბრძოლა მიწევდა. ამ მდგომარეობაში ვარ და ახლაც ვიბრძვი. მაშინაც ვიბრძოდი, როცა მეუღლეს დავშორდი და მარტოხელა ორი შვილის დედამ საკუთარ ჭერზე ფიქრი დავიწყე.

 

გაჭირვებით, მაგრამ საკუთარი ჭერი მაინც მქონდა. წარმატებულიც ვიყავი ჩემს პროფესიაში და ორ ბიჭუნას ვზრდიდი.

 

ერთ დღესაც ყველაფერი თავზე ჩამომემხო. ჩემი წვალებით ნაშრომი ჭერი და ერთი შვილი დავკარგე. ჩემი ბიჭუნა 12 წლის იყო, როცა მანქანა დაეჯახა… ადგილზე გარდაიცვალა. პირველად, მაშინ ჩემს შვილთან ერთად დავასრულე ცხოვრება.

 

მერე, როცა შედარებით მდგომარეობიდან გამოვედი, მივხდი, რომ ძალები უნდა მომეკრიბა და მეორე შვილისთვის უნდა მიმეხედა… 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ბორჯომიდან თბილისში მოვდიოდი. იმ მანქანას, სადაც მე და კიდევ რამდენიმე მგზავრი იჯდა, ტანკი დაეჯახა. ცოცხალი მხოლოდ მე გადავრჩი.

 

ჩემი ერთადერთი ვაჟი 11 წლის წინ, უკრაინაში სამუშაოდ წავიდა. 2-3 წელი გაუჩინარებული იყო. თავიდან ვფიქრობდი, რომ დაკავებული ჰყავდათ, მაგრამ როგორც მერე გაირკვა, საავადმყოფოში რეაბილიტაციას გადიოდა. ჯარისკაცია და უკრაინის ჯარში მსახურობს.

 

შეიძლება იფიქროთ, შვილი რატომ ვერ ეხმარებაო, მაგრამ მასაც უჭირს, აქეთ არის დასახმარებელი, ცოლ-შვილს ტალონებზე მიღებული პროდუქტებით კვებავს.

 

მე არაფერი მაქვს, იმას რითი დავეხმარო?! პანდემიის დროს, გამგეობამ ერთჯერად პროდუქტები მომიტანა. ვიზოგავ და იმით ვსაზრდოობ, როცა მაკარონი და ბურღულეული გამითავდება, არ ვიცი რითი უნდა ვიარსებო. რაში უნდა მეყოს ჩემი შემოსავალი…

 

ამ ნესტიან სარდაფშიც სამადლოდ ვარ, როდის გამომასახლებენ არ ვიცი… ბოლო რამდენიმე თვეა, ხელი მაქვს შეშუპებული, საწოლიდანაც ვეღარ ვდგები. არის ერთი დაწესებულება, სადაც ბიო-ენერგო მასაჟორით მასაჟებს აკეთებენ.

 

ჩემი დიაგნოზით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. 10 კურსი 400 ლარი ღირს, ექიმებმა მითხრეს, რომ 30 კურსი მჭირდება. მაძლევენ გარანტიას, რომ ფეხზე ისევ დავდგები და დამოუკიდებლად შევძლებ სიარულს.

 

ჩემი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება, დამეხმარეთ კეთილო ადამიანებო! მომეცით შანსი, რომ ვიცოცხლო და ისევ ვნახო ჩემი შვილი.“ – ამბობს ლელა თამარაშვილი.

 

მას ნათესავები აღარ ჰყავს. ერთადერთი დის გარდაცვალების შემდეგ, ახალგაზრდა დისშვილიც სიმსივნით დაეღუპა. მას ახლა საზოგადოების დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება.

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X