
„შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, გიორგი მძინარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორი მათგანი უკვე რეანიმაციაშია მოთავსებული, ხოლო ერთს კვლევა უტარდება.
„სამი ქალბატონია შემოყვანილი კატასტროფის ბრიგადის მიერ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. არის სხეულის მრავლობითი ტრავმული დაზიანებები, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და არასტაბილური ჰეროდინამიკა. ორის მდგომარეობა კრიტიკულია, გადაყვანილნი არიან რეანიმაციაში, ერთთან მიმდინარეობს კვლევა“, – განაცხადა მძინარიშვილმა.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.























