
“ძარცვაზე ეს მართლა საოცარი ფილმი გამახსენდა” – “ფეისბუქზე” წერს გიორგი ნაკაშიძე და დებს 1975 წელს გადაღებული ფილმის – “ძაღლების შუადღე” – აფიშას. მსახიობი პარალელების გავლებას თავს არიდებს და ფილმის ნახვას გვირჩევს.
გიორგი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ადამიანურად ძალიან განიცდის მძევლების მდგომარეობას, თუმცა არსებულმა რეალობამ გაახსენა ფილმი, რომელშიც ალ პაჩინო გამტაცებლის როლშია.

გიორგი ნაკაშიძე: – დედამ მთხოვა ტელევიზორი ჩართეო და უცებ ვუყურებ, როგორ დარბიან ავტომატებით და პისტოლეტებით. ემოციურად და ასოციაციურად გამახსენდა ეს ფილმი. მსახიობს მეტი რა უნდა გაახსენდეს? თუ ჩაერთვები მოვლენაში და ასოციაცია არ მოგივა, ესე იგი – ტაფა ხარ, ხო?
ეს ფილმი უნდა იცოდეთ, რომ მიხვდეთ რაზეა და რატომ გამახსენდა. პაჩინოს გმირი ძალიან ჰუმანური კაცი აღმოჩნდება. იქ მძევლები გამტაცებლის მხარეს გადადიან.
ჩვენს რეალობაში ძალიან მერყევი სიტუაციია. შიგნით ვინც არიან, წარმომიდგენია, რა ცუდად არიან. თუ ისეთი სიუჟეტი განვითარდა, ესე იგი, ზოგჯერ მხატვრული სინამდვილეც ხდება.
ადამიანის სიცოცხლეს ფულში ვერ გაცვლი ვერც ერთისას, ვერც ათისას. რაც ხდება ძალიან სამწუხაროა…
შეგახსენებთ, ამ წუთებშიც გრძელდება სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკში, სადაც მძარცველებს მძევლად 19 ადამიანი ჰყავს აყვანილი. ის 500 ათას დოლარს ითხოვს.
როგორც ადგილიდან “პრაიმტაიმის” ჟურნალისტი იტყობინება, თავდამსხელები 4 ხელყუმბარით, ტანსკსაწინააღმდეგო და ცეცხლსასროლი ირაღით არიან შეირაღებული.






















