
დღეს დილით, 12-წლიანი კომის შემდეგ მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა.
ის 2008 წლის ოქტომბერში დააკავეს და ბრალი თაღლითობაში წაუყენეს. შსს-ს ინფორმაციით, ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, ერთ-ერთი პატიმრის მეუღლისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 17 700 ლარისა და 5 500 აშშ დოლარი თაღლითური გზით მიითვისა.
მომღერალს ბავშვობიდან მოციმციმე არითმია ჰქონდა და ციხეში მოხვედრამდე რამდენჯერმე გაუჩერდა გული. ბოლოს კონცერტზე მოხდა ასეთი შემთხვევა.
„ოპერაცია უნდა გაეკეთებინა თურქეთში, მაგრამ წასვლა ვეღარ მოვახერხეთ, რადგან ერთი კვირით ადრე ჯაბა დაიჭირეს, – ამბობდა ინტერვიუებში ჯაბას დედა, მანანა გვასალია.
– ციხეში, ნერვიულობის ფონზე, მდგომარეობა გაურთულდა. ოთხი თვე იჯდა ციხეში და ამ პერიოდში სულ ცუდად იყო. ხშირად გადაჰყავდათ საავადმყოფოში. ჯაბა არ იყო კარჩაკეტილ ცხოვრებას მიჩვეული და ძალიან განიცდიდა. ყველაფერი გავყიდეთ და ამანაც მძიმედ იმოქმედა. ცუდად რომ გახდა, გვერდით არ ვყავდით და არც საჭირო წამალი ჰქონდათ ციხეში. შაბათი დღე იყო და მისი საავადმყოფოში გადაყვანა დროულად ვერ მოხერხდა. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა“.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯაბა ბოჯგუას ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა მანანა გვასალია ამას ყოველთვის უარყოფდა:
„არავისი მეშინია, ჩემი შვილი სიკვდილის კარსაა და რამე რომ მქონდეს სათქმელი, აუცილებლად ვიტყოდი. ჯაბა არავის უცემია! მას ბოლო წუთამდე ველაპარაკებოდი. ტელეფონი ჰქონდა და კონტაქტი არც ჟურნალისტებთან გაუწყვეტია და არც ამხანაგებთან. რამე რომ მომხდარიყო, ვინმეს ხომ გვეტყოდა? არც ექიმს უთქვამს, რომ ჯაბა ნაცემი იყო. ბოლოს წინა ღამით ველაპარაკე, – კარგად ვერ ვარო, მითხრა. ეს შაბათი იყო. კვირა დილით ტანსაცმლის მისატანად მისულს მითხრეს, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თორემ ციხიდან ამის შესახებ არ უცნობებიათ.
ჯაბა ბოჯგუას დედამ და ადვოკატებმა თხოვნით მიმართეს სასამართლოს და ხელისუფლებას, რომ ვინაიდან პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებული იყო, მისი პატიმრობა გადაევადებინათ და სახლში გაეშვათ, მაგრამ მომღერლის ციხიდან გამოშვება მანამ არ მოხერხდა, ვიდრე ის კომაში არ ჩავარდა. მძიმე ავადმყოფი საკნიდან მხოლოდ კომატოზურ მდგომარეობაში გამოუშვეს.
2008 წლიდან მოყოლებული, კომაში მყოფი ჯაბა ბოჯგუა საწოლს იყო მიჯაჭვული, მაგრამ მაინც პატიმრად მიიჩნეოდა და შეწყალება ვერ მიიღო.
„თუ გამოიღვიძებს და მისი მდგომარეობა გამოსწორდება, ციხეში დააბრუნებენ. სირცხვილია, ასეთ მდგომარეობაშიც რომ არ იწყალებენ. ეს მათთვისაა მადლი, თორემ ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, შეიწყალებენ თუ არა, ჩემი შვილი მაინც სამუდამოდ დასჯილია“. – ამბობდა მანანა გვასალია.
„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა ეკა ბესელიას, რომელიც ჯაბას ციხეში ყოფნის დროს ხშირად აკითხავდა. ეკა მაშინ ადვოკატი გახლდათ:
– ძალიან მეტკინა გული ჯაბას გარდაცვალების გამო. ეს არის ძალიან ტრაგიკული ამბავი და ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ჯაბა იყო საოცრად ლაღი და მხიარული ადამიანი. მე მას ვეხმარებოდი, როცა დაიჭირეს, მქონდა მის ოჯახთან ურთიერთობაც, შემდგომში, მაგრამ ბოლო წლებში ეს კონტაქტი გაწყდა.
სახელმწიფო სისტემა მაშინ არ იყო ჯანსაღი, მოგესხენებათ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ დამძიმდა, ეს ვფიქრობ, რაღაც იქ მომხდარო ამბის შედეგი იყო. დაზუსტებით ვერ გეტყვით, რადგან მას საუბარი აღარ შეეძლო და ვერ მოყვებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ციხეში მოხვედრაც გაუგებრობა იყო და მის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება ჩანდა კიდეც. ჩვენ ერთი რაიონიდან ვართ და განსაკუთრებით განვიცდიდი მის ამბავს. ნამდვილად რაღაც მოხდა ციხეში ისეთი, რაც კავშირში იყო მის ჯანმრთელობის გაუარესებასთან, მაგრამ დეტალები სამწუხაროდ, არ ვიცი.






















