19:02 | 2021-06-24 ავტორი: Prime Time

მძიმე ბრალდება, უფლებების დარღვევა, თუ კრიზისი – ომბუდსმენის ხმაურიანი ანგარიშის შეფასებები

მძიმე ბრალდება, უფლებების დარღვევა, თუ კრიზისი – ომბუდსმენის ხმაურიანი ანგარიშის შეფასებები

23 ივნისს, პარლამენტში, სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მოუსმინეს. ომბუდსმენმა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ყურადღება ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესზე გაამახვილა.

 

მისი განმარტებით, ვაქცინა დეფიციტი, შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევად შეფასდეს.

იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინა დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომელიც ადამიანებს მძიმე დაავადებებისა და სიკვდილიანობისგან იცავს, როდესაც დღეს არ გვაქვს ვაქცინა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევა. ძალიან კრიტიკული ვიქნებოდი ნამდვილად ამ მიმართულებით, – განაცხადა ლომჯარიამ.

 

განცხადებას უსაფუძვლო და მძიმე ბრალდება უწოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

 

„სიცოცხლის უფლების დარღვევის ბრალდება კი შეიძლება წავუყენოთ მაშინ, როდესაც პაციენტს, ანუ დაავადებულ ადამიანს არ მკურნალობენ ან არასწორად მკურნალობენ.

 

ვაქცინაცია არის პრევენციული ღონისძიება. მესმის, რომ პანდემიის ფონზე ეს არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ამ გათვლებით თუ ვიმსჯელებთ, აშშ-ში მოსახლეობის ნახევარზე ცოტა მეტია აცრილი, მაშინ გამოდის, რომ იქ ყოველი მეორე ადამიანი სიცოცხლის უფლებას არის მოკლებული და სახელმწიფოა დამნაშავე?

 

ისრაელი, რომელიც სამაგალითოა და 60% ჰყავს აცრილი ესე იგი 40%-ის შემთხვევაში სიცოცხლის უფლებას არღვევს სახელმწიფო. ეს არასწორია.

 

პრობლემები, რა თქმა უნდა, არსებობს ამ კუთხით და მინდა გითხრათ ქვეყანაში ვაქცინაციის მიმწოდებელ მწარმოებლებთან ურთიერთობაში არის კოვაქს პლატფორმა, ეს არის გლობალური ალიანსი, მაგრამ მათაც ვერ შეძლეს იმ გეგმით სვლა და ქვეყნების უზრუნველყოფა ვაქცინებით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც აღიარა, რომ უსამართლო გადანაწილებას აქვს მსოფლიოში ადგილი. ასე, რომ ეს არის უსამართლო შეფასება“, – მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას, სრულად იზიარებს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ ექსპერტმა განუცხადა, სახელმწიფო მასზე დაკისრებულ ფუნქციას არ ასრულებს.

 

„სახალხო დამცველის პოზიციას მე სრულიად ვეთანხმები. მიხარია, რომ ჩვენთან ასეთი ძლიერი ინსტიტუტია, რომელიც დამოუკიდებლად აკეთებს დასკვნებს, რომელიც ბევრ ჩვენს მოქალაქისთვის, გავლენიანი ადამიანისთვის თუ ხელისუფლებისთვის სასიამოვნო არ არის. იმიტომ, რომ სახალხო დამცველი ძალიან სწორ აქცენტებს აკეთებს.

 

კონკრეტულად, ვაქცინაციის მიმართულებაში სწორი აქცენტები გაკეთდა. როგორ შეიძლება, რომ სახელმწიფო, რომელსაც ევალება მოქალაქის დაცვა, ვერ ასრულებდეს თავის მოვალეობას.

 

ეს არ არის მხოლოდ ერთი ფაქტი. ეს არის ნაკრები… როცა ვაქცინაციის საკითხზე ვლაპარაკობთ აქ, სახელმწიფო ჩამოიშალა. იმიტომ, რომ თავისივე კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. სახელმწიფო თავისზე დაკისრებულ ფუნქციას არ ასრულებს, რომ მოსახლეობა დაიცვას. სრულიად ვეთანხმები სახალხო დამცველის პოზიციას, “- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

 

ირღვევა თუ არა საქართველოში ადამიანთა უფლება, ამ კითხვით ჯანდაცვის სფეროს დამოუკიდებელ ექსპერტს, აკაკი ზოიძეს მივმართეთ. რომელმაც სახალხო დამცველის ამ განცხადებას „რელევანტური“ უწოდა.

 

„მდიდრებმა რომ გიკეთეს ვაქცინა და ღარიბი ქვეყნებისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ზოგადად ესაა უფლებების დარღვავა და მათ შორის, ჩვენს შემთხვევაშიც. შესაბამისად, ვაქცინების შერჩევა, რომლის მიხედვით გეგმა იყო დაწერილი, თავიდანვე ნიშნავდა, რომ გარკვეული დაავადების რიცხვის მქონე ადამიანები მიიღებდნენ შედარებით გვიან ვაქცინას. ეს არსებული რეალობიდან გამომდინარე იყო. ის, რომ დღესდღეობით მსურველი მიწოდებას აჭარბებს, არავისთვისაა გასაკვირი.

 

ის რომ ვაქცინები იმ რაოდენობით არ არის, რამდენიც გვჭირდება, ეს ძალიან დიდი უფლებების დარღვევაა მთელ მსოფლიოში.

 

ადამიანის უფლების დარღვევა, დისკრიმინაცია იქნებოდა, ვაქცინის ხელმისაწვდომობის პირობებში პრივილეგია რომ მიგვეცა ვაქცინირებულებისთვის.

 

ამ შემთხვევაში კი, როდესაც მეც მინდა, რომ ვიყო აცრილი და არ მაქვს ამის საშუალება, „რაღაც პრივილეგიის“ მინიჭება აცრილისთვის, შეიძლება ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციად შეფასდეს.

 

 

დანარჩენი რომ ვაქცინა გვინდა და არ გვაქვს, ძალიან დიდი პრობლემაა. ზოგადად დიდი პრობლემაა ისიც, რომ ადამიანს მკურნალობა უნდა და ამის ფული არ აქვს. ესეც უფლებების დარღვევაა. აშკარა ჭეშმარიტების კონსტანტირებას აზრი არ აქვს“.

 

 

სახალხო დამცველის სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ავტორი: Prime Time

X