
„საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინაში საქართევლოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობა.
„უკრაინელი ხალხი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი. უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი, ვერანაირი ვიწროპოლიტიკური კონიუქტურა.
თუმცა, სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ისევე როგორც ჩემთვის პირადად მიუღებელია ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმების თრევა და პოლიციის ძალით იქიდან გამოყვანა.ესეც ჩემთვის მიუღებელია.
თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის: უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხელ სააკაშვილს, მინისტრთა კაბინეტში თანამდებობა შესთავაზა.
არსებული ინფორმაციით, სააკაშვილს რეფორმების საკითხებში, ვიცე-პრემიერ მინისტრის თანამდებობა შესთავაზეს და ეს საკითხი ამ კვირის ბოლოს გადაწყდება.
ასევე არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რეფორმების გატარებას უზრუნველყოფს.






















