23:22 | 2021-03-08 ავტორი: Prime Time

მძიმე კადრები მარტვილში მომხდარი ინციდენტიდან – სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო ვრცელდება

მძიმე კადრები მარტვილში მომხდარი ინციდენტიდან – სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო ვრცელდება

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის რეზიდენციაში, სადაც შეკრებილი მრევლი მიტროპოლიტ სტეფანესთან და სასულიერო პირების შეხვედრაზე შესვლას ცდილობდა,აივნის ხის მოაჯირი ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვარდა.

 

მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებმაც სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. ცოტა ხნის წინ, გავრცელდა კიდევ ერთი მძიმე ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცვივა ხალხი მეორე სართულიდან.

 

ჟურნალისტების და ოპერატორების ნაწილი ამ წუთებშიც ზუგდიდის რეფერალურ საავდმყოფოში კვლევაზეა,მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

 

ნახეთ ვიდეო

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

 

სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალა.

 

საპატრიარქოს პრესმდივანი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ წუხს, მარტვილში ჟურნალისტების დაზიანების გამო, თუმცა მის თქმით, ჟურნალისტები აივანზე არ უნდა ყოფილიყვნენ.

 

„ეს იყო ეპარქიის რეზიდენციაში, კრების მიმდინარეობისას გარედან შეჭრის მცდელობა. მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს, ეს არის გაუგონარი თავხედობა. ეს უნდა ეხებოდეს ყველა ქართველს, ყველა მართლმდიდებელ მოქალაქეს, ეს არის ფეხქვეშ გათელვა ეკლესიის და სიწმინდის.

 

მიმდინარეობდა კრება, სადაც უნდა ყოფილიყვნენ საულიერო პირები და მოხდა შეჭრა ამ კრებაზე, ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე, ყოველგვარი შეჭრა უნებართვო არის შეჭრა.

 

ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომლებიც დღეს გვიკავშირდებოდნენ. გვიანამდე ვერ გავაკეთეთ განცხადება, გვინდოდა დაზუსტება დეტალების, ხვალ კიდევ უფრო მეტი სიცხადე იქნება ამაში.

 

მრევლის პროტესტი არ ამართლებს რეზიდენციაში შეჭრას. ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ინცინდენტი და დაზიანდნენ იქ ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები. ძალიან სამწუხარო ფაქტია, ვუსურვებ მათ გამოჯანმრთელებას, თუმცა ეს არის ერთი მხარე, მეორე მხარე არის ის რაც ვთქვი.

 

იქ არის აივანი ძალიან ვიწრო იქ საკმაოდ ბევრი ხალხი იყო. არ უნდა ასულიყვნენ საერთოდ ჟურნალისტები. კრება მიდის და ერთი შუშა ჰყოფს აივანს და კრების დარბაზს. იქ არ უნდა ყოფილიყვნენ ჟურნალისტები. როდესაც მეუფე სტეფანეს წარდგინება იყო ქალბატონი ემა ძლივს გავაცილეთ იმ აივნიდან. რომ არ დამორჩილებოდა შესაძლებელია იმდღესაც გადმოცვენილიყო იქიდან ხალხი, ისეთი ჟინით უნდოდა იქ დგომა უნებართვოდ”, – აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X