00:22 | 2020-11-13 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„მძიმე მდგომარეობაა, ოთხი უკვე დავასაფლავეთ“ – Covid-19 მოხუცთა თავშესაფარში

„მძიმე მდგომარეობაა, ოთხი უკვე დავასაფლავეთ“ – Covid-19 მოხუცთა თავშესაფარში

პანდემია გავრცელდა და მკაცრად კონტროლირებად პანსიონატშიც შეაღწია. ამ დაწესებულების ხელმძღვანელი, დარეჯან თომაძე უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომებს უმკაცრესად იცავდა, პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი პანდემიის გავრცელების პრევენციული თითოეული წესი თუ რეგულაცია. უფრთხილდებოდა თითოეულ თანამშრომელს და მოხუცს…

 

თბილისის ხანდაზმული პანსიონატში კორონავირუსი დაფიქსირდა. ინფიცირებულები არიან მოხუცები და თანამშრომლები.

 

“პრაიმტაიმი” ერთ-ერთ თანამშრომელს ესაუბრა, რომლის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო არ ვაკონკრეტებთ.

 

მისი ინფორმაციით, ვითარება მძიმეა. უკვე, დაწესებულებაში მცხოვრები ოთხი მოხუცი გარდაიცვალა, მძიმეა ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

როგორც ამბობენ, ვირუსი ერთი ბენეფიციარისგან გავრცელდა, რომელიც წესებს არ ემორჩილებოდა და ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებოდა… ამან მოხუცების თანამშრომელთაინფიცირება გამოიწვია. მძიმეა თავად პანსიონატის დირექტორის, დარეჯან თომაძის მდგომარეობა, ის რატიანის კლინიკაში მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

 

“ერთ-ერთი ბენეფიციარი არანაირ წესს არ ემორჩილებოდა და თავისუფლად გადაადგილდებოდა. მისგან გავრცელდა პანსიონატში ვირუსი. ისეთ მდგომარეობაში ვართ, დღეში ორ მიცვალებულს ვასაფლავებთ. უმძიმეს მდგომარეობაშია ორი მოხუცი, ისინი კლინიკაში იმყოფებიან. ოთხი უკვე დავასაფლავეთ.

 

თანამშრომლებიც ინფიცირებულები არიან, მხოლოდ სამი ვართ ჯანმრთელად და ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ. მძიმედ არის პანსიონატის დირექტორი, დარეჯან თომაძე, ის მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. უმძიმესია ვითარება, რა ვქნათ, აღარ ვიცით”. – ამბობს თანამშრომელი.

 

“პრაიმტაიმი” დარეჯან თომაძეს პანდემიის საწყის ეტაპზე ესაუბრა. საქართველოში პირველი შემთხვევის დაფიქსირების თანავე, მან კარანტინი გამოაცხადა და უსაფრთხოების ყველა წესს იცავდა. როცა პირბადეების დეფიციტი იყო, თანამშრომლებთან ერთად თითოეულისთვის კერავდა…

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში კარანტინი გამოცხადდა – ბენეფიციარებს გარეთ გასვლა შეეზღუდათ

 

მომხდარზე კომენტარისთვის სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დავუკავშირდით, მაგრამ ამ დრომდე უწყება კომენტარისგან თავს იკავებს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X