
სამართალდამცავ ირაკლი ცომაიას, რომელიც ლისის გზაზე პატრულის ავტომანქანით ქვეითად მოსიარულე 12 წლის ბავშვს დაეჯახა, ბრალს დღეს წარუდგენენ.
მისი უფლებადამცველი გიორგი ყავლაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ პოლიციელი ფსიქოლოგიურად ცუდ მდგომარეობაშია და მომხდარს განიცდის.
„ბრალს დღეს წარუდგენენ, ძალიან განიცდის მომხდარს. ბევრ დეტალზე არ გვისაუბრია, მითხრა: როგორ გაჩნდა ბავშვი ჩემს წინ ვერაფრით ვერ ვიხსენებო.
რაც შეეხება სიჩქარის გადაჭარბებაზე საუბარს, გამოძახება არ ყოფილა და გადაჭარბებული სიჩქარით არ მიდიოდა. ამ დეტალსაც დავაზუსტებ დღეს რა სიჩქარით მოძრაობდა საპატრულო ეკიპაჟი“, – ამბობს პოლიციელის უფლება დამცველი.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა, რა დროსაც, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.























