
“ძნელი წარმოსადგენი იყო თბილისი გიოს გარეშე, დღეს ირაკლიც მას შეუერთდა იმქვეყნიურ საქართვლოში. წავიდა და წაიღო დიდი სიყვარული, სითბო, სიკეთე, სილაღე. მძიმე მდგომარეობაში მყოფს სხვებზე მზრუნველობა არ ავიწყდებოდა. კოვიდით ავადმყოფობის დროს, ჩვეული იუმორით მომიკითხა – ხომ იცი, რამე თუ საჭირო გახდა მყისიერად მანდ გავაჩენო:).
ვუსამძიმრებ ირაკლის ოჯახს, ახლობლებს, დიდ სამეგობროს,
ღმერთმა გაანთლოს მისი სული!” – “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი.
ირაკლი ჭანტურიას მხოლოდ ერთი ფილმით თუ გავიხსენებთ – ქეთი დოლიძის “სანამ წვიმა გადაივლიდეს”. დოლიძემ 1984 წელს ფილმი ლაშა თაბუკაშვილის “ძველი ვალსის” მიხედვით გადაიღო.
დრამატურგი მიიჩნევს, რომ ის, რომ ირაკლისგან მხოლოდ ერთადერთი ნამუშევარი დაგვრჩა, მისივე ბრალია. ქარიზმატული ირაკლი, თავისი ნიჭის დემონსტრირებას, მხოლოდ სამეგობრო წრეებში ახდენდა და არასდროს მოუნდომებია, რომ ამისთვის სხვა რაიმე ფორმა მიეცა.
ლაშა თაბუკაშვილი “პრაიმტაიმთან იხსენებს, თუ როგორ უყვარდა მედეა ჯაფარიძეს მისი “ეკრანული შვილი”, როგორ ედგა გვერდში ირაკლი მძიმე სენით დაავადებულ მეგობარს – გიო ხუციშვილს (ამ ფილმიც მეგობრებს თამაშობენ) და ბოლოს, იგივე სენით დაავადებულმა თავადაც ხელმეორედ როგორ გაიარა ეს მძიმე გზა…
ლაშა თაბუკაშვილი: – ირაკლის წასვლა ისეთი დაარტყმაა ჩემთვის, არც კი ვიცი, რა ვთქვა. ეს არ იყო ჩემთვის ჩვეულებრივი შემთხვევა, ვიღაც მოგწონს, გიყვარს და წავიდა. სულ ყმაწვილური ასაკიდან – ირაკლი, გიო ხუციშვილი, დათო გომართელი, ისე ჩავიხუტე ეს ბიჭები… გიოს შემდეგ დღეს ირაკლიც წავიდა… განსაკუთრებულები იყვნენ…

ირაკლი უნიკალური ნიჭით შემკული ბიჭი იყო. იუმორი, სიმღერა, ყველაფერში ელეგანტური და განსაკუთრებული იყო. არავის არ ჰგავდა.
საკუთარ ნიჭს რომ ვერ აფასებ, ქართულ ხასიათშია. სიმღერა, პერფომანსი, იმპროვიზაციის უნარი, ყოველდღიურ ბოჰემაში იხარჯებოდა და არა პრაგმატულად და პრაქტიკულად, თუნდაც მატერიალური სტატუსისთვის… მას ეს არ აინტერესებდა.

ეს ბიჭი ნებისმიერი მიმართულებით დიდ წარმატებას მიაღწევდა. მისი ნიჭი ბუნების საჩუქარი იყო. ამით მხოლოდ ვიწრო წრე დავტკბით. მასთან ერთად დროის გატარება ფუფუნება იყო. ეს ბიჭები სხვადასხვა თაობის ხალხისთვის უსაყვარლესი ადამიანები იყვნენ.
საქართველოში სიმღერით ვის გააკვირვებ. ხომ ამდენი მომღერალია, არა? მაგრამ ირაკლისავით ერთეულები მღერიან. უნიკალური იყო. ან რა ხმა, ან სიმღერის როგორი შეგრძნება ჰქონდა. ყველაფერს გრძნობით და გულით აკეთებდა. იუმორით და ლამაზი ავანტიურისტული მიდგომით… თან ნაკითხი იყო. ან რა გასაკვირია ტარიელ ჭანტურიას ოჯახში ნაკითხი რომ გაზრდილიყო?! ისეთი სარკაზმი ჰქონდა, რომელიც კი არ შეურაცხყოფდა ადამიანს, პირიქით, მისი ხუმრობა სიამოვნებდათ. როგორც ფილოლოგი და მწერალი, სიტყვის კონტექსტს ისე გრძნობდა. თითქოს ეს პატარ-პატარა ბიჭები და ამავდროულად უზარმაზარი პიროვნული ნიჭი ჰქონდა… მაგრამ ამ ჩემი ფილმის გარდა არაფერი არ დარჩა ირაკლიზე.
პიესა “ძველი ვალსი” 25 წლისამ დავწერე, მარჯანიშვილში დაიდგა. და ამ დადგმიდან ხუთი-შვიდი წლის შემდეგ ქეთი დოლიძემ ფილმად გადაიღო.
ქეთის იდეა იყო, რომ ირაკლი გიას როლზე დაემტკიცებინა. ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ ირაკლი მსახიობად ვერ წარმომედგინა. მშვენივრად გაართვა თავი. თამაში და თამაშის მცდელობა არ ეტყობა. ძალიან ბუნებრივია. პრაქტიკულად თავისი თავი ითამაშა, თვალებში ჩაბუდებული სევდით.
ამ ფილმის შემდეგ დედაჩემის შვილობილს ეძახდნენ. ისე უყვარდა მედეას, მე საეჭვიანოდ მქონდა საქმე. ჩვენს სახლში რომ მოდიოდა სტუმრად, ირაკლი სტუმრებს შორის ფავორიტი იყო.

მინდა ირაკლის ერთი თვისება აღვნიშნო. თავის ძმაკაცს, გიო ხუციშვილს თან გადაყვა. სამკურნალოდ წასულს ყველგან დაჰყვებოდა, ისრაელშიც თან ახლდა. ბატონი ბიძინა ეხმარებოდა გიოსაც და ბოლოს ირაკლისაც…
ირაკლის ამ მძიმე სენით მეორედ მოუწია იგივე კოშმარის გავლა, რაც თავის ძმაკაცთან ერთად გაიარა. წარმოგიდგენიათ, რა დარტყმაა! არასდროს დაუწუწუნია. მე ბოლო ხანებში არ მინახავს, ორი თვის წინ გავიგე, რომ ასე ცუდად იყო. ქართველ კაცს არ უყვარს თავისი გასაჭირის ყვავივით შემოჩხავლება. ყველა ერიდებოდა ამ თემაზე ლაპარაკს. და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ირაკლი აღარ არის.

ირაკლი ჭანტურია გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში, გუშინ, 18 აპრილს, მძიმე სენთან ბრძოლის შემდეგ, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.






















