
13 ივნისის ტრაგედიას ზუგდიდელი მარიამ ქუთელიას სიცოცხლე შეეწირა.
მისი ოჯახისთვის და განსაკუთრებით მარიამის ერთადერთი დისთვის მტკივნეულია ეს დღე.
„28 წლის წინ მე დავიბადე. 6 წლის წინ ორ ნაწილად გავყავი ჩემი ცხოვრება. მარიამს უყვარდა ჩემი დაბადების დღე და უნდოდა, ერთხელაც ამ დღეს ლონდონში გავეშვი. საშინლად არ მომწონს, რომ 13 ივნისს მაქვს დაბადების დღე და მძულს ეს თარიღი, თუმცა ვიხსენებ იმასაც, რომ იმ დღეს 00:00-ზე ვისაუბრეთ უკანასკნელად და ჯერაც ერთ სივრცეში ვიყავით.
წლების წინ ასე მომწერა ერთმა ჩვენმა ძალიან ძვირფასმა მეგობარმა (მაპატიე, რომ უნებართვოდ ვაქვეყნებ ): „შენ სკივრი ხარ, რომელიც ვერ იქნებოდა, რომ არ გაჩენილიყო. და ერთხელ გაჩნდი. და სულ არ მეუხერხულება ალმების აფრიალება ამ დღეს. ნახევარი შენია, ნახევარი ამ სამყაროს ბნელი მხარის. ყოველთვის ყველაფერი ასე იყო გაყოფილი. გიხუტებ და გეფერები”.
ჰოდა, ასე იყოს – ჩამეხუტეთ და მომეფერეთ ველი თქვენს მოლოცვებს და კეთილ სურვილებს, მადლიერი ვიქნები. მარიამზე გულისტკივილის გაზიარებაც ნუ მოგერიდებათ. მეტად ვართ კიდეც ერთმანეთთან დაკავშირებული ამ დღეს – ალბათ, ორივენი ერთად და ურთიერთგანუყრელად გახსენდებით.”,-წერს ლიკა ქუთელია.
13 ივნისს თბილისის წყალდიდობის დროს დაღუპული ზუგდიდელის მარიამ ქუთელიას ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს.
2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. გარდაცვლილთა შორის სამეგრელოდან 3 ახალგაზრდა იყო. მარიამ ქუთელია ზუგდიდიდან, ლიზი და ინდირა ზარანდიები ხობიდან.
ავტორი: თეა შონია























