22:41 | 2021-07-03 ავტორი: Prime Time

რითი ჰგავს „ფაიზერი“ მერსედესის ბოლო მოდელს – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

რითი ჰგავს „ფაიზერი“ მერსედესის ბოლო მოდელს – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირეტქორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში შემოტანილ ყველა ვაქცინას თავისი მსურველი გამოუჩნდება.

 

მისივე თქმით, შეუძლებელია ყველა „ფაიზერით” აიცრას და ეს იგივე იქნებოდა ყველას „მერსედესის“ ბოლო გამოშვება მოენდომებინა.

 

„ყველას გამოუჩნდება თავისი მსურველი. მე არ ვფიქრობ, რომ ჩინურ ვაქცინას შესაძლოა, ცოტა ნაკლები მსურველი ეყოლოს, ვიდრე „ფაიზერს“. ჩინური ვაქცინა უფრო უსაფრთხოა. ასეთი ინფორმაცია არსებობს. ის საკმარისად ეფექტურია, იცავს მძიმე და სასიკვდილო ფორმებიდან და საბოლოო ჯამში, როცა წლები გავა და ვაქცინები შეფასდება, ჯერ კიდევ არავინ იცის, როგორ დალაგდება მათი რეიტინგი, რომელი ვაქცინა იქნება უფრო ეფექტური. გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ძალიან გამაღიზიანებელია, როცა „ფეისბუქზე“ ადამიანები, რომლებსაც ხელი არ გაუნძრევიათ იმისთვის, რომ გამკლავებოდნენ ამ პანდემიას; ხელი არ შეუშველებიათ ჯანდაცვისთვის ან ქვეყნის საზოგადოებისთვის, რომ ეს ვაქცინები მიგვეღო, გამოდიან და უაპელაციოდ აცხადებენ, მე ავიცრი მხოლოდ „ფაიზერით“, სხვა ვაქცინა არ მინდაო.

 

მე აუცილებლად „ფაიზერი“ მინდა – ეს მაგონებს, საქართველოს მოქალაქეები რომ გამოვიდნენ და თქვან, ყველას გვინდა თითო ავტომობილი და აუცილებლად „მერსედესის“ ბოლო გამოშვებაო. ეს ხომ არარეალურია, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ყველას უნდა „მერსედესის“ ბოლო გამოშვება, ყველას ურჩევნია, მაგრამ თვით გერმანიაშიც, სადაც „მერსედესის“ ქარხანაა და რომელიც უმდიდრესი სახელმწიფოა ევროპაში, ვერ აძლევს ყველა თავს უფლებას, „მერსედესის“ ბოლო მარკის მანქანით იაროს. ამიტომ რეალისტები უნდა ვიყოთ და გამოვიყენოთ ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია და რომელიც ასევე საკმარისად უზრუნველყოფს ჩვენი სიცოცხლის დაცვას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს თენგიზ ცერცვაძემ.

 

ასევე ნახეთ: „ამ ბოლო დროს გავხდი აქტივისტი და ლგბტქ თემის მხარდამჭერი” – ირმა სოხაძე

ავტორი: Prime Time

X