
დღეს ჩვენი საამაყო ფილმების რეჟისორი – ელდარ შენგელაია 88 წლის გახდა. სიკეთით, იუმორით, ირონიით, მზით გამთბარი კინოშედევრები კიდევ მრავალი წელი იქნება აქტუალური, ყავლგაუსვლელი და მნიშვნელოვანი სათქმელით დახუნძლული.
დღემდე ფილმების გადაღებით არის შეპყრობილი, ჭეშმარიტი “კინოშნიკია”, უასაკო და სათქმელამოუწურავი. მერე რა, რომ მასაც კი უჭირს დაფინანსების მოპოვება, მას – “შერეკილების”, “არაჩვეულებრივი გამოფენის” და “ცისფერი მთების” რეჟისორს. მაგრამ “ვერტიკალური და ბრუნვადი სიყვარულის” საიდუმლოს მცოდნე, 88 წლის ასაკში მაინც ახერხებს ფილმების გადაღებას.
როგორც მისი მეუღლე, ნელი შენგელაია “პრაიმტაიმთან” საუბრისას ამბობს, მისი ბოლო ფილმები სულიერია და ცაშია. კეთილშობილი რეჟისორის საბოლოო ტრანსფორმაცია მისი ცხოვრების ტრაგედიამ განაპირობა და ის, რომ ელდარი შურს, ბოროტებას, ღვარძლს და ბოღმას საერთოდ არ ცნობს, მისი მეუღლის აზრით, მისი მშობლებიდან მოდის.
ნელი შენგელაია: – უყვარს თავისი დაბადების დღე, უნდოდა შვილებისა და შვილიშვილების შეკრება, მაგრამ შეუძლოდ გახდა, სურდო დაემართა, სიცხეც ჰქონდა. დღეს აღარ აქვს სიცხე, თუმცა სტუმრები აღარ მოვლენ. პატარა დაბადების დღეს გაზაფხულისთვის გადავიტანთ.
რა ვთქვა, არაჩვეულებრივი ადამიანია. შემოქმედი ძალიან რთულია, თავისებურებებით აღსავსე. ეს ნიჭი, ვფიქრობ, გადახრაა. ზოგადად მამაკაცია რთული და მით უმეტეს – ხელოვანი. მაგრამ ელდარი კეთილშობილი და სიკეთით სავსე ადამიანია. და ის ამით თავის “პოხონდრიებს” ფარავს. ყველა უყვარს. მისთვის არაკეთილმოსურნეს მიმართაც კი არ არის ცუდად განწყობილი.
ამბობენ, რომ დედამისი იყო ძალიან კარგი ადამიანი, მშვიდი და კეთილი. მამამისიც ყველას ეხმარებოდა… მეც კეთილი ადამიანი ვარ, მაგრამ არიან ვიღაცები, ვინც არ მიყვარს, არ მინდა მისალმება. ელდარისთვის მსგავსი რამ არ არსებობს. ვიღაცამ თუ უმტრო, ამას არც აღიქვამს ცუდად. თავიდანვე ასეთი იყო, მაგრამ ჩვენი ტრაგედიის შემდეგ თითქოს ზემოთ აიწია. შეიცვალა, რეალობისგან ზემოთ დადგა. გახდა სულიერი. მისი ბოლო ფილმებიც სულიერია და სულ ცაშია…
– მაინც რა “პოხონდრიები” აქვს?
– ხან რა და ხან – რა. უფრო ახალგაზრდობაში ჰქონდა. ძალიან ჯიუტი კაცია. ახლაც იმიტომ გაცივდა, რომ ჯიუტია.
– დღემდე ფილმებს იღებს, არ ისვენებს. როგორია ახლა?
– რას ისვენებს. ფულს აღარ აძლევენ, მაგრამ მაინც. ელდარის მსგავს რეჟისორს უნდოდეს ფილმის გადაღება და ფულს არ აძლევდე, რომ თითქოს ამდენიც არ დაიმსახურა, ალბათ, მხოლოდ აქ ხდება. ბოლო ფილმის გადაღება თემურ ჭყონიას ახალმა კომპანიამ “მთის წყალმა” დააფინანსა, პოსტფროდაქშენში ფინანსურად კულტურის სამინისტრო დაგვეხმარება. კინოცენტრმა, რომელიც თვითონ გააკეთა, სამჯერ თქვეს უარი მისი ფილმების დაფინანსებაზე. ელდარი ხუმრობს, სამგზის ოროსანი ვარო.

ნიკუშა შენგელაია: – ელდარი არ შეცვლილა, როგორიც იყო, ისეთივეა ახლაც. საუკეთესო ბიძაა, თბილი და ყურადღებიანი. ძალიან კაცთმოყვარე და მეგობრულია. მხიარულება და ურთიერთობები უყვარდა ყოველთვის. ოჯახური სიყვარული და მეგობრები, ელდარისთვის და გიორგისთვის, ბევრს ნიშნავდა. ადრეულ ასაკში დაობლდნენ და ეს ურთიერთობები და გრძნობები, ახლობლების მიმართ, მოჭარბებულად ჰქონდათ.
მოუსვენარია ამ ასაკშიც. მოკლემეტრაჟიანი ფილმების ტრილოგიას აკეთებს. მეორე ფილმი გიორგის, თავის ძმას უძღვნა. ემოციური ფილმი გამოვიდა. კახეთში ორი პიროვნების ურთიერთობაზეა. სამუშაო ვერსია ვნახე. პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ, რომ მალე დაასრულოს ეს ფილმი.
ყველა ფილმი მიყვარს, მაგრამ “არაჩვეულებრივი გამოფენა” ჩემთვის შედევრია.
შემოქმედ ადამიანს ასაკი არ აქვს. ძმებს, არც ერთს არ შეეძლო ფილმის გარეშე. რაც კი რამ კარგი მაქვს, მათგან მაქვს ნასწავლი. სიკეთის კეთების უნარი, საქმის კეთების უშრეტი ენერგია, ქვეყნის და ხალხის სიყვარული – ეს მათგან ვისწავლე. ასეთი ადამიანების გვერდით მიწევდა ყოფნა.
იმედა კახიანი: – დღეს ელდარი აპირებდა, ერთი-ორი კაცი დავსხდეთო… ღვინოს ვერც ერთი ვერ ვსვამთ, მაგრამ ერთად ყოფნა გვინდოდა. მაგრამ გუშინწინ შეუძლოდ შეიქნა და აპრილისთვის გადაგვიდო ეს ამბავი. აპრილში ნელიზე ქორწინების 40 წელი უსრულდება და მაშინ აღვნიშნავ ქორწინების წელსაც და დაბადების დღესაცო. აღვნიშნავო.
ელდარი ისეთი ენერგიით სავსეა, 88 წელი არ ეყოფა. მე დამაბერა (მასზე ხუთი წლით უმცროსი ვარ), წვერი მოუშვი, მღვდელი უნდა გათამაშოო და ვარ გიჟივით გაბურძგნული ამ წვერებში. თვითონ ჩემზე ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება. სპეციალურად აკეთებს, რომ მე “დამაუშნოვოს”.
60 წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. მეგობრობა, რომელიც ასეთი სუფთაა და სიყვარულზეა დამყარებული, აუწონავია.
მე ვითამაშე ელდარის ორ დიდ ფილმში: “თეთრ ქარავანში” და “სამანიშვილის დედინაცვალში”. მსახიობზე იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც ისეთ დიდ რეჟისორთან ითამაშებს, როგორიც ელდარია. ენდობი, ხედავ, რა უნდა და მან ეს ზუსტად იცის. იცი, რომ უნდა დაუჯერო, მიჰყვე და სწორ გზაზე გაგიყვანს.
ელდარის იმედი მაქვს. გაოცდებით ისე აზროვნებს. მართალია ასაკის გამო ის მოძრაობა და სისწრაფე აღარ არის, მაგრამ ისეთი ფანტაზია აქვს და ისე ახალგაზრდულად ფიქრობს, არ დაიწუნება.























