
“ვისაც ნაცებიც ამოგვივიდა ყელში, ქოცებიც და კიდევ ვიღაცები, როდის უნდა შევიკრიბოთ!..” – სოციალურ ქსელში წერს მამა პეტრე კოლხი.
როგორც სასულიერო პირი ჩვენთან საუბარში ამბობს, ის მესამე პროგრესული ძალის მოლოდინშია, რომელსაც გვერდში დაუდგება. ხმაურიანი განცხადებებით ცნობილი დეკანოზი, არც პოლიტიკაში მოსვლას გამორიცხავს.
მამა პეტრე კოლხი: – ეს ორი პოლიტიკური მიმდინარეობა ძალიან დამღლელია. ორივე ერთმანეთის იმედად არსებობს. ასე მგონია, ერთი-მეორის გარეშე ვერ იარსებებს. ერთმანეთს კვებავენ. ერთმანეთი სჭირდებათ.
იმდენად ყელშია ეს ყველაფერი ამოსული, მოთმინების ფიალა შეიძლება მალე გადაივსოს და ჩვენც მოგვინდეს ჩვენი პოზიციის ხმამაღლა და მკაფიოდ დაფიქსირება. ეს მუხტი, საზოგადოების დიდ ნაწილში, პროტესტის სახით არის დაგროვილი.
ეს არის ყველაზე პროგრესული ფრთა, რომელსაც მართლაც გული შესტკივა თავის ქვეყანაზე, ეკლესიაზე და ის არც ნაცების გვერდით დადგება და არც – ქოცების. მესამე ძალის მოლოდინშია, რომელიც ერის წიაღში გამოიღვიძებს და ინტიუციურად მიხვდება, რომ მისი სიტყვის თქმის დროა მოსული. აი, სწორედ ასეთ ნაწილს შევუერთდები. არასდროს არ გავითვალისწინებ იმ პოზიციას, რომ სასულიერო პირი ვარ და პოლიტიკაში რატომ ვერევი.
ყველაფერი პოლიტიკაა და მათ შორის რელიგიაც. უწიგნურები ბევრს ნუ ლაპარაკობენ. რომ არა პოლიტიკა და რომ არა საქართველოზე ბიზანტიის პოლიტიკური გავლენა, ჩვენ ირანის ქვეშ ვიქნებოდით დღესაც. ბიზანტიის პოლიტიკურმა უპირატესობამ და ჰეგემონობამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოეცხადებინა.
მე გავალ იმ მიტინგზე, რომელსაც მე წარვმართავ.
ხალხი სამართლიანობას ითხოვს. უნდა დამთავრდეს ძველზე საუბარი. თუ პირველი ცხრა წელი ცოცხებით აუპატიურებდნენ, შემდეგი ცხრა – ცოცხებზე საუბარს გადააყოლეს, თუ როგორ გვაუპატიურებდნენ ცოცხით. ჯამი არა და არ იცვლება.
ადრე სასულიერო პირებს ლოგინებში მაინც არ უვარდებოდნენ. ყელში ამოვიდა! დღეს მე მორალურად მაუპატიურებენ.
– მამაო, თამამ განცხადებებს არასდროს ერიდებით და ბარემ აქვე გვითხარით, პოლიტიკოსობაზე ხომ არ გიფიქრიათ?
– ჩემი ერთი პროფესია, უნივერსიტეტიდან, პოლიტოლოგიაა. არ გამოვრიცხავ. ნამდვილად არაფერს გამოვრიცხავ.
ჩემთვის მომგებიანი არასდროს არის არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. არსებობს მესამე გზა და მე მის ძიებაში ვარ.























