
ჟურნალისტი ნინო თოლორდავა ქართული ტელეეკრანის გამორჩეული სახეა. კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების დროს, ის ერთ-ერთი ტელესახე იყო, რომელსაც აქტიურ რეჟიმში უწევდა მუშაობა და უწყვეტ რეჟიმში ეთერში იყო.
„პრაიმტაიმმა“ „ტელეიმედის“ სახესთან და „ქრონიკის“ წამყვანთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
– ნინო, როგორ მუშაობდით პანდემიის დროს და როგორ ახერხებდით უსაფრთხოების ნორმების დაცვას?
-დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, გაცემულ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით კარგად ვიცავდი. „იმედში“ ჟურნალისტები სამ კლასტერად ვიყავით დაყოფილები, ორი კვირა ვისვენებდი, ერთი კვირა კი დილის 11 საათიდან, საათში ერთხელ ვიყავი ეთერში.

არხზეც სრულად იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები, გავდიოდით დეზობარიერს, ტარდებოდა ხშირი სადეზინფექციო სამუშაოები და ა.შ.
ის ორი კვირა, როცა სახლში ვიყავი, არც გარეთ გავდიოდით და სხვასაც არ ვიღებდით სტუმრად. სახლში ჩაკეტილები ვიყავით მე და ჩემი ქმარი.
ჩემს შვილსაც კი არ ვნახულობდი, რადგან სწორედ იმ პერიოდში, ესპანეთიდან ჩამოვიდა მისი შვილის მეგობარი, რომელსაც ამიკო შეხვდა და ისიც კი დისტანციურად მოვათავსეთ. მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად არის. მინიმუმამდე შევამცირეთ მშობლებთან და ოჯახის ხანდაზმულ წევრებთან ურთიერთობაც.
– რთული იყო ფორს-მაჟორში მუშაობა?
– ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მიჩვეული ვარ ფორს-მაჟორში მუშაობას. უფრო რთული ფორს-მაჟორიც მქონია ცხოვრებაში, ყოფილა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე დღე, გადაბმულად ვმუშაობდი.
მოგეხსენებათ, სამი წელი თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი და ცოტა გადაჩვეული ვიყავი, ასეთ რიტმში მუშაობას, მაგრამ არ გამიჭირდა.
ასეთ რეჟიმში მუშაობა საჭიროა, სულ სხვა ეფექტი აქვს და უფრო მეტად შეიგრძნობ ამ პროფესიის სიკეთეებს.
– თავდაცვის სამინისტროდან ტელევიზიაში ნოსტალგიის გამო დაბრუნდით?
– ტელევიზია მიყვარს ძალიან, 2008 წელს მოვიწამლე. როცა მივედი, მითხრეს კიდეც, თეატრივით არის ტელევიზია, თუ მოიწამლე აქედან ვეღარ გახვალო. გნუსხავს ეს სფერო და რთულად შეძლებ მასზე უარის თქმას და სხვაგან გადასვლას.
თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დროს, ტელევიზიის ნოსტალგია მქონდა. აუცილებელი იყო, ტელევიზორი მუდმივად ჩართული გვქონოდა, მაგრამ ნოსტალგიის გამო, სიამოვნებით ვერ ვუყურებდი.
– ნინო, ერთი შვილი გყავთ – ამიკო ხაზალია, რომელსაც წარმატებული საკალათბურთო კარიერა აქვს და დიდი მომავალი, უფრო ვრცლად გვიამბეთ მის შესახებ…
– ამიკო არის კალათბურთელი, ამერიკაში დაამთავრა high school, შემდეგ ჩააბარა კოლეჯში, თამაშობდა ამერიკის გუნდშიც და კოლეჯის გუნდშიც, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, დაბრუნდა საქართველოში და აღარ უნდა ამერიკაში წასვლა.
თვლის, რომ ამ ეტაპზე მისი კარიერისთვის ევროპა ჯობია. ელოდება რამდენიმე შემოთავაზებას, ევროპის კარგი გუდნებისგან. ასე, რომ ამ ეტაპზე ტურბულენტურ ზონაში ვართ. ამიკოსთან დაკავშირებით აქამდე ყველაფერი ისე ლაგდებოდა, წინასწარ ვიცოდით, ახლა ცოტა გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ, ცალკე უნივერსიტეტი, ცალკე კალათბურთი, ბელგიაში წავა, ესპანეთში თუ სხვაგან ჯერჯერობით არ ვიცით.
ახლა კორონავირუსის გამო, ნაკრებში ვერ ვარჯიშობს, მაგრამ როგორც სამსახურში დადიან ადამიანები, ზუსტად ასე, დღეში ორჯერ ვარჯიშობს, ქალაქიდანაც კი ვერ გადის, აგარაკზეც ვერ მოდის.
ემზადება სექტემბრისთვის და იმედი მაქვს, მისი კარიერა სხვა ეტაპზე გადავა.
– ძალიან პატარა ასაკში გაუშვით ამერიკაში ამიკო, არ გაგიჭირდათ?
– ამიკო ჩემთვის ერთადერთი შვილია და გამიჭირდა ერთი შვილის ამერიკაში გაშვება. წელიწადში ორჯერ ვხედავდი ორ-ორი კვირით.
ძალიან გამიჭირდა, კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, 9 მთას იქეთ გამეშვა და მე მის გარეშე დავრცენილიყავი. როცა დავფიქრდი, ჩავთვალე, ეს საჭირო იყო მისი კარიერისთვის და გავუშვი.
სულ სხვანაირი დაბრუნდა ამერიკიდან და კმაყოფილი ვარ ამ არჩევანით. ტრანსფორმირებული, დამოუკიდებელი და სულ სხვანაირი ამიკო ჩამოვიდა.
– ნინო რამდენიმე წლის წინ, დაქორწინდით, გაგვაცანით თქვენი მეუღლე…
– ჩემი მეუღლე არის გიორგი დავითაია – ბიზნესმენი. მეტს არაფერს ვიტყვი. ეს არსად არ მილაპარაკია, ერთმანეთი გავიცანით საერთო მეგობრისგან და მალევე მივიღეთ დაქორწინების გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ორივე განქორწინებული ვიყავით.
ჩვენი ოჯახი სიყვარულზე და სანდოობაზე დგას. სიყვარულია ოჯახის მთავარი ამოსავალი. ღმერთს ვეუბნები მადლობას რომ ჩემს ოჯახში დიდი სიყვარულია, სანდოობაში კი, იმას ვგულისხმობ, რომ მე მასთან თავს დაცულად ვგრძნობ.

– როგორ აფასებს თქვენს საქმეს?
– ძალიან გულშემატკივრობს ჩემს საქმეს, ჩემი პირველი კრიტიკოსია. აქამდე ამიკო იყო ჩემი კრიტიკოსი.
პატარა იყო მაშინ და უფრო ვიზუალზე აკეთებდა აქცენტს, რაც გაიზარდა აღარ არის ჩემი კრიტიკოსი, არც კი ვიცი ტელევიზორს უყურებს თუ არა.
გიორგი ყველა ეთერს უყურებს, იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრაზეა, ბუნებრივია ლაივს ვერ ჩართავს, ამიტომ საიტზე შედის და შემდეგ მიზიარებს თავის აზრს.
ფანტასტიური გემოვნება აქვს, ჩაცმის თემაც კარგად ესმის და თვალდახუჭული ვენდობი. ამდენი წელია ტელევიზიაში ვმუშაობ და კარგად ვიცი, როგორი უნდა იყოს სატელევიზიო ჩაცმულობა, მაგრამ უცბად შეიძლება რაღაც გამეპაროს და გიორგი აუცილებლად ამჩნევს ამას.
კრიტიკულად მიყურებს ყოველთვის და თუ მეტყვის, რომ კარგია, ე.ი. ძალიან კარგი იყო.
– სიურპრიზებით ხშირად განებივრებთ?
– არ არსებობს რამის ყიდვა უნდოდეს და წინასწარ მითხრას. წავა, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას და მიყიდის. მანებივრებს ამ მხრივ და მეც მივეჩვიე სიურპრიზებს.
სამსახურიდან როცა მოვდივარ, მგონია სახლში მარტოა და ჩემს შვილს, მეგობრებს და მშობლებს დამახვედრებს.
საოცარ საუზმეს მიმზადებს, ჩემი მანქანის გასაღები ორივეს გვაქვს, ბევრჯერ ყოფილა, სამსახურიდან გამოსულს, „იმედის“ ავტოსადგომზე მანქანაში დამხვედრია გიორგი.
























