17:39 | 2021-10-15 ავტორი: თამარ გონგაძე

“მე მერაბის პოლიტიკური სიმპათია-ანტიპატია არ მაინტერესებს. რომელი მართალი ვართ, ისტორია იტყვის” – ცისანა სეფიაშვილი იუბილარ მერაბ სეფაშვილზე

“მე მერაბის პოლიტიკური სიმპათია-ანტიპატია არ მაინტერესებს. რომელი მართალი ვართ, ისტორია იტყვის” – ცისანა სეფიაშვილი იუბილარ მერაბ სეფაშვილზე

მერაბ სეფაშვილი 60 წლის გახდა. აქედან 45 წელი სცენაზე აქვს გატარებული.

 

“მერაბი მაინც მერაბია” – სიამაყით ამბობენ მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები.

 

“არიან ვარსკვლავები და არის მერაბ სეფაშვილი” – წერს გვანცა კილასონია.

 

“გილოცავ ყველასათვის საამაყო და უკეთილშობილესო მომღერალო და ადამიანო” – ულოცავს დათო არჩვაძე.

 

“დღეს ეპოქალური ადამიანი დაიბადა” – პოსტავს ანრი ჯოხაძე.

 

ცისანა სეფიაშვილი იუბილარს დაბადების დღეს “პრაიმტაიმის” მეშვეობით ულოცავს და აღნიშნავს, რომ ასეთ ადამიანს მოფრთხილება სჭირდება.

 

 

ცისანა სეფიაშვილი: – ჩემთვის მერაბი არის – ჩემი ბავშვობა, ჩემი ბედნიერება, სილაღე… მერაბი მოვლენაა. ვერ გავკადნიერდები და მასზე როგორც შემოქმედზე, ბევრს ვერ ვისაუბრებ.

 

ძალიან მოსაფრთხილებელი ადამიანია. მისი ნიჭი და ადამიანობაა მოსაფრთხილებელი, რადგან ერთეულები გვყავს ისეთი, როგორიც მერაბია.

 

მე წილად მხვდა ბედნიერება, რომ შემიძლია შევეხო, ვიმეგობრო, ვისაუბრო, ვიხუმრო მასთან ერთად. მინდა ყველას ვთხოვო, გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ ასეთ ადამიანებს.

 

მინდა, გითხრათ, რომ მერაბი თავმდაბალია. რაც უფრო დიდია ადამიანი და თან ასეთი თავმდაბალია, ეს ჩემთვის ბევრის მანიშნებელია. ადამიანებს ხომ ახასიათებთ ზემოდან ყურება, ამბიციურობა. ეს დაბალი დონის გამოვლინება მგონია. მერაბი არის ძალიან დიდი და ძალიან თავმდაბალი. და მე ეს მახარებს.

იმდენად თავმდაბალია, რომ ამდენი მოლოცვებისგანაც უხერხულობაში ვარდება. კომპლიმენტებს მორიდებით იღებს. ეს მის სიდიდეზე მეტყველებს.

 

 

60 წლის გახდა, თუმცა ასაკი მხოლოდ ციფრებია. ასაკი სულიერი მდგომარეობაა. ციფრები არაფერს შვრება. მერაბი ისევ ისეთი ლაღი და ადამიანურია, როგორიც იყო. დრომ ვერაფერი დააკლო.

 

– და ვერც განსხვავებულმა პოლიტიკურმა გემოვნებამ დააკლო რაიმე თქვენს ურთიერთობას?

 

– იქ, სადაც მეგობრობა და ხელოვნებაა, პოლიტიკის აღრება ჩემთვის უკულტურობაა. მე არ მაინტერესებს, მერაბი სად არის, მე სად ვარ. საერთოდ არ მაინტერესებს ჩემი მეგობრის (საერთოდ ადამიანის) პოლიტიკური სიმპათია-ანტიპატია. ჩვენ ორივე ვთვლით, რომ ამ ქვეყნისთვის კარგი გვინდა, მერაბს თავისებურად, მე – ჩემებურად. რომელი მართალი ვართ, ამაზე დღეს ვერ ვიმსჯელებთ. ისტორია იტყვის წლების შემდეგ.

 

მე ჩემს აზრზე ვარ, ის – თავისაზე. ჩემთვის გაუგებარია პოლიტიკური ნიშნით “ფეისბუქზე” გამეფებული აგრესია. მე უცხო ადამიანსაც არ ვეტყვი, არასწორი პოლიტიკური შეხედულება გაქვს-მეთქი. მით უმეტეს, ისეთ ძვირფას ადამიანს, როგორიც მერაბია. ჩვენს შორის ეს თემა არ განიხილება.

 

ჯანმრთელობა, ბედნიერება, სილაღე, სიყვარული და ბევრი ლამაზი ფერი და დღე მინდა ვუსურვო.

ავტორი: თამარ გონგაძე

X