
ლოზუნგს „პოლიციელი გმირია“ ნამდვილად ამართლებს ამ ახალგაზრდა ქალბატონის მონათხრობი.
ის „პრაიმტაიმს“ თავის მძიმე ისტორიას უამბობს და ამბობს, რომ როცა თვითმკვლელობაზე ფიქრობდა და ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა თითქმის, გადაწყვეტილი ჰქონდა კიდეც, სწორედ მაშინ პოლიციელი გამოჩნდა და მისი სიცოცხლე გადაარჩინა.
„ჩემი ისტორია ძალიან მძიმეა. ქმარი გამუდმებით ძალადობდა ჩემზე. სადისტი იყო. სიგარეტს მაწვავდა. მემუქრებოდა, თუ ამ ამბავს გავახმაურებდი, მშობლებს დამიხოცავდა.
ამიტომ, ვდუმდი და ვიტანდი ათასგვარ ჩაგვრას, შეურაცხყოფას. მიზეზი არ სჭირდებოდა, სამსახურიდან რომ მოდიოდა, სველი პირსახოცით მცემდა, ხან თმით მათრევდა და სიგარეტებს სხეულზე მაწვავდა.
არასოდეს დამავიწყდება ერთ-ერთ სილამაზის სალონში ვიზიტი – ქმრის მოთხოვნით, მისი ნათესავის ქორწილში უნდა წავსულიყავი და ბედნიერი ცოლის როლი კარგად უნდა მომერგო.
სალონში მიმიყვანა, ვარცხნილობის გასაკეთებლად სტილისტმა მაკრატელი რომ აიღო, მეგონა უნდა დაერტყა და ინსტინქტურად ხელები ავიფარე. მერე დამხედა და შეიცხადა, რამდენი კოპი გაქვს თავზე, ნაცემი ხარო?
უარვყავი და ავარია მოვიმიზეზე. არაფერი უთქვამს, ყველაფერს მიხვდა… მაშინ, ოჯახურ ძალადობაზე ასე მკაცრი კანონი არ იყო.
ერთხელაც, საშინლად მაწამა, დამისერა მუცელი, მწვავდა ცხელი დანით და თან იცინოდა.
იმ ღამეს გამოვიქეცი, ქუჩაში უმისამართოდ დავდიოდი. როგორ აღმოვჩნდი მტკვრის სანაპიროზე არ ვიცი. მხოლოდ სუიციდზე ვფიქრობდი და ხსნად ეს მიმაჩნდა. მშობლების სიცოცხლეს სასწორზე ვერ შემოვდებდი.
ფეხებთან საპატრულო პოლიცია გაჩერდა. მანქანაში ჩამისვეს და ასე უცხო ხალხს მთელი ისტორია მოვუყევი.
დამამშვიდეს, იმედი მომცეს, მშობლების სახლში მიმიყვანეს და ჩვენება ჩაიწერეს.
მიუხედავად იმისა, რომ მაშინ, ქალთა უფლებები დაცული არ იყო და ეს იშვიათობას წარმოადგენდა, მაინც ყველაფერი გააკეთეს და მოძალადისგან მიხსნეს.
დღეს, 32 წლის ვარ. მაქვს კარგი სამსახური, მყავს მეგობრები და რაც მთავარია, პოლიციელების წყალობით, ვარ ცოცხალი.
მადლობა მინდა გადავუხადო მათ. სამწუხაროდ, ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, მათი ვინაობა არ მახსოვს,
ვიცი, რომ საბურთალოს რაიონში მუშაობენ და ერთ-ერთს ზურა ჰქვია, მაგრამ აუცილებლად გავიგებ და პირადად გამოვხატავ მათ წინაშე მადლიერებას.
მე რომ ცოცხალი ვარ, ეს გმირი პოლიციელების დამსახურებაა.“ – ამბობს რესპონდენტი.
„პრაიმტაიმი“ ამ ქალბატონის სახელსა და გვარს გასაგები მიზეზების გამო არ აკონკრეტებს. ამბობს, რომ მან ახალი ცხოვრება დაიწყო და არ უნდა, ახლობლებისთვის ეს ისევ განხილვის თემად იქცეს.
დღეს, პოლიციის დღეა.
























