19:12 | 2020-11-09 ავტორი: თამარ გონგაძე

“მეგობრები მწერენ, არ გვეგონა, შენ თუ პოლიტიკაში იქნებოდიო… აქამდე დრო არ მქონდა” – ნინო ქათამაძე

“მეგობრები მწერენ, არ გვეგონა, შენ თუ პოლიტიკაში იქნებოდიო… აქამდე დრო არ მქონდა” – ნინო ქათამაძე

ნინო ქათამაძე 8 ნოემბრის აქციის წინა დღეს, სოციალური ქსელის მეშვეობით, თანამემამულეებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებდა. მუსიკოსი წერდა, რომ ეს დღე ჩვენი ფასეულობების ბრძოლისა და მთავარი სიტყვის დღეა.

 

პოსტს ქვეშ ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრს ეუცნაურა ნინოსგან მსგავსი პოზიციის პოსტი. ვიღაცამ ისიც დაწერა, “ტვ პირველის” დამსახურებაა, რომ ნინო ამ მოწოდებას აკეთებს (რახან იქ გადაცემა აქვს). ნინოს მოსაზრების საწინააღმდეგო აზრი ჰქონდა ჟურნალისტ მანჩო გიორგობიანსაც, რომელიც გაოცებას ვერ მალავდა ნინოს ამ პოსტის გამო და წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი მეგობარია და ძალიან უყვარს, თვლის, რომ ნინო შეცდომაშია შეყვანილი.

 

“იცი რას აკეთებ ახლა? ძალიან უპასუხისმგებლო მოწოდებაა, არა მხოლოდ კოვიდ-19-ის გამო! მეტკინა ეს პოლიტიკანური გაუაზრებელი პოსტი. სახალხო მომღერალმა დაპირისპირებაში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა” – წერს მანჩო გიორგობიანი ნინო ქათამაძის პოსტის ქვეშ.

 

აი, რას წერდა ნინო 7 ნოემბერს “ფეისბუქზე”.

 

ნინო ქათამაძე: – 8 ნოემბერს, დღის 3 საათზე ჩვენვე უნდა გადავწყვიტოთ, როგორი ცხოვრება გვინდა.
შვილების ბედნიერებით განათებული ქვეყანა, ფერადი სახლები, ყვავილებით სავსე ქუჩები, მუსიკით და ლექსებით სავსე საღამოები. თუ ნაცრისფერი კედლები, უბედური მშობლები, გაძარცვული სახლები, ბნელი ღამეები, მკვდარი ყვავილები…

 

ხვალ, ჩვენი ფასეულებების ბრძოლის დღეა.

 

თუ ვერ შეძლებთ მოსვლას, ფანჯრები გააღეთ, დარაბები გახსენით, აივნებიდა ყვავილები შემოგვაგებეთ.
გთხოვთ, ხვალ მართლაც ისტორიული დღეა, არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ცხოვრებისთვის. ბედნიერების მაგალითებისთვის.
გთხოვთ!
გთხოვთ!
გემუდარებით!

 

დაე, ხვალ იყოს ყველაზე ნამდვილი ღირებულებების დღე!
მიყვარს ჩემი კეთილი გულების სამშობლო.
აქ, აღარ არის მოღალატეების ადგილი, რადგან ჩვენი შვილები სიყვარულის ერთგულებით გავზარდეთ და მათ ვეღარ ვუღალატებთ.

ჩვენი მთავარი სიტყვის დღეა.
ვხვდებით რუსთაველზე.

 

2020-11-09" ამ ეტაპზე სასირცხვილოდ დამარცხდნენ..." - მერაბ კოკოჩაშვილი ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებზე

 

“პრაიმტაიმი” ნინოს დაუკავშირდა და ამ პოსტის მიღმა, მუსიკოსს, გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

 

ნინო ქათამაძე: – თუ გავითვალისწინებთ მხოლოდ პარტიული ინტერესებით თავშეყრილ ადამიანებს, ან პარლამენტარების არათანმიმდევრულ, არაგულწრფელ და ცინიკურ დამოკიდებულებას და მათგან ადამიანების სიცოცხლეზე მოუფრთხილებლობას, მაშინ მე ამ აქციებისგან არანაირი მოლოდინი არ მაქვს. პირიქით, მაშინებს. ძალიან აზარტში არიან შესულები, აგრესიის აზარტში. როგორც შეიძლება ქვეყნის შენების დროს სიკეთის კეთების აზარტში შეხვიდე და ამანაც ცუდი შედეგი გამოიღოს (რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა), ისევე შეიძლება აგრესიის აზარტში შესვლა. ასე გააზრებულად ადამიანებზე წყლის ჭავლით იერიშის მიტანა, აგრესიაა. მერე რა რომ წყალია?

 

საბჭოური იდეოლოგიაა, მეგობრები მწერენ, არ მეგონა შენ თუ პოლიტიკაში იქნებოდიო? საბჭოთა კავშირის დროს იყო ასეთი მიდგომა. მე აქამდე არ მქონდა დრო, რომ ამ პროცესებში ჩავრთულიყავი. ჩემი დიპლომატიური დამოკიდებულება ჩემს საქმიანობაში იდო. ახლა როცა ამის დრო მაქვს, აუცილებელია ჩემთვის ჩემი ცხოვრების ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება.

 

ეს გაუაზრებელი პოლიტიკანური პოსტიაო, წერს მანჩო გიორგობიანი თქვენი პოსტის ქვეშ.

 

– რატომ და ვისთვის არის ჩემი პოსტი გაუაზრებელი? ვის რა მოვპარე? მე ერთმნიშვნელოვნად არ მომიწოდებია გამოსვლისკენ. იქ ხომ მიწერია, გამოხატეთ ნებისმიერი ფორმით – გააღეთ ფანჯრები და დარაბები-მეთქი. ყველაფერს ერთ პოსტში ვერ გაითვალისწინებ.

 

იცით რა, ადამიანები რომ დაკავებულები იყვნენ თავიანთი საქმით და საყვარელი საქმის კეთებით იყვნენ მთელი დროის მანძილზე გართულნი, არ ექნებოდათ ამდენი თავისუფალი დრო. რახან ეს დრო არის, მომავლის გადარჩენაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომ დავკავდეთ იმ საქმით, რომელიც ვიცით და გვიყვარს.

 

ქვეყანა ვაშენოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილები არ წავიდნენ ქვეყნიდან. ქვეყნისთვის დიდი ინვესტიციაა, როდესაც ადამიანებს პროფესიული მოქმედების საშუალება ეძლევათ.

 

– ნინო, კოლეგების გვერდით რატომ არ იმღერეთ გუშინდელ აქციაზე?

 

– ჩემი სცენა, სხვა სცენაა… გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი სიმპათიები პოლიტიკური პარტიები არ არიან. მე უბრალოდ კონკრეტულ ადამიანებს ვცემ პატივს, ვისი ბიოგრაფიაც ვიცი.

 

გუშინ ერთ ჩემს საყვარელ მეგობარს მივწერე, ჩვენ ვარჩიოთ ადამიანები, ვისთან გვიღირს საუბარი და ვისთან არა. ბოლოს მხოლოდ ღმერთი შეგვრჩება ხელში-მეთქი… ადამიანებს უნდა მივცეთ იმის საშუალება თვითონ გამოსცადონ თავისი ცხოვრება.

 

პოლიციამ აქციის დროს 19 პირი დააკავა - შსს
2020-11-09პოლიციამ აქციის დროს 19 პირი დააკავა - შსს

 

შენი, მმართველის, მოვალეობაა, იყო სიმართლის და ღირსეული ქმედების მაგალითი, რომ ეს ადამიანები გახდნენ შენნაირები და არა პირიქით, შენ გახდე მათნაირი. ამიტომ არ შეიძლება უარი თქვა ადამიანებზე, რომლებიც იქ დგანან.

 

როგორ შეიძლება ათი წლის წინანდელი საქმით ვიმსჯელოთ დღეს და საიდან ვიცით ასე დაზუსტებით, გულწრფელია თუ არა ესა თუ ის ადამიანი? ნუ გვთხოვს ეს პოლიტიკური პარტია, რომ 2012 წლის მიხედვით ვიმსჯელოთ.

 

ჰო, კიდევ – შვილს დაატარებს აქციებზე და ეთერებშიო, ჩემს წინააღმდეგ თავდასხმის კასკადი წამოვიდა. ჩემი შვილი მიტინგზე იყო და ბოლო ხმაზე ყვიროდა – გაუმარჯოს საქართველოსო, ცრემლები სდიოდა. ეს მისი სურვილი იყო. გუშინწინ, ნიკა გვარამიას ეთერშიც თავისი სურვილით წამომყვა (დამტოვებელიც არ მყავდა), უნდოდა ეთერში ყოფნის გამოცდილება მიეღო. ამის გამო მაბრალებენ, თითქოს შვილი გავაპოლიტიკურე. პოლიტიკა ჩემი ცხოვრების წესი არ არის. მაგრამ ჩემი ცხოვრება ჩემი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებია.

 

ნინო ქათამაძის შვილი მუსიკოსად იზრდება - დედა-შვილის არაჩვეულებრივმა დუეტმა მაყურებელი აღაფრთოვანა

 

მჯეროდა იდეოლოგიის, რომ პოლიტიკა ბინძურია. მაგრამ ჩემს გასაკეთებელ საქმეს, სხვა ვერავინ გააკეთებს. ჩემს გამოსაზრდელ შვილს, ვერავინ გამოზრდის. და მერე პასუხს სხვას, აღმზრდელს ვერ მოვთხოვ, კარგი შვილი გაზარდე, თუ ცუდი-მეთქი. შვილის მაგალითი მაინც შენ ხარ, მშობელი.

 

ბოლოს ვიტყვი, რომ ამ ხელისუფლებას ვერ დააბრალებ, რომ რაღაცის ორგანიზება არ შეუძლიაო, ხმების გაყალბებას, ანუ ნეგატივის ორგანიზებას იმხელა რესურსი დაახარჯა.

 

2012 წელს, მე რომ ხმა “ქართულ ოცნებას” მივეცი, რვა წლის შემდეგ მითხრა, შენ რომ ამირჩიე, ეს არაფერს ნიშნავსო. ანუ მაშინაც მომატყუა და ახლაც?!  თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ. არჩევნები სწორედ ის მნიშვნელოვანი ნაწილია, როდესაც ქვეყნის მომავალს ერთამანეთისთვის ვირჩევთ და არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის. მე მარტო კარგად ვერ ვიქნები, თუ შენც არ იქნები კარგად და დაცულად.

 

ახლა რომ ადამიანებს აქციებზე ციფრებად ითვლიან, ასე არ არის. ადამიანებს არა ციფრებით, არამედ მათი ღირსების მიხედვით ითვლიან. ერი თვლადი არ არის. არის გრძნობები, რომელიც არ ითვლება.

 

აპირებთ აქციებზე გასვლას?

 

– არ ვიცი. რთული გრაფიკი მაქვს მიუხედავად იმისა, რომ სიმღერასთან დიდი ხანია ახლოსაც არ ჩამივლია. მაინც ვცდილობ შვილთან ოჯახში ვიყო და ასე შემედეგ. ვნახოთ…

ავტორი: თამარ გონგაძე

X