
მომავალ კვირას „გირჩის“ არჩეული დეპუტატები შესაძლოა პარლამენტში შევიდნენ. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პარტიაში ამ საკითხზე გადწყვეტილება უკვე მიღებულია და საარჩევნო ბარიერის 0%-მდე დაწევის შემთხვევაში იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში ოფიციალურად ჩაერთვებიან. საარჩევნო სიით დეპუტატის მანდატს მიიღებს კიდევ „გირჩელი“. თუ ზურაბ ჯაფარიძემ საბოლოოდ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და ბოიკოტის რეჟიმში დარჩა, ასეთ შემთხვევაში მანდატს მისი ადგილმონაცვლე, ანუ საარჩევნო სიის შემდეგი ნომერი მიიღებს.
„ჩვენს გეგმას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ 113-მა დეპუტატმა რომ დაუჭიროს მხარი ამ ცვლილებებს. ახლა არის 96 ადამიანი, ჩვენი თუ შევალთ შეიძლება იყოს 100 ადამიანი, ვინაიდან „გირჩი“ 4 ადამიანით არის წარმოდგენილი. მე ვერ წარმომიდგენია, ზურაბ ჯაფარიძე არ შემოვიდეს, თუ ქართული ოცნება ამ პირობას მართლა დადებს“ – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
ამით მეგრელიშვილი გამოეხმაურა სწორედ იმ ინიციატივას, რომლის თანახმადაც საარჩევნო ბარიერი 0%-ით განისაზღვრება, რასაც საკონსტიტუციო, ანუ 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს, რაც „გირჩის“ აზრით, პატარა პარტიების შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
„პირველ რიგში, ქართული ოცნების მხრიდან უნდა დაიდოს ისეთი წინადადება, რომელსაც თქვენც გაიგებთ და მეც არანაირი კითხვა არ მექნება. ამის შესახებ არაერთხელ არის საჯარო სივრცეში ნათქვამი და დაწერილიც. ეს წინადადება ფასილიტატორებთან მაგიდაზე იდო. ჩვენ გვინდა გავიგოთ, რომ რომელიღაც მხარე უარს ამბობს ხელისუფლების ერთპიროვნულად ხელში აღებაზე. მე მინდა, რომ ზურა ჯაფარიძე შემოვიდეს პარლამენტში. ვერ წარმომიდგენია, რომ ზურა ჯაფარიძე არ შემოვიდეს, თუ ეს წინადადება იქნება. ზურაბ ჯაფარიძისთვის ეს იქნება ტესტი. თუ ეს პირობა იდება, ზურაბ ჯაფარიძეს მორალურად ევალება, შემოვიდეს. მან თქვა, ეს არის მარსზე ნაკვეთიო. თუ მარსზე ნაკვეთი მივიღეთ, შემოღობვაში ხომ უნდა დამეხმაროს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.






















