18:22 | 2020-05-06 ავტორი: თათია ცუკოშვილი

მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა 

მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმდა 

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმეს.

 

​როგორც პრაიმტაიმთან“ საუბრისას მისი ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, მას უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც ედავებიან, რაც ცემას გულისხმობს.

 

„მერაბ კობიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 და 108-ე მუხლებით ჰქონდა წაყენებული, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ერთი ადამიანის განზრახ მკველელობას გულისხმობს. მას დღეს ახალი ბრალი წარუდგინეს.

 

ბრალდება, ისევე როგორც დანარჩენ ნაწილში, სრულიად დაუსაბუთებელი და აბსურდულია.

 

საქართველომ ნათლად იხილა, რომ მერაბ კობიაშვილს იქით სცემდა დაახლოებით ხუთი, ან ხუთზე მეტი ადამიანი. აყენებდნენ სხვადასხვა დაზიანებებს თავში, ფეხში და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

 

ასევე სხვადასხვა დოკუმენტაციით ჩანს, როგორი დაზიანებები ჰქონდა მერაბ კობიაშვილს.

 

უტყუარი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მრავლობითი დაზიანებები ზუსტად ამ პირების მხრიდან აქვს მიყენებული, რომლებიც გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანან.

 

ეს ჩანაწერები დაცვის მხარეს სასამართლოში მტკიცებულების სახითაც აქვს წარდგენილი. მაშინ, როდესაც პროკურატურამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის, წარმოიდგნეთ არც ერთი ამ პირს ბრალი არ წარუდგინეს. ცემის მუხლითაც კი,“ – აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.

 

მისივე თქმით, მოწმეები, რომლებიც პროკურატურას მერაბ კობიაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ჰყავს, მიკერძოებულები და ტენდეციურები არიან.

 

„მოწმეების ჩვენებები კატეგორიულად ეწინააღმდეგება ვიდეოკამერის ჩანაწერებს, რომლებიც უბრალოდ თავს იმართლებენ, თუ რატომ სცემეს მერაბ კობიაშვილს.

 

რაღაც მიზეზი მოიფიქრეს. თითქოს იმიტომ სცემეს, რომ მან (მერაბმა) სხვას სცემა. აღნიშნული ცემის დამადასტურებელი მტკიცებულება ან ვიდეოჩანაწერი, ან რაიმე სხვა უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს. მით უმეტეს, რომ ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მერაბ კობიაშვილმა მცემაო კატეგორიულად სხვა ჩვენებას აძლევს პირველი გამოკითხვის დროს. შემდეგ ჩვენებას ცვლის, რომ როგორმე პროკურატურას ასიამოვნოს და მისი სასარგებლო პოზიცია გააჟღეროს.

 

ჩვენ აქ ნათლად ვხედავთ, რომ საქმე ტენდეციურ გამოძიებას ეხება. ეს არის საქმე, სადაც არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში დამოუკიდებელი პროკურატურა პირს, ბრალს არც ერთი მუხლით წარუდგენდა.

 

სწორედ, იმ ადამიანებს დასჯიდნენ, რომლებმაც მერაბ კობიაშვილს სცემეს, გაედევნენ და სახლში წასვლის უფლებაც არ მისცეს და კვლავ ცემა დაუწყეს. ეს ადამიანები, საზოგადოებისთვის საშიშები არიან. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა.

 

თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროკურატურას შეუძლია ათასგვარი აბსურდი წაუყენოს და დააბრალოს მერაბ კობიაშვილს. მაგრამ ერთი, რამ იცოდეთ, მერაბ კობიაშვილი გამართლდება და რამდენიმე თვეში ყველა გაიგებს, როგორ დადგა მის მიმართ სრული გამამართლებელი განაჩენი. ამაში ეჭვი არავის არ შეეპაროს,“ – აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.

 

შეგახსენებთ, რომ მერაბ კობიაშვილი შსს-მ განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) ბრალდებით დააკავა.

 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. კი, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X