
„მესმის, რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო, მრევლს სთხოვო ეკლესიის გარეთ დადგეს და გარკვეული დისტანცია დაიცვას. ასე იქმნება სახელმწიფოები. ასე ვყალიბდებით ჩვენ, როგორც წარმატებული სახელმწიფო“,- ამის შესახებ პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისის თქმით, ყველგან უნდა დავიცვათ დისტანცია, ეს იქნება ეკლესია, სუპერმარკეტი თუ სხვა ადგილი.
„ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუშლის იმას, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. ეს გასაგებია, ჩვეულებრივი, მარტივი თემაა. ამასთან ერთად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და მინდა ყველამ დავაფასოთ ის, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა, რაც ბევრმა მამაომ გააკეთა. რა თქმა უნდა, პრობლემებიც უამრავია და ჩემი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის, ვალდებულებაა ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი: დავიცვათ ერთმანეთთან დისტანცია და არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ეს – ეკლესიაში თუ სუპერმარკეტში. როდესაც ვიღაცა საუბრობს იმაზე, 10 ადამიანი ბევრია თუ ცოტა, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, თუ ადამიანი ზრუნავს თავისი მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. როდესაც ვიღაცებს უნდათ თავისი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე გამოიყენონ მთავრობას და ეკლესიას შორის დაპირისპირება, ესეც პოლიტიკური სპეკულირების თემაა.
არსებობს გარკვეული საკითხები, რომელიც სენსიტიურია და არ არის მარტივად გადასაწყვეტი, მაგრამ ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა ის მრევლია თუ არა, სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენთვის ყველაზე მაღალი ფასეულობაა, მაშინ არაფერს არ ნიშნავს და არაფერი არ ღირს 2 მეტრი დისტანციის დაცვა, რომელიც შეუძლია როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიას,“ – განაცხადა გახარიამ.






















