17:01 | 2020-05-19 ავტორი: თამარ გონგაძე

“მეც გული მეტკინა, თუმცა ასე არარაობასავით არ უნდა მოექცეთ ანიტას” – სვიმონ ჯანგულაშვილი მეცო-სოპრანოს გამოსვლას ეხმიანება

“მეც გული მეტკინა, თუმცა ასე არარაობასავით არ უნდა მოექცეთ ანიტას”  – სვიმონ ჯანგულაშვილი მეცო-სოპრანოს გამოსვლას ეხმიანება

“მთავარი არხის” გადაცემა “შუადღეში” მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილმა გააკრიტიკა მთავრობა, მმართველობა, რომელიც ყურადღებას არ აქცევს ხელოვანებს და ისეთი დონის ორკესტრს, როგორიც ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრია.

 

მეცო-სოპრანოს თქმით, მთავრობა აფინსანსებს იმ ორკესტრებს, ვინც მთავრობის მიმართ კომპლიმენტს არ იშურებს. კოლეგებზე, თქვა რომ ისინი უნიჭოები და მლიქვნელები არიან.

 

“16 მარტის შემდეგ საქართველოში ვარ, მთავრობისგან არც ერთხელ არ გამიგია სიტყვა ხელოვანი. ყველაზე ისაუბრეს, ვისაც უჭირს, ვინც დაკარგა სამსახური, მაგრამ კატეგორია ხელოვანი, მათთვის არ არსებობს. მათთვის არ ვარსებობთ.

 

2020-05-19"პრივილეგირებული და კარის მუსიკოსები ყოველთვის ჰყავდა თქვენს პრეზიდენტს"- ანიტა რაჭველიშვილი ახალ სკანდალში ეხვევა

 

 

არც ერთ მთავრობას აზრად არ მოსვლია, რომ საუკეთესო ორკესტრს მაქსიმალურად დახმარებოდნენ. ისინი ეხმარებიან ყველას.

 

მე თამამად ვიტყვი, რომ საქართველოში არ არსებობს არც ერთი სხვა ორკესტრი, რომელიც უკრავს ისე, როგორც ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. დანარჩენ ორკესტრებთან სამღერლად არც კი გამოვდივარ, იმიტომ რომ სამარცხვინო დონეა.

 

შეიძლება ჩვენი ორკესტრის დონე ყოველთვის არ არის მსოფლიო დონის და ისე ვერ უკრავენ, როგორც შეუძლიათ დაკვრა, რადგან ამ ადამიანებს არ აქვთ დარჩენილი ენთუზიაზმი, რომ მეტი იმეცადინონ.

 

მე ვხედავ, როგორ ეხმარება არსებული მთავრობა სხვა ორკესტრებს ნაცნობობით თუ კომპლიმენტების სანაცვლოდ, ხოლო ხარისხიანი ორკესტრი მიგდებულია და ეს სირცხვილია!

 

როგორებიც თვითონ არიან მთავრობაში, ისეთი უნიჭო და უხარისხო ორკესტრი ჰყავთ გვერდში დასმული და ისეთ უნიჭო ხელოვანებს ამღერებენ, აცეკვებენ და გამოჰყავთ კონცერტებზე.

 

ქვეყანა ერთ ქვაბში მოხარშული საშინელი სუპის ნაწილი ხდება და მე არ მინდა ამის ნაწილი ვიყო. და ვიბრძოლებ ამის წინააღმდეგ” – განაცხადა რაჭველიშვილმა ეთერში.

 

ანიტას ამ მკვეთრ განცხადებებს მისი მისამართით ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მათ მომღერალი სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა სტატუსით.

 

“სიმართე მწარე და საწყენია, მეგობრებო, და ყოველთვის საწყენი იქნება! გავიმეორებ და ვიტყვი, რომ კრიტიკა ჭკვიან ადამიანს მოსწონს მარტო.

 

სხვათა შორის, სიმფონიური ორკესტრები გავაკრიტიკე და რატომღაც ყველა დანარჩენმაც საკუთარ თავზე მიიღო, მე არ გამიკრიტიკებია არც კონსერვატორია და არც მისი მოსწავლე-პედაგოგები, მაგრამ მაინც საკუთარ თავზე მიუღიათ…. კაცია და გუნება” – წერს ანიტა “ფეისბუქზე”.

 

მომღერალს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, სვიმონ ჯანგულაშვილი “ფეისბუქზე” საკმაოდ დიდი პოსტით ეხმიანება. როგორ ჯანგულაშვილი წერს, ანიტას ლანძღვა მისი არასწორი გამოსვლის გამო ასევე ცუდი საქციელია.

 

სვიმონ ჯანგულაშვილი: – სახარებაში წერია, რომელი განკითხვითაც განიკითხავ, იმავეთი განისჯებიო…

 

ბევრს არ მოეწონა ანიტა რაჭველიშვილის ნაუბარი და აზრის გამოხატვის ფორმა. და აი, მეორე დღეა, ადამიანთა უმრავლესობა უარესი, უფრო მწვავე ფორმით ლანძღავს ანიტას.

 

რა თქმა უნდა, ყველას კრიტიკის უფლება გვაქვს. ანიტას ნაუბრის კრიტიკა კი შეიძლება საჭიროცაა, თუნდაც უპირველესად თავად მისი სიკეთისთვის.

 

მაგრამ, მე მინდა მის უმოწყალოდ მლანძღველებს მივმართო: თუკი ის არ მოგწონთ, რომ ანიტამ არასწორი რამ სთქვა, ან სიტყვები ვერ შეარჩია აზრის კორექტული გამოთქმისათვის, თქვენ იგივეს და უარესს რატომ სჩადიხართ? რაც ანიტას ნათქვამში არ მოგწონთ, იმაზე უარესს რატო წერთ და ამბობთ?

 

ქართული თვისებაა – თუკი მივიჩნიეთ, რომ ადამიანს რაიმე შეეშალა, უნდა ბოლომდე გადავუაროთ, გავწიროთ და არ დავინდოთ. არადა, ადამიანობა, ჰუმანიზმი, სათნოება და ქრისტიანობა არის ის, რომ ადამიანი არ გაწირო, არ გაანადგურო მიუხედავად მისი ადამიანური სისუსტეებისა, არ მოკლა სიტყვით თუ ფიზიკურად, მიუხედავად მისი შეცდომებისა.

 

თვითონ ანიტამ დაწერა, რომ კრიტიკა გონიერ ადამიანს მოსწონსო და ზრდისო. თუკი მას ობიექტური და კეთილმოსურნე კრიტიკით გააკრიტიკებთ, რაჭველიშვილიც მიიღებს და გაიგებს თქვენს აზრს. და თუკი ასე გალანძღავთ, ამით რა სიკეთე იქნება?

 

არ დავიღლები ამის გამეორებით დღესაც, როდესაც უმრავლესობა გაბრაზებულია მასზე – ანიტა რაჭველიშვილი ჩვენი ქვეყნის საგანძურია, სიამაყეა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუსიკოსია, ვინც კი გვყოლია ადამიანებს მუსიკის ისტორიაში.

 

Svi Jangulashvili-ს ფოტო.

 

მას უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული, უამრავ ადამიანს დახმარებია – მიუხედავად იმისა, რომ მარტომ, საკუთარი ძალებით, სხვების დახმარების გარეშე გაიკაფა გზა მსოფლიო ხელოვნების მწვერვალებისაკენ, არაა გაბოროტებული ამ ცხოვრებაზე და ადამიანებზე.

 

ბოროტებით ბოროტება არ იკურნება. და თუკი სთვლით, რომ ანიტას შეეშალა, მაშინ, თქვენ არ უნდა ჩაიდინოთ შეცდომა და ასე არ უნდა გაანადგუროთ, ასეთი სიტყვებით არ უნდა მოიხსენიოთ, ასე არარაობასავით არ უნდა მოექცეთ ამ ადამიანს.

 

ადამიანი იმის ადამიანია, რომ სისუსტეები და შეცდომები ახასიათებს. ისიც ადამიანურია, იმ წამს ან რაღაცა ხანს რომ შეიძლება ვერ მიხვდეს თუ რა შეეშალა. მაგრამ, ყველაზე დიდი ჰუმანიზმი არის, არ გაწირო ადამიანი, მაშინ, როდესაც ფიქრობ, რომ მას ეშლება და თან ვერ ხვდება ამ შეცდომას.

 

არ ვამბობ, არ გააკრიტიკოთ-მეთქი. ანიტამ საჯაროდ სთქვა რაღაცეები და ამდენად, ბუნებრივია მის სიტყვებზე რეაქცია – მისი კოლეგებისაც, ხელოვანებისაც, მუსიკის მსმენელებისაც და ტელევიზიის მაყურებლებისაც.

 

მაგრამ, ნუთუ იმდენი სიკეთე და სიყვარული არ აქვს მას ნათესი, იმდენი სიკეთე არ აქვს ქართული კულტურისათვის მოტანილი რომ ასე არ გავწიროთ იგი და საშინელი სიტყვები არ ვუძახოთ? მე არ მესმის, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ანიტა რაჭველიშვილი და როგორ შეიძლება, რომ გალანძღო იგი, გინდაც ეშლებოდეს? კრიტიკა კარგია, სიყვარულით და კეთილმოსურნეობით აღსავსე კრიტიკა სიკეთეა. და ლანძღვა და სიტყვებით ადამიანის განადგურება ბოროტებაა.

 

და კიდევ, ბევრგან ვნახე და ვიტყვი – არაა ანიტა რაჭველიშვილი ნაცი. ნამდვილად არაა. ნაცებსაც ხვდებათ ხოლმე მისგან და ოცნებასაც. შეიძლება არ მომწონდეს მისი პოლიტიკური პოზიციები, მაგრამ ვიცი, რომ ეს საოცარი მომღერალი ვულკანური და ბობოქარია ყველაფერში და ვულკანურად ამოაფრქვევს ხოლმე ემოციებს და აზრებს.

 

Svi Jangulashvili-ს ფოტო.

 

და თუკი მისი ვულკანური მუზიცირება ბედნიერებას გვანიჭებს, თუკი ერთხელ მაინც შეუძრავს მის ნამღერს გული, თუკი ერთხელ მაინც ცრემლი წამოგსვლია მის ნამღერზე, თუკი ერთხელ მაინც გსმენიათ მის ნაკეთებ სიკეთეზე, როგორ შეიძლება რომ ასე ხაზი გადავუსვათ მას და ასე ვლანძღოთ?

 

იმსახურებსო, მან ხაზი გადაუსვა კოლეგებსო და გალანძღა ისინიო, იტყვით. ჩვენც თუ ხაზი გადავუსვით, გავლანძღეთ, გავაძევეთ და მოვიკვეთეთ იგი, ეს ვისთვის იქნება სიკეთე? განა ეს ქრისტიანობა და ადამიანობაა?

 

ნამდვილად არ მიმაჩნია უნიჭოდ არც ერთი კოლეგა მუსიკოსი. უბრალოდ ვიცი, უფრო სწორედ, მგონია, რომ ზოგი უფრო ნიჭიერია და ისიც ვიცი, რომ ეს შეფასება საბოლოოდ სუბიქეტურ-ობიექტურია. ნამდვილად არ მიმაჩნია მლიქვნელობად მთავრობის მიერ ორგანიზებულ ან დაფინანსებულ კონცერტებზე გამოსვლა. თუკი ხელისუფალი ჰიტლერი, პუტინი ან სტალინი არ არის, მუსიკოსებს სხვა გზა არგვაქვს, ყველა მთავრობის ორგანიზებულ კონცერტებზე გამოვდივართ, მათ შორის ნაცებისაზეც და ქოცებისაზეც.

 

კი, მისი ნათქვამი ირიბად მეც მომხვდა და გული მეტკინა. მაგრამ, ვხვდები რისი თქმა უნდოდა. ყოველ შემთხვევაში, მისი ლანძღვა, გინდაც მან მე დაუმსახურებლად მითხრას რამე, არასწორ საქციელად მიმაჩნია. მე ის უზომოდ მიყვარს, როგორც ადამიანი და როგორც გენიალური ხელოვანი. და როდესაც ადამიანს სიყვარულით ექცევი (სულ ერთია, უბრალო ადამიანია ის, თუ გამორჩეული ხელოვანი), ხვდები, როგორ უნდა მოექცე – ბოროტებისა და შურისძიების გარეშე. თუკი გგონია, რომ მას აკლია სიყვარული, მის უსიყვარულობას შენი უსიყვარულობით ვერ განკურნებ. სიყვარული და სიკეთე ყველაფერში უნდა წინ მიგვიძღოდნენ, თუკი გადარჩენა გვინდა…

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X