
იმ ადამიანების შემთხვევების შესწავლა, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულებთან ახლო კონტაქტის მიუხედავად, ვირუსის მიმართ რეზისტენტულები არიან, მეცნიერებს შესაძლოა, უკეთესი ვაქცინების შექმნაში დაეხმაროს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
University College London-ის მეცნიერების თქმით, ზოგიერთ ადამიანს კოვიდის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი პანდემიის დაწყებამდეც ჰქონდა. ამის მიზეზი ისაა, რომ კოვიდ-19-ის გამოჩენამდე, მსოფლიო მასშტაბით მისი მონათესავე ვირუსები დიდი ხნის მანძილზე ცირკულირებდა. აქედან გამომდინარე, მკვლევრები თვლიან, რომ კოვიდ რეზისტენტულმა ადამიანებმა იმუნიტეტი სწორედ მსგავსი სახის ვირუსებთან ბრძოლისას გამოიმუშავეს.
University College London-ში აცხადებენ, რომ თუ მსგავსი შემთხვევების შესწავლა მოხდება და მეცნიერები ზემოთ აღნიშნული დაცვის მექანიზმის გამოყენებით გაუმჯობესებულ ვაქცინებს შექმნიან, შესაძლოა, იმუნიზაცია ბევრად ეფექტური გახდეს, ვიდრე ახლაა.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, მეცნიერები პანდემიის პირველი ტალღის მიმდინარეობისას საავადმყოფოს თანამშრომლებს ყურადღებით აკვირდებოდნენ და სისხლის ნიმუშებსაც რეგულარულად უღებდნენ. დაკვირვებამ აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეები მუდამ სარისკო გარემოში იმყოფებოდნენ (ჰქონდათ ახლო კონტაქტი კოვდიინფიცირებულებთან), მათგან ყველა არ დაინფიცირებულა.
კვლევის მიხედვით, ყოველი 10 ადამიანიდან ერთი მაინც იყო ისეთი, რომელსაც ინფიცირებულთან ახლოს კონტაქტის მიუხედავად, ვირუსის სიმპტომები არ ჰქონია, არც ტესტით დასდასტურებიაკოვიდი და არც მისი საწინააღმდეგო ანტისხეულები გასჩენია სისხლში. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მათი იმუნური სისტემის ნაწილმა ინფექციის დამარცხება მანამ მოახერხა, სანამ იგი მოძლიერდებოდა და ფესვებს გაიდგამდა, ამას კი სხვაგვარად „აბორტულ ინფექციას“ ( გამომწვევი აგენტი იჭრება ორგანიზმში, მაგრამ არ (ვერ) მრავლდება ორგანიზმის მაღალი ბუნებრივი რეზისტენტობის ანდა შეძენილი სპეციფიკური იმუნიტეტის გამო) უწოდებენ. სისხლის ნიმუშებმა აჩვენა, რომ ასეთ ადამიანებს დამცავი T-უჯრედები პანდემიის დაწყებამდე უკვე ჰქონდათ.
ექიმ ლეო სვოდლინგის თქმით, კოვიდ-რეზისტენტული პირების იმუნური სისტემა ახალ დაავადებასთან საბრძოლველად უკვე მომზადებულია.
აქვე ნახეთ: ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლოა, ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება იყოს საჭირო
„ჯანდაცვის მუშაკებს, რომელთაც ვირუსის შეკავება მანამ მოახერხეს, სანამ იგი შესამჩნევი გახდებოდა, სავარაუდოდ პანდემიის დაწყებამდე ჰქონდათ T-უჯრედები, რომლებიც შინაგან მექანიზმებს ცნობენ“,- განაცხადა სვოდლინგმა.

მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით არსებული კოვიდ ვაქცინები ადამიანებს ვირუსის მძიმე და ლეტალური ფორმებისაგან იცავას, თუმცა არა ინფიცირებისგან.
ვინაიდან კორონავირუსის მონათესავე სახეობები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, მეცნირები ფიქრობენ, რომ მათი აგებულებისა და მოქმედების შესწავლა, შეიძლება სამომავლოდ მათ ისეთი ვაქცინის შექმნაში დაეხმაროთ, რომელიც ადამიანებს ყველა სახის კორონავირუსისა და ახალი შტამებისგან დაიცავს.
„ვფიქრობ, შეგვიძლია, მათი გაუმჯობესებული მოქმედებაც ვიხილოთ. ვიმედოვნებთ, რომ T-უჯრედების საშუალებით ვაქცინა ადამიანების ინფიცირებისაგან დაცვასაც შეძლებს და ვირუსის ახალ ვარიანტებსაც მარტივად ამოიცნობს”,- განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ, პროფესორმა მალა მაინიმ.
ამ პროცესის მიმართ იმედიანად არის განწყობილი რედინგის უნივერსიტეტის მეცნიერი, ალექსანდრე ედვარდსი.
„ამ კვლევისაგან მიღებული ცოდნა შესაძლოა, განსხვავებული ვაქცინის შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ვიმედოვნებთ, რომ იგი ამ კუთხით დამატებით წინსვლას მოიტანს, ვინაიდან ყველანაირი ვაქცინა გვჭირდება, რისი მიღებაც კი შეგვიძლია”,- განაცხადა ედვარდსმა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















