21:29 | 2020-04-29 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მეუფე იობი, შესაძლოა, სინოდიდან გარიცხონ

მეუფე იობი, შესაძლოა, სინოდიდან გარიცხონ

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, რუის-ურბნისის მიტროპოლიტისთვის შესაძლოა ყინწვისის მონასტერში მომხდარი სისხლიანი გარჩევა საბედისწერო აღმოჩნდეს.

 

იმ შემთხვევაში თუ სინოდმა მეუფე იობი ზნეობრივ დანაშაულში ამხილა, რაც მოძალადე მღვდლის ხელის დაფარებას გულისხმობს, შესაძლოა სინოდიდან გარიცხონ.

 

ტელეკომპანიის ცნობით, მეუფე იობის ბრალდებებს კიდევ უფრო ამძიმებს, ყინწვისის საძმოს ერთ-ერთი წევრის სკანდალური აღიარება.

 

წარსულში სასულიერო პირი, რომელმაც მონასტერი დატოვა და საერო ცხოვრებაში დაბრუნდა, ამბობს, რომ მიტროპოლიტი შეჭირვებული ადამიანებისთვის გაგზავნილ პროდუქტებს სასურსათო მაღაზიებში ყიდდა და მიღებულ თანხას პირადი სარგებლობისთვის იყენებდა.

 

ყინწვისის მონასტერში სისხლიანი გარჩევის შემდეგ მიტროპოლიტი იობი აცხადებდა, რომ არაფერი მომხდარა.

 

დღეს ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებულ წინამძღვარს, დავით (კობა) კობაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

 

დაკავებული სასულიერო პირი დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, საქმის მასალებში არც ცეცხლსასროლი იარაღია ამოღებული და არც მოწმეები არიან.

 

სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X