
„ხუთშაბათს, 11 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, თუმცა „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რა საკითხს განიხილავენ წმ.სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრები.
საპატრიარქოდან ჩვენი წყარო ამბობს, რომ სინოდის სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას საკითხს განიხილავენ.
სავარაუდოდ, მეფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთავენ, რის მიზეზადაც იმ გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სახელდება, რომელიც 2019 წლის 31 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე მის მიმართ გამოიტანეს.
2019 წლის 31 ოქტობერს წმ. სინოდმა განაჩინა, რომ: „მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი), რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად“.
ნახეთ ვიდეო: ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას, 2019 წლის 31 ოქტომბერს გაკეთებული უმძიმესი განცხადება
პატრიარქის ბრძანებით, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი სინანულისთვის შიო-მღვიმის მონასტერში უნდა წასულიყო, თუმცა მეუფე პეტრემ თქვა, აღნიშნულ მონასტერში წასვლას არ აპირებს.
აქვე გეტყვით, რომ დღეს „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 11 თებერვალს დაგეგმილ წმ. სინოდის სხდომაზე რუსული სცენარით კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენება იგეგმება, თუმცა საპატრიარქოში ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს.
„ჟურნალიტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ, იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ“, – დაწერე „ფეისბუქში“ „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ განცხადების საპასუხოდ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.






















