
ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მარტვილში, საეპისკოპოსო რეზიდენციაში განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„ცოტა ხნის წინ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს მარტვილში, საეპისკოპოსო რეზიდენციაში განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა, გაამხნევა, დალოცა და გამოჯანმრთელება უსურვა.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს „დაპირისპირება მოხდა მრევლსა და სასულიერო პირებს შორის“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
სინამდვილეში, ჭყონდიდის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში მიტროპოლიტ სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის მიმდინარე შეხვედრისას, რეზიდენციაში შეღწევის მიზნით, გარკვეული პირები ძალით ცდილობდნენ კარის გახსნას და დარბაზში მყოფ სასულიერო პირებს გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ, რაც კარგად ჩანს ადგილზე გადაღებულ კადრებში. კარის გაღების შემდეგ აივანზე არსებული სივრცე, სადაც უამრავი ადამიანი და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, კიდევ უფრო შევიწროვდა. ამის გამო ისინი მიაწვნენ აივნის მოაჯირებს. სამწუხაროდ, მოაჯირმა ვეღარ გაუძლო სიმძიმეს, მოძვრა და შედეგად რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – მედიის წარმომადგენლები, ეზოში გადაცვივდა და დაშავდა.
აღნიშნული ფაქტის შესახებ დეტალურ სურათს უახლოეს დღეებში მოკვლევა წარმოაჩენს.”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 8 მარტს დაპირისპირება მოხდა მარტვილის ეპარქიაში. შედეგად, ეპარქიის მოაჯირიდან ჟურნალისტები და ოპერატორები გადაცვივდნენ.
დაშავდა ასევე „ტვ პირველის“ ოპერატორი ალეკო ხაზალია, ჟურნალისტი პაპუნა შუშანია და „რუსთავი 2“-ის ის ოპერატორი დათო კონჯარია.
ეპარქიაში ის დიაკვნები და მრევლი შეიკრიბა, რომლებსაც მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ისინი მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ.
ეპარქიასთან შეკრებილმა სასულიერო პირებმა და მრევლმა მეუფე სტეფანეს გაშვება და მეუფე პეტრე ცაავას დაბრუნება მოითხოვეს.
ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ბრძანება #2 გამოსცა, სადაც ახსნილია დეტალურად, თუ რატომ შეუჩერდათ ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება.























