13:02 | 2021-04-09 ავტორი: Prime Time

მღვდელმთავრების შეხვედრაზე მეუფე გრიგოლი არ მიიწვიეს – რა ნიშნით მოხდა მღვდელმთავრების შერჩევა

მღვდელმთავრების შეხვედრაზე მეუფე გრიგოლი არ მიიწვიეს – რა ნიშნით მოხდა მღვდელმთავრების შერჩევა

8 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოში მღვდელმთავართა შეხვედრა გაიმართა, რომელსაც წმინდა სინოდის წევრები არასრული შემადგენლობით ესწრებოდნენ. შეხვედრაზე არ იმყოფებოდა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

 

მეუფე გრიგოლის მდივანმა, დეკანოზმა ამბროსი ხოშტარიამ “რუსთავი2“-ს განუცხადა, რომ ზემოხსენებულ შეხვედრაზე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მიწვეული არ ყოფილა.

 

“ეს არ ყოფილა რაიმე ფორმალური სტატუსის მქონე შეხვედრა, თუმცა ჩვენთვის უცნობია, რა ნიშნით მოხდა მღვდელმთავრების შერჩევა. ამ შეხვედრაზე მეუფე გრიგოლი მიწვეული არ ყოფილა“, – გვითხრა მიტროპოლიტის მდივანმა.

 

 

საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი (ტაბატაძე), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი).

 

მღვდელმთავრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს. მათი თქმით, შეხვედრა, ძირითადად, განხილვა-შეფასებითი ხასიათის იყო და მასზე ერთმანეთის მოსაზრებები შეაჯერეს.

 

მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს და მისი ყველა გადაწყვეტილება ლეგიტიმურად და აბსოლუტურად კანონიერ ქმედებად შეაფასეს. რაც შეეხება მეუფე გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) პოზიციას ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენენზე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის შეფასება ასეთია:

 

“ვფიქრობ, როგორც საერთოდ ცოდვების მიმართ წაყრუება არის ძალიან დიდი რისკების შემცველი საეკლესიო ცხოვრებაში, ასევე, სადამსჯელო ღონისძიებების იმედად ყოფნა არანაკლები სიმძიმეების მომტანია და არანაკლები საფრთხის შემცველია ეკლესიისთვის, რადგან ჩვენ პატარა ქვეყანა, მცირერიცხოვანი ერი ვართ, შესაბამისად, ეს ეკლესია არ არის მხოლოდ წმინდა რელიგიური შინაარსის ინსტიტუცია, თუ შეიძლება, ასე გამოვიყენოთ ეს სიტყვა, არამედ ეკლესია არის ფუძემდებლური ინსტიტუტი ქართული სახელმწიფოებრიობისა, ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა“.

ავტორი: Prime Time

X