19:27 | 2020-05-20 ავტორი: Prime Time

მგონია, რომ ცხოვრების ეს ნაწილი სრულყოფილად ვერ დავასრულე – ინტერვიუ დევნილ კურსდამთავრებულთან

მგონია, რომ ცხოვრების ეს ნაწილი სრულყოფილად ვერ დავასრულე – ინტერვიუ დევნილ კურსდამთავრებულთან

აფხაზეთიდან დევნილმა გოჩა ჩანგელიამ სხვა თანატოლების მსგავსად მეთორმეტე კლასი დისტანციურად დაამთავრა. მისი ოჯახი 2008 წლიდან ზუგდიდში ცხოვრობს.

 

მას სკოლის დამთავრების შემდეგ სხვა გეგმები ჰქონდა, თუმცა კორონავირუსმა მისი გეგმები შეცვალა. იგი პრაიმტაიმს“ საკუთარ გამოცდილებასა და გეგმებზე უყვება: 

 

– ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდული ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი. ევროპის ახალგაზრდა ელჩი საქართველოში და აშშ-ს მიერ დაფინანსებული რამდენიმე პროექტის ხელმძღვანელი. ამავდროულად ვარ აფხაზეთის #11 საჯარო სკოლის მე-12 კლასელი და ბუნებრივია ვემზადები გამოცდებისთვის, თუმცა სანამ ეროვნულ გამოცდებს ჩავაბარებდი, ჩავაბარე გამოცდები რამდენიმე ამერიკული უნივერსიტეტისთვის, რომელთაგანაც American University in Bulgaria და ერთ-ერთ ლიეტურ უნივერსიტეტში დაფინანსება მივიღე, თუმცა ამ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება რამდენად რეალური იქნება ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობია, ყოველივე გამოწვეულია ისევ და ისევ იმ მოულოდნელი მოვლენით, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში კორონავირუსის სახით შემოიჭრა.

 

Image may contain: 1 person

„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ იმდენად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ამ პანდემიის მიუხედავად საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლას შევძლებდი… ეროვნული გამოცდებისთვის არც თუ ისე დიდი ყურადღება მიმიქცევია, თუმცა დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ექსტრემალურ პირობებში მიწევს გამოცდებისთვის მომზადება (სიფრთხილეს თავი არ სტკივა).

 

გამომდინარე იქიდან, რომ ვარ რამდენიმე პროექტის კოორდინატორი და მოქმედი ტრენერი ახალგაზრდებთან ურთიერთობა ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და სწორედ ეს ინტერაქცია არის ის, რაც დიდ სიამოვნებასა და სიხარულს მანიჭებს. თუმცა, პანდემიის შემდეგ პირდაპირი ინტერაქციის შესაძლებლობა აღარ მაქვს ახლაგაზრდებთან, რაც მიუხედავად იმისა რომ ტექნოლოგიების ეპოქის შვილი ვარ ჩემთვის იყო დიდი გამოწვევა ახალი გზებისა და საშუალებების ძიება. ზოგჯერ რატომღაც მგონია რომ ეს სიზმარია და მალე გავიღვიძებ იმდენად სიურეალისტური ჟანრის ნაწარმოებს ჰგავს ის, რაც ჩემს გარშემო ხდება.

 

მედლის ორი მხარე  

 

– მედალს ორი მხარე აქვს ამ დიდ ნეგატივსა და ემოციების კორიანტელში აღმოვაჩინეთ ის რომ ადამიანური ურთიერთობა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენ გვგონია, ამავდროულად ჩვენი მასწავლებლები მუდმივად ძიებაში არიან და იმდენად საინტერესო და ზოგჯერ წარმოუდგენელ რამეებს აკეთებენ თავიანთი მოსწავლეებისთვის, რომ დადებითად განწყობილები ვრჩებით. თუნდაც რამდენიმე დღის წინ პროგრამა ACCESS-ის მასწავლებელმა ნანა კიკალიშვილმა (პროგრამა რომლის კურსდამთავრებულიც მე ვარ) თავისი მოსწავლეები და მათ შორის მეც FOX News-ის ჟურნალისტს ნანა საჯაიას შეგვახვედრა.

 

Image may contain: 1 person, standing

სახლში გამოკეტილებმა იმდენი რამ აღმოვაჩინეთ ჩვენს გარშემო და ჩვენს თავში, რომ პირადად მე ვფიქრდები ხოლმე იმაზე თუ რამდენად ცოტა დროს ვუთმობთ საკუთარ თავსა თუ ოჯახს. ნამდვილად რთულია იფიქრო მომავალზე, მაშინ როდესაც ოთხ კედელს შორის ხარ გამოკეტილი და ერთადერთი რამ რაზეც ფიქრობ ისაა, რომ ახლა უნდა გადავრჩე და იმ უხილავ მტერს დავაღწიო თავი რასაც ვირუსი ჰქვია. თუმცა ამავდროულად ფიქრობ იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მაშინ როდესაც ყველაფერი კარგად იქნება, მე მზად უნდა ვიყო იმისთცვის, რომ გავაგრძელო ის, რაც ვირუსის დაწყებისთანავე დავაპაუზე.

 

არ მინდა ნეგატიურად და კატეგორიულად ვჟღერდე თუმცა ეს ყველაფერი როგორც დედამიწას ასევე ჩვენ ადამიანებს გვჭირდებოდა“,- ამბობს მეთორმეტეკლასელი.

 

– როგორია სკოლის დამთავრება ბოლო ზარის გარეშე?

 

– რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს რთულია! ყოველთვის ქვეცნობიერში მქონდა გამჯდარი, რომ ბოლო ზარი ეს ის პროცესია, როდესაც ნაკვალებით სავსე 12 წლიდან სუფთა მიწაზე გადააბიჯებ ხოლმე, ამიტომაც გაფითრებით ვუცქერდი იმ საოცარ პროცესს, რომელიც დრუიდულ განწმენდის რიტუალს წააგავადა, რომელსაც ბოლო ზარის დარეკვა ჰქვია. ისიც მიკვირდა – რა უხაროდათ ან რა ატირებდათ იმათ, ვინც სკოლას ტოვებდნენ. დღეს მე სახლში ვზივარ და მგონია რომ ცხოვრების ეს ნაწილი სრულყოფილად ვერ დავასრულე. ალბათ იმიტომ, რომ ბოლო ზარი არ დაირეკა, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი სკოლის დირექტორი ლუიზა შონია დღეს ჩემს ნაცვლად დარეკავს ზარს, ცარიელ კედლებში ზარი გალობად გაისმება და ჩვენი სკოლა იზეიმებს მე-12 კლასის ცხოვრების ახალ, სუფთა ფურცელს“,- ამბობს კოჩა.

 

აფხაზეთი

 

– დღემდე მახსოვს დღე, როდესაც სოხუმის ქუჩებში გავვარდი და დავიწყე ყვირილი „აფხაზეთი საქართველოა…“ 8 წლის ბავშვს ამ მოვლენის მნიშვნელობა ბოლომდე არც მქონდა გათვიცნობიერებული, თუმცა ის ისეთი სანუკვარი იყო, რომ გული ამ სურვილს დაუკითხავად და ხმამაღლა აცხადებდა. ერთადერთი რამაც ალბათ ჩემი იქ არ ყოფნა და „უაფხაზეთობა“ შემიმსუბუქა ჩემი სკოლაა, სკოლა სადაც ჩემმა დირექტორმა პატარა აფხაზეთი მოგვიწყო. ვინც კითხულობს ამ ტექსტს შეიძლება გაბრაზდეს კიდევაც და თქვას რა აფხაზეთი აიჩემაო. მაგრამ ეს ბრაზი უმალვე გაუქარწყლდება თუ ენგურის ხიდთან დადგება, იქ სადაც აფხაზეთი ყველაზე ახლოსაა, შეიგრძნობს იმ სუნს, რომელიც ზღვიდან დაქროლილ სიოს მოაქვს – ის აცხოველებს, აღვიძებს, ტერფებს ახურებს და გახსენებს რომ იმედი უკვდავია, რომ მომავალი სისხლით არაა მორწყული და რომ ნათელი დღე დაადგება.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X