
„ინფო რუსთავი“ კორონავირუსით ინფიცირებული ქალის წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ძვირფასო რუსთაველებო!
მესამე დღეა სიტყვებს ვეძებ რომ ბოდიში მოგიხადოთ საზოგადოებას და თითოეულ რუსთაველს შექმნილი მდგომრეობის გამო. მერწმუნეთ წარმოუდგენელია ის სინანული, სასოწარკვეთა, რასაც ამ წუთას განვიცდი.
მოგმართავთ ყველას და შენდობას მოვითხოვ თითოეული ჩემი თანამოქალაქისგან. პირველ რიგში გთხოვთ, ჩემი სათქმელი მიიღოთ როგორც დედისგან, მეუღლისგან, ბებიისგან, რომლის გაუმართლებლი წინდაუხედაობით საფრთხეში ჩავაყენე საკუთარი ოჯახის წევრები: მეუღლე, შვილი და შვილიშვილი.
ისინი დღეს ამ დაავადებას ებრძვიან ჩემთან ერთად. განსაკუთრებით ძნელია იმ აგრესიის და სიძულვილის მოსმენა, რომელიც არა ჩემი, არამედ ჩემი შვილისადმი აქვს საზოგადოებას მიმართული. სწორედ ჩემი გაუმართლებელი წინდაუხედავობის გამო დღეს მისი სახელი ლაფში ისვრება და ეს კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის ჩვენი ოჯახის ყოფას ამ მძიმე წუთებში.
იგი ნამდვილად ღირსეული პიროვნებაა და ამაში ყველა დამეთანხმება, ვინც მას იცნობს. ჩემთან სახლში მოდიოდა, რომ ონკოლოგიურად ავადმყოფ მამას წამლების მიღებაში დახმარებოდა, რადგან ამას მე ფიზიკურად ვერ ვახერხებდი.
მას წარმოდგენაც არ ჰქონდა არსებული საფრთხის შესახებ, თორემ საკუთარ მრავალშვილიან ოჯახს განგებ არ ჩააყენებდა ამ განსაცდელში.
დღეს მისი შვილიც ამ დაავადებას ებრძვის. მტრული აგრესიის ნაცვლად, გთხოვთ, მხარდაჭერა და გამხნევება გამოხატოთ მის მიმართ. ეს დღეს მას ძალიან სჭირდება.
მიიღეთ ჩამი წერილი ღია აღსარებად და უმორჩილესად გთხოვთ, მომიტევოთ.
მაგალითად მიიღეთ ჩემი შემთხვევა, გაუფრთხილდით ახლობლებს, დარჩით სახლში და უფალი გფარავდეთ ყველას.”
შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოს წევრს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მათ შორის სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთანაც.
დეპუტატი დედისგან დაინფიცირდა, ვიდრე მას დიაგნოზს დაუსვამდნენ, ის საკრებულოს სხდომებზეც იმყოფებოდა.
ამ დროისთვის საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.
- შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა.
- ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 162 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
ამავე თემაზე:























