
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდებული უნდა დაკითხულიყო თუმცა მიხეილ კალანდიამ უარი განაცხადა.
„მე მზად ვიყავი სასამართლოსთვის სრულყოფილი ჩვენება მიმეცა, თუ რა მოხდა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, მაგრამ ვინაიდან გიორგი ჯანაშიაზე სავარაუდოდ, განხორციელებულია გენერალური პროკურატურის მხრიდან ზეწოლა, შეიძლება პროკურატურამ მისთვის სასურველი საპროცესო შეთანხმება მიიღო გიორგი ჯანაშიასგან. ჩემგან მიცემული ჩვენება არ იქნება სათანადოდ შეფასებული, რამეთუ, ის წინააღმდეგობაში მოვა 28 იანვრის საპროცესო შეთანხმებასთან. ჩემი ჩვენება ისე იქნება გამოყენებული, როგორც პოლიტიკურ ძალებს სურთ. მითუმეტეს, პრაქტიკაში მაქვს გამოცდილება, როცა სრულად ვითანამშრომლე გამოძიებასთან, მივეცი გულწრფელი ჩვენება, პროკურატურამ ის თავისი ინტერესის სასარგებლოდ, პოლიტიკურად ჩემ წინააღმდეგ გამოიყენა. ვსარგებლობ ბრალდებულის უფლებით და უარს ვაცხადებ ჩვენების მიცემაზე, – განაცხადა კალანდიამ.
შეგახსენებთ, 28 იანვარს უზენაესმა სასამართლომ გუგა ბარბაქაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, გიორგი ჯანაშიას კი საპროცესო შეთანხმება ოფიციალურად გაუფორმდა. მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.






















