
ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ გენერალურ პროკურატურას უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგ მიმართა.
მისი განცხადებით, ვიდრე უზენაესი სასამართლო გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის საქმეზე მიღებულ განაჩენს არ გადასცემს, ის დაცვის მხარის სტრატეგიას ვერ ჩამოაყალიბებს.
„დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემაქვს სარჩელი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რასაც ადგილი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გიორგი შავლიაშვილის მხრიდან, როდესაც მან არ შეასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნიკოლოზ მარსაგიშვილის განჩინება, რომლის მიხედვითაც მოსამართლე ვალდებული იყო, გადმოეცა ჩემთვის გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის საქმეზე მიღებული განაჩენი და ამ საქმეზე არსებული სხდომის ოქმები,“ – განაცხადა ზურაბ თოდუამ.
28 იანვარს, უზენაესმა სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გუგა ბარბაქაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, გიორგი ჯანაშიას კი, საპროცესო შეთანხმება ოფიციალურად გაუფორმდა.
რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, ის დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმეში ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი,ზურაბ თოდუა დღევანდელ პროცესზე 5 მოწმის დაკითხვის შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს, მათ შორისაა დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილი. რამდენიმე წუთის წინ, კალანდიას უფლებადამცველმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გიორგი შავლიაშილის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.






















