
პატიმრობაში მყოფი, მოშიმშილე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები კვლავ მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა, ექიმთა კონსილიუმს ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია ამ დრომდე არ გაუცია.
სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას „ელემენტარული ადამიანურობა” ითხოვს.
„ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს დროულად, კრიტიკულ მდგომარეობას აღარ უნდა დაელოდოს და მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოს სამოქალაქო კლინიკაში და ამას ითხოვს ელემენტარული ადამიანურობა. არ არის დრო პოლიტიკური ბოღმის ნთხევისთვის, რასაც ხელისუფლება ამდენი ხნის მანძილზე აკეთებდა. ჩვენ მოვისმინეთ პროფესიონალის განცხადება და მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში,”-აცხადებს ბექა ბასილაია.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ისაუბრეს მოახლოებულ სასამართლო პროცესზეც, სადაც 7 ნოემბრის საქმე უნდა განიხილონ. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში უნდა ჩატარდეს და არა პენიტენციურ დაწესებულებაში.
„იუსტიციის მინისტრს არ აქვს უფლება სასამართლოს მისცეს დირექტივა, სად უნდა ჩატარდეს პროცესი, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როცა ამ საქმეზე სხვა ადამიანებიც არიან ბრალდებულები, რომელთაც ციხეში შესვლის არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ,”- აცხადებს ბექა ბასილაია.
„ამ პროცესის სასჯელაღსრულებაში ჩატარებას არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება დეგრადირებულია და, პრაქტიკულად, მითვისებულია, არსებობს პროცედურული წესები, რომელიც, ვფიქრობ ხელისუფლებამ არ უნდა დაარღვიოს მოსაჩვენებლად მაინც, რადგან ეს იქნება დემონსტრაციულად ფეხქვეშ გათელვა საქართველოს კანონმდებლობის,”-აცხადებს შოთა თუთბერიძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან აღსარება ჩაიბარა და აზიარა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























