
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას ეხმაურება და ამბობს, რომ იგი მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება, როდესაც სასჯელს მოიხდის. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს.
„მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია ვინმეს დაკავება, არ მიხარია ვინმეს ციხეში გამოკეტვა, ისე როგორც არ მიხაროდა კონკრეტული ოჯახების გაუბედურება, არ მიხაროდა კონკრეტული ახალგაზრდების მკვლელობები, არ მიხაროდა 26 მაისს სახურავზე შემოყრილი გარდაცვლილი ადამიანების გვამები. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მძიმე.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს და ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ – „თავისუფლება მიშას“. მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, რაც მოიხდის სასჯელს“, – აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მან შიმშილობა მალევე დაიწყო. რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, რასაც ხელს უწყობს დაავადება, რომელიც მას აწუხებს. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სააკაშვილის მდგომაროება მძიმეა, არ ადასტურებენ პენიტენციურ დაწესებულებაში და ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
14 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქციაც გამართა. ამასთან, ევროპარლამენტარებმა წერილი გამოაქვეყნეს, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეა საუბარი.
„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ მას არ ექნება საშუალება, წარსდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე,” – ნათქვამია წერილში.
ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები























