09:44 | 2021-10-05 ავტორი: Prime Time

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებული მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.

 

ბრალდებულების ადვოკატმა, გიორგი გოგინავამ განაცხადა, რომ საქმის მასალები მისთვის ჯერჯერობით, არ გადაუციათ.

 

„ბრალდებულ მამა-შვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინათ. წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით დუმილის უფლებას იყენებენ. მზად არიან და მოტივირებულები ბრძოლისათვის. რაც შეეხება საქმის მასალებს, ამ ეტაპზე გადმოცემული არ არის“ , – განაცხადა ადვოკატმა.

 

საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის მუხლით ზურაბ და შალვა წოწორიებს ბრალდება უკვე წარუდგინა.

 

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს.

 

ბრალდებულების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს,5 ოქტომბერს გაიმართება. ზურაბ წოწორიას მეუღლე, ვერიკო წოწორია ამბობს, რომ სამართალდამცავები,გუშინ დილის ოთხ საათზე მივიდნენ ფოთში მათ საცხოვრებელ სახლში.

 

დაკავებულის ოჯახი მიხეილ სააკაშვილთან კავშირს გამორიცხავს. მათი ვარაუდით, ეს ელგუჯა ცომაიასთან ნათესაურ კავშირს უკავშირდება, რომლის სახლშიც დააკავეს ყოფილი პრეზიდენტი.

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X