
ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ცვლილებებია სასამართლოს მუშაობაშიც. კერძოდ თბილისის საქალაქი სასამართლო დისტანციური გრაფიკით მუშაობაზე გადავიდა, საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა კი უფასო გახდა.
როგორც ირკვევა, ცვლილებებით ბოროტად სარგებლობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთა ნაწილმა უფასო სერვისის გამოცხადების შემდეგ მოქალაქეების წინააღმდეგ რეკორდული რაოდენობის სარჩელი შეიტანა. სასამართლოში არ აკონკრეტებენ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, შპს ,,გლობუსმა“ და შპს ,,ფინანსურმა ბიურომ“ ბოლო დღეებში სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობით ყველა რეკორდი მოხსნეს.
ფაქტს თბილისის საქალაქო სასამართლო სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
„თბილისის საქალაქო სასამრთლოს მიერ არაერთგზის გაჟღერებული თხოვნისა და მოწოდებისა, რომ მოქალაქეებმა და მათმა წარმომადგენლებმა შეამცირონ და შეზღუდონ სასამართლოში ვიზიტები, რამდენიმე ორგანიზაციამ ნამდვილად გაზარდა სასამართლოსადმი მომართვიანობა. მას შემდგომ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასამართლოში საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა გახდა უფასო, აღნიშნულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, სასამართლოში ბევრად მეტი სარჩელი წარმოადგინეს, ვიდრე ჩვეულებისამებრ.
თბილისის საქალაქო სასამართლო დისტანციური გრაფიკით შრომის რეჟიმზე გადავიდა, თუმცა ამ ფონზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა არასამუშაო დღეებშიც ფიზიკურ პირთა წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელებით მომართვიანობა გაზარდეს შემდეგი დავის საგნით – ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
სასამართლო განმარტავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, იდება/გადავადდება სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვები.
იმედს ვიტოვებთ, რომ საფინანსო ორგანიზაციები გამოიჩენენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და უფასო დისტანციური სერვისებით ბოროტად არ ისარგებლებენ. აქვე გაცნობებთ, რომ სასამართლოში ყოველდღიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები და კვლავ მოვუწოდებთ მოქალაქეებს მაქსიმალურად შეზღუდონ სასამართლოში ვიზიტი“.






















