
“მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ჩინური ვაქცინა “სინოფარმი” ძალიან ახლოს არის ავტორიზაციასთან”, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
გაბუნიას განცხადებით, ავტორიზაციასთან ახლოსაა რუსული ვაქცინაც, თუმცა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე მისი ქვეყანაში შემოტანა არ იგეგმება.
“ძალიან ბევრი შუალედური კომპანიები გაჩნდა ბაზარზე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ჩინური ვაქცინა “სინოფარმი” ძალიან ახლოს არის ავტორიზაციასთან. ჩვენ ამ ოფციის განხილვა უკვე დაწყებული გვაქვს. რაც შეეხება რუსულ ვაქცინა, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ოფცია არ ყოფილა ჩვენთვის. ავტორიზაციასთან ახლოს რუსული ვაქცინაც არის, თუმცა ბაზარი ფართოა და ქვეყანა მოახერხებს სხვა ვაქცინების მობილიზებას.”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 390 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 172 პირი, ხოლო გარდაიცვალა 10.






















