
ლია მაისურაძე გუდაუთაში დაიბადა და გაიზარდა. მშობლიური მხარე, 35 წლის წინ დატოვა, თუმცა აფხაზური მოგონებები დღემდე ახალივით ცოცხლობს და მის შემოქმედებას კვებავს.
„გუდაუთაში დავიბადე. მამა კახეთიდან, სოფელ წინანდლიდან იყო, დედა კი, აფხაზეთიდან. მეზობლებთან საუკეთესო ურთიერთობები გვქონდა. ომის დროს, მამაჩემი, სწორედ აფხაზებმა გადაარჩინეს და სოხუმში ჩაიყვანეს. ჩემი პირველი ნამუშევარიც, გუდაუთის მიმოზები იყო, რომლებიც ჩემს მეხსიერებაში დღემდე ცოცხლობენ“, – ჰყვება ლია მაისურაძე „პრაიმტაიმთან“.
პროფესიით გამომთვლელი მანქანების სპეციალისტმა, ქარგვის უნარი სამი წლის აღმოაჩინა. ხატვისა და შემოქმედებითი ტექნიკის არცოდნის გამო, ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით მოიძია და შესაბამისი უნარების მქონე ადამიანებისგან რჩევებიც მიიღო.
„დედოფლისწყაროში ვცხოვრობ და ვმუშაობ. თანამშრომელი გოგონა, პალტოზე ორნამენტს ქარგავდა. ინტერესი გამიჩნდა და გადავწყვიტე ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება. ხატვა არ ვიცი, თუმცა ბავშვობიდან ყველაფრის განსხვავებული ხედვა მქონდა, ამიტომ ქარგვა რომ დავიწყე, დედაჩემს არ გაჰკვირვებია- გვეუბნება ლია.
თვითნასწავლი შემოქმედის ბუნებრივი ფერებით შექმნილ ნამუშევრებში, ერთმანეთს ერწყმის, ფერადი ძაფები, ლენტები, სხვადასხვა სახის ბეწვი და ფანტაზია, რომელიც ლამაზი ფოტოს, ან მოგონებებში დარჩენილი ხედის წარმოსახვით ვლინდება.
ძალიან შრომატევადი სამუშაოა, ხან თვეების მანძილზე ვაკეთებ. ერთხელ, მხატვრებმა დამისვეს კითხვა, როგორ ვპოულობ ფერებს. პასუხი არ მაქვს, რადგან თვითონაც არ ვიცი, ნამუშევარმა უნდა გიკარნახოს. ვნახავ ფოტოს, ან ხედს გავიხსენებ და წარმოსახვაში იბადება რაღაც ახალი, რომელიც შემდეგ ნაჭერზე გადამაქვს. სახლში კედლები სავსე მაქვს, გაყიდვა ვერც წარმომიდგენია, ჩემი სულის ნაწილს როგორ შეველევი- ყვება ლია მაისურაძე.
თვითნასწავლი შემოქმედი დედოფლისწყაროში ცხოვრობს. სოხუმში გაცნობილი, სპორტსმენი მეუღლე და სამედიცინო სფეროს თანამშრომელი შვილები, მისი ნიჭით ამაყობენ და მხარს უჭერენ.
ჩემს ოჯახს ნამუშევრები ძალიან მოსწონს, მხარს მიჭერენ, მეუღლეც ამაყობს ჩემი უნარით. გამოფენასაც დამპირდნენ, პანდემიის დასრულების შემდეგ“, – ამბობს ლია მაისურაძე.
მართლაც უნიკალური ნამუშევრების ავტორს, გუდაუთაში დარჩენილი მშობლიური სახლის, მანდარინების ბაღის და ბავშვობის ადგილების მონატრება დღემდე აწუხებს.
შემოქმედი ქალის მომავლის გეგმებში, სწორედ მშობლიურ კუთხეში დარჩენილი კიბის მოქარგვა შედის, რომელსაც იქაური მოსწავლეები „შატალოს კიბეს“ ეძახდნენ.
ლია ამბობს, რომ გუდაუთაში გატარებული, ბედნიერი წლები, სწორედ იმ კიბეზე დარჩა. კიბეზე, რომელსაც ის, თანატოლებთან ერთად, აფხაზეთის ლურჯ ზღვამდე მიჰყავდა
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















