
მინდა, მივესალმო თბილისის მერის ინიციატივას, ქუჩებში ჩატარებული დეზინფექციის სამუშაოების თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გიორგი გახარიამ რეგიონულ საკითხებში მრჩეველს, სოზარ სუბარს დაავალა, მსგავსი ღონისძიებები მსხვილ რეგიონულ ქალაქებშიც ჩატარდეს.
„მინდა, მივესალმო თბილისის მერის ინიციატივას, ქუჩებში ჩატარებული დეზინფექციის სამუშაოების თვალსაზრისით.
აბსოლუტურად სწორი ღონისძიებაა, მისასალმებელია და მინდა ბატონ სოზარს ვთხოვო, რომ მსგავსი ღონისძიებები მსხვილ რეგიონულ ქალაქებშიც ჩატარდეს.
ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ, ეს არის ის მარტივი, სწორი ნაბიჯები, რითაც ჩვენ შეგვიძლია ამ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















