11:27 | 2020-11-06 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„მიშველეთ!“ – გოგოს, რომელიც კოვიდინფიცირებული დედ-მამის შველას ითხოვდა, ორივე მშობელი გარდაეცვალა

„მიშველეთ!“ – გოგოს, რომელიც კოვიდინფიცირებული დედ-მამის შველას ითხოვდა, ორივე მშობელი გარდაეცვალა

გუშინ სოციალური ქსელის ერთ-ერთ სამედიცინო ჯგუფში ახალგაზრდა ქალი კოვიდინფიცირებული მშობლებისთვის დახმარებას ითხოვდა და წერდა:

 

„გამარჯობა! ორივე მშობელი მყავს მძიმედ კოვიდინფიცირებულები! რეანიმაცია ესაჭიროებათ! ყველა თუ ვინმე მყავდა, ნაცნობი შევაწუხე, იქნებ ერთისთვის მაინც მიპოვოთ-თქო და ამ დრომდე არაფერია. იქნება დამეხმაროთ და ერთის სიცოცხლე მაინც შემინარჩუნოთ! გემუდარებით“.

 

მალევე, ამაზე პოსტით გაირკვა, რომ ქალს ჯერ დედა, მოგვიანებით კი მამაც გარდაეცვალა.

 

„თქვენ მომკალით, დედი, მამიი, მიკო რომ არა, თავს მოვიკლავ, მიშველეთ!… შემეშვით, მამაც აღარ მყავს!“, – დაწერა გარდაცვლილების შვილმა სოცქსელში.

 

მანამდე, მშობლების ინფიცირების შესახებ მარი კაკაურიძე ვრცელ ისტორიას ჰყვებოდა:

 

„ჩემი მშობლები სახლში მკურნალობდნენ! გახდნენ შეუძლოდ. მამას გაუკეთეს პსრ-ტესტი და დააწვინეს კლინიკა „ბომონდში“.

 

3 დღის შემდეგ მოვიდა უარყოფითი პასუხი და გამოწერეს სახლში. თბილისიდან ჩასულს მამა დამხვდა ცუდად. ვრეკავ 112-ში და ველოდები მათ 2 საათი. არავინ მოდის, ჩემით მიმყავს „გორმედის“ კლინიკაში, გზაში გამიხდა უფრო ცუდად. ვიძახებ გორის სასწრაფოს და მოდიან 30 წუთში დაახლოებით, მამასთან არავინ ჯდება მედპერსონალი და მე დავუჯექი! გორმედში მისულები 1 საათი დაახლოებით დერეფანში ვიყავით, არავინ გაუკეთა დამამშვიდებელი, სანამ არ ვიყვირეთ. გამოჩნდა 2 ღვთისნიერი ექიმი და იმათ მიმიხედეს და მომიყვანეს დღემდე! ახლა მამას სჭირდება სასწრაფო რეანიმაცია, 2 დღეა და არაფერია! 1505-ს, 112-ს მიმართეო, 112-მა ექიმები აგვარებენო, ექიმმა შენ იპოვე ექიმიო! მამას აქვს კოვიდი და ინსულტი.

 

დედა – დედას არ გაუკეთეს ტესტი, რადგან ფეხზე იდგა და უფრო უკეთ იყო! „ბომონდში“ თხოვნით ერთი გადასხმა გაუკეთეს და გაუშვეს სახლში! მეორე დღეს ცუდად გახდა, გამოვიძახე სასწრაფო და წაიყვანეს „უნიქალმედში“! იყო მიმღებში 2 დღე და არა პალატაში! პირველ დღეს გაუკეთეს გადასხმები, მეორე დღეს არაფერი და მესამე დღეს დამძიმდა. მადლობა მის ექიმს, ვასო ფარცხალაძეს შეუძლებელს აკეთებს დედასთვის! დედასაც ესაჭიროება რეანიმაცია! ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ! თქვენი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის და არასწორი ტესტის პასუხის გამო ვართ ასეთ დღეში! პირველივე სიმპტომიდან დაიწყეს მკურნალობა სახლში, თავისი ხარჯებით !“, – წერდა მარი კაკაურიძე.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X