
მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებულები ფოთის პორტის ორი თანამშრომელია: მამა-შვილი, ზურაბ და შალვა წოწორიები.
ოჯახს მათთან კონტაქტი მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით აქვს.
ამის შესახებ „პრაიმტაიმს” ზურაბ წოწორიას ცოლმა და შალვას დედამ, ვერიკო წოწორიამ განაცხადა.
„ადვოკატის მეშვეობით ვიცით ოჯახმა, რომ თავს მხნედ გრძნობენ. ის, რაც მოხდა, შემთხვევითობას ვაბრალებ. ჩვენი ოჯახი სრულიად აპოლიტიკურია. რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებთ, რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ ეს მხოლოდ ინფორმაციის დონეზე, რომელსაც ტელევიზიის საშუალებით ვიგებთ. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მიტინგებზე სიარული ჩვენი საქმე არაა. ამჟამად სახლში შვილიშვილი, რძალი და მე დავრჩით”, – გვითხრა მან.
მამა-შვილი წოწორიები წლების განმავლობაში ფოთის პორტში, მუშად მუშაობდნენ.
სააკაშვილის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი, ელგუჯა ცომაია წოწორიების ოჯახის ნათესავია. მათ ერთმანეთთან მირონი აკავშირებთ.

წოწორიების მეუღლე და დედა ამბობს, რომ მისთვის ეს ყველაფერი წარმოუდგენელია და კონკრეტული დეტალები მისთვის ამ დრომდე უცნობია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების საქმეზე პროკურატურამ კიდევ ერთი ადამიანის, შსს-ს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ავტორი: თეა შონია






















