
სამცხე-ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მოადგილე, ზურა ხაჩიძე, “პრაიმტაიმთან”, “ქართული ოცნების” დღევანდელი აქციის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ხაჩიძე იხსენებს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდსაც და ფაქტს, რის გამოც იმ რეჟიმმა მისი ოჯახი დააზარალა.
ზურა ხაჩიძე: – როცა კონკრეტული პოლიტიკური ძალა საარჩევნო კამპანიას ამთავრებს, შემაჯამებელ აქციას აკეთებს. ეს აპრობირებული მეთოდია.
“ქართული ოცნების” დღევანდელ აქციას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. უნდა გავაპროტესტოთ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებები.
ნაციონალურ მოძრაობას ჰყოფნის თავხედობა და ხელისუფლებაში მობრუნების სურვილი აქვს. ამ აქციას ის ადამიანები უერთდებიან, ვინც იმ წლების მანძილზე დაზარალდა, დაიჩაგრა. მათ შორის ბუტა რობაქიძის და გიორგი გამცემლიძის დედები. ასევე ის ადამიანები, რომლებმაც იმ დროს იყვნენ ტერორის ქვეშ. მათ შორის, ვარ მეც.
2007 წლის ნოემბრის მიტინგებზე გამოსვლის შემდეგ დაიწყო ჩემზე ზეწოლა. მე მაშინ ხელისუფლებას მოვუწოდე ხალხისთვის მოესმინათ. ხალხისთვის, რომელსაც სრულიად საფუძვლიანი პრეტენზიები ჰქონდა. ასე რომ, საკუთარ თავზე ვიწვნიე ნაციონალური მოძრაობის მმართველობა.
როგორც კი მიტინგზე გამოვედი, სამართალდამცავებმა მამას ბინის ჩხრეკა დაიწყეს, თან უაპელაციოდ. შემდეგ კი ის დააკვეს. მოსამართლემ პირობითი სასჯელი, ხუთი წელი მიუსაჯა. პროკურორმა თქვა, რამდენ წუთიანი სიტყვაც თქვა ზურა ხაჩიძემ მიტინგზე, მამამისმა იმდენი ათასი ლარი უნდა გადაიხადოსო. გადაახდევინეს 5 ათასი ლარი.
აი, როგორი რეჟიმი იყო. მაგრამ მე იმ გაუბედურებული ოჯახების ფონზე, ვინც შვილები დაკარგეს, რა მაქვს საწუწუნო. უწესიერესი ბუტა რობაქიძე ჩემს წინ ცხოვრობდა კეკელიძეზე. გიორგი გამცემლიძესაც ვიცნობდი… სრულიად უსამართლოდ ესროლა პატრულის თანამშრომელმა.
ნაცმოძრაობის მხარდამჭერებისგან განსხვავებით, სიძულვილის ენით არ გამოვირჩევი. არც “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან აგრესიულნი.

ყველას აქვს არჩევანის თავისუფლება, თუმცა აქვე უნდა დაფიქრდნენ, რა მმართველობა იყო, რა მასშტაბის დანაშაული ჩაიდინეს. რახან მათ უჭერ მხარს, ესე იგი, იზიარებ მათ პოზიციას, იმ უსამართლო ნაბიჯებს, რომელიც იმ ავადსახსენებელ წლებში იდგმებოდა.
არ მეგულება ოჯახი, სამეგობრო, სანათესაო, სადაც პოლიტიკურად განსხვავებული გემოვნების ადამიანები არ არიან. მადლობა ღმერთს, ჩემს გარშემო ამ ნიშნით არც მეგობრები ვკარგავთ ერთმანეთს და არც აგრესიით ვართ განწყობილნი.
ჩემს ჯგუფში, “ქუჩის ბიჭებში” ყველა ერთ აზრზე ვართ. პაატა ხაჩიძე ჩემს გვერდით დგას, შემდეგ ირაკლი ნოზაძე შემოგიერთდა. გურამი ამერიკაში იყო და ნაკლებად ახსოვს იმ წლებში აქ რა ხდებოდა. ის ახლა მხარს კოალიციურ მთავრობას უჭერს. იმაში, რომ ქვეყანას განვითარება და სტაბილურობა სჭირდება, სიმშვიდე და არა საზოგადოების პოლარიზება, ყველა უნდა ვთანხმდებოდეთ. წყენა გვერდზე უნდა გადავდოთ, დასასჯელი უნდა დაისაჯოს.

მე როგორც ჩინოვნიკს, უნდა მქონდეს განცდა, რომ როცა ჩავიდენ დანაშაულს, პასუხიც უნდა ვაგო.
სააკაშვილის რეჟიმის დროს, მობილურის ქურდობისთვის ბავშვს 10 თუ 15 წელი მიუსაჯეს და არ შეიძლება ნაცმოძრაობა აპროტესტებდეს, რატომ არის მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებული და “ასეთ” პირობებში. იმ პირობებში რომ მოხვედრილიყო, ორი დღე ვერ გაძლებდა, დარწმუნებული ვარ. იმ დროს ჩემი ბევრი ახლობელი იჯდა ციხეში, უსამართლოდ, პოლიტპატიმარი იყო.
მოკლედ, ჩვენს ქვეყანას უკან გადადგმული ნაბიჯი არ სჭირდება. გვინდა სიმშვიდე, წინსვლა და სტაბილურობა, რათა 2024 წელს ევროკავშირში თამამად გავაკეთოთ განაცხადი.
იქ, სადაც ჩემი ქვეყნისთვი ჩემი მხარდაჭერაა საჭირო, ყოველთვის იქ ვარ. ეს ჩემი პოზიცია და შინაგანი გამოძახილია.























