
ანსამბლ “ერისიონის” ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელისა და დამსახურებული არტისტის, ჯემალ ჭკუასელის მეუღლე, გიული ჭკუასელი 14 მაისს კლინიკაში გარდაიცვალა.
ორი კვირაა, ჭკუასელების ოჯახი, კლინიკაში კოვიდ-19-ზე მკურნალობის კურსს გადიოდა. ჯემალი, გიული, მათი ქალიშვილი, სიძე და შვილიშვილი ერთდროულად განთავსდნენ სამკურნალოდ… ქალბატონ გიულის უკანასკნელი პერიოდი ისედაც მძიმე ჰქონდა. წლებია, რაც სიმსივნეს ებრძოდა, გასული წლის ბოლოს ინფარქტიც გადაუტანია. ამდენად, დასუსტებულმა, ნაავადმყოფარმა ორგანიზმმა კორონავირუსი ვეღარ გადაიტანა.
“ჯემალმა და გიულიმ 65 წლიანი თანაცხოვრება სულ სიყვარულში გალიეს, არაჩვეულებრივი წყვილი იყო…” – “პრაიმტაიმთან” აცხადებს “ერისიონის” დირექტორი, ოთარ ბლუაშვილი.
ერთ ძველ ინტერვიუში მომღერალი და ქორეოგრაფი, საყვარელ მეუღლეზე, ამბობს: “ჩემი სიცოცხლეა, ჩემი მეუღლე გიული, რომელმაც შემაქმნევინა ეს ოჯახი. რაც დღეს მაქვს, შვილები და შვილიშვილები გამიზარდა. ვეტყვი, რომ დღესაც ისევე მიყვარს, როგორც პირველ დღეს და მის გარეშე ცხოვრება ვერ წამომიდგენია. ოჯახში ყველაფერს ის აგვარებს, მადლობას ვეუბნები ჩემთან ერთად გატარებული წლებისთვის.”
ხვალ ჯემალ ჭკუასელს 86 წელი უსრულდება. ხვალვე იკრძალება მისი ცხოვრების თანამგზავრი…
პალატიდან გაყვანილი მეუღლის გარდაცვალება იგრძნო და შვილიშვილს, რომელიც თავზე ადგას და უვლის, გურული პირდაპირობით ჰკითხა – მითხარით, დაიღუპა და მიმალავთო?

ოთარ ბლუაშვილი: – გიულის შვიდი-რვა წელია სიმსივნე ჰქონდა. გასული წლის ბოლოს ინფარქტი დაემართა. დიდ ხანს იწვა კლინიკაში. ცუდად იყო. ოჯახის წევრები მისი გარდაცვალების მოლოდინში იყვნენ. ბოლოს, კორონავირუსი დაერთო და მოუსწრაფა კიდეც სიცოცხლე.
ორივე ერთად დააწვინეს, ერთ პალატაში გადიოდნენ მკურნალობას. სირთულე არც ერთთან არ შეიმჩნეოდა. მაგრამ რახან გიულის ორგანიზმი დასუსტებული ჰქონდა, ადვილად მოერია ვირუსი. ჯემალსაც ბევრი დაავადება აქვს, თუმცა, ფიზიკურად, შედარებით ძლიერია და მას ვერ მოერია ინფექცია. გიული ბოლოს ისეთ ტკივილებში იყო, რომ ტკივილებს რომ არ შეეწუხებინა, ქიმიას უკეთებდნენ. გარდაცვალებამდე, ორი დღით ადრე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
პარასკევს, ღამის 11 საათზე გარდაიცვალა… ჯემალს არ უთხრეს, მაგრამ მის მახვილ თვალსა და გონებას რა გამოეპარებოდა. თან გიული პალატიდან რომ გაიყვანეს, უკვე ხვდებოდა, რომ ცუდად იყო. შვილიშვილი უვლის, თავზე ადგას და იმისთვის უთქვამს, თქვენ რაღაცას მიმალავთო. გაბუსხული რომ დადიხართ, გგონიათ, ვერ ვხდები, რომ გარდაიცვალაო. იგრძნო, ამდენ წელს რომ იცხოვრებ ადამიანთან ერთად, უკვე სხვაგვარად გრძნობ მას. თან სხარტი აზროვნება აქვს. პირდაპირ უკითხავს, მითხარით, დაიღუპა და მიმალავთო?
ჯემალი და მისი შვილი დღეს დატოვებენ კლინიკას. ხვალ, 18 მაისს 86 წლის ხდება და ხვალვე იკრძალება გიულიც, რომელიც 22 მაისს 82 წლის გახდებოდა.

გიული 17 წლის იყო, ჯემალი 21 წლის, როდესაც გაიპარნენ. ძალიან კარგი წყვილი იყო. გიული ცოტა ხანი “სუხიშვილებში” ცეკვავდა. მერე უკვე ოჯახს ჩაუდგა სათავეში.
საოცარი ადამიანი იყო, იშვიათი. წყენას არავის აგრძნობინებდა. ბოლოს ტკივილები ტანჯავდა, მაგრამ ოჯახის წევრებს ამით არ აწუხებდა. რომ გათეთრთებოდა ან გაყვითლდებოდა, მაშინ ატყობდნენ, რომ სტკიოდა. თავის სატკივართან მარტო იყო.
საოცარი ქალი იყო. ბატონი ჯემალი ნახევრად ხუმრობით ამბობდა, მე გამიძლო 60 წელზე მეტია და ჩემპიონზე ჩემპიონიაო. ოჯახის საზრუნავი მთლიანად თავის თავზე ჰქონდა აღებული და მე მთლიანად საქმეზე ვიყავი გადართულიო. თვითონ დარბოდა, ხან სად იყო, ხან – სად. მაგრამ იმედიანად იყო, იცოდა, სახლში ყველაფერი დალაგებული ხვდებოდა.
სამი შვილი ჰყავთ, შვილიშვილები, შვილთაშვილები… ჯემალის უფროსი ვაჟი, 62 წლის შერმანდი, “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელია. ჩვენი მთავარი ქორეოგრაფია ჯემალის ქალიშვილი, ეკა ჭკუასელი, სიძე კი – “ერისიონის” მომღერალია. შვილიშვილის ქმარიც “ერისიონის” სოლისტია.
ჯემალი ყავაჯნებით დადის. ან სავარძელშია, ან წევს. სხვა მხრივ ფიზიკურად ჯანმრთელია. არადა, ბუნებით მოუსვენარია. გუშინ შვილი ჰყვებოდა, ცოტა ხნის წინ თავი მოიკლა, ხაშმში წამიყვანეთო. წაიყვანეს ხაშმში. ახლა ჩემი ღვინო დამალევინეთ, ერთი ჭიქაო! ეწინააღმდეგებოდნენ, არ შეიძლება შენთვის ღვინოო. რა მნიშვნელობა აქვს, ახლა მოვკვდები თუ ერთი თვის შემდეგო. მაინც დაულევია ერთი ჭიქა და თან დიდი სიამოვნებით. ადამიანი მთელი ცხოვრება ქეიფობდა. მთვრალი არავის უნახავს, უკეთესი მომლხენი და მოქეიფე, ძნელად მოიძებნება.
რამდენად მისცემენ ექიმები ჯემალს ხალხმრავალ პანაშვიდებზე ყოფნის უფლებას, არ ვიცი.
გიული ჭკუასელის გასვენება ხვალ, 18 მაისს, დიდუბე-დიღმის ხიდთან მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან, 15 საათზე შედგება და საბურთალოს სასაფლაოზე დაიკრძალება.
ასევე ნახეთ ვიდეო – მამა სერაფიმე მძიმე სნეულებას ებრძვის























