
სუდარა მომავალი საცოლისთვის წინასწარ ნაყიდი საპატარძლო კაბის საკაბისგან შეუკერეს, კუბო სახურავიდან ჩამოღებული ფიცრებისგან შეუკრეს… ასეთ საველე პირობებში კრძალავდნენ, გორის სატანკო ბაზის დაბომბვისას დაღუპულ, 24 წლის გიორგი მურადაშვილს მამისეულ სოფელში, სკრაში. ღამით ბაღჩაში დასაკრძალ ადგილსაც ეძებდნენ, რუსის პარპაში უკვე დაწყებული იყო.
პროცესია თავზარდამცემი იყო – მიასვენებდნენ და თავზე ბომბდამშენები დასტრიალებდნენ, გზადაგზა წვებოდნენ, იმალებოდნენ, მერე ისევ დგებოდნენ, გზას აგრძელებდნენ… 11-ის ნახევრისთვის უკვე რუსი სნაიპერები ისხდნენ მათ ხეივანზე…გიორგი მურადაშვილი მამის გვერდით დაკრძალეს…
„7 აგვისტოს საღამოს ამოვიდა სახლში ცოტა ხნით, მოწესრიგდა და ნაწილში დაბრუნდა. მთხოვა, მეორე დილით მიმეწოდებინა გასარეცხად დატოვებული ტანსაცმელი, მაგრამ 8-ში, დილით, უკვე იცლებოდა ქალაქი. ბომბდამშენები დაფრინავდნენ, პირველი ბომბი უკვე ჩამოგდებული იყო… ვიღაცის მანქანას გადავუდექი, ვეხვეწებოდი, შვილი სამხედრო პირი მყავს, როგორმე ბაზამდე ამიყვანეთ, ტანსაცმელი და პროდუქტი რომ მივაწოდო-მეთქი. ჩანთას რომ ვაწვდიდი, ჩვენს თავზე ბომბდამშენები დაფრინავდნენ… ქალაქს ზვერავდნენ…
მეხვეწებოდა, ქალაქიდან გადიო. არ გავდიოდი. თავის მეგობარს დაურეკა სამხედრო პოლიციაში, დედაჩემია მარტო იმხელა კორპუსში, თავისი ნებით არ გადის და გეხვეწები, გაიყვანეო.
აქვე, სახლთან ახლოს ვიყავი, მეშვიდე სკოლა რომ დაიბომბა, დავურეკე და ისევ ქალაქიდან გასვლას მთხოვდა, გორიდან გადი, 9 აგვისტოს მამას საფლავზე შევხვდებითო. არ ვიცი, ეს რა იყო… 9 აგვისტოსო, მითხრა, და 9 აგვისტოს დაიღუპა… დაბადების დღე მიულოცა მამამისს…
გიორგი გარეთ გასულა, საწყობს უნდა დავხედოო (სანივთე საწყობი ებარა), ჯარისკაცი მიყვებოდა, თამრიკო დეიდა, გავიდა თუ არა, პირველი ბომბი დაეცა ბაზას, გიორგი, ჩემს წინ ჰაერში ავარდა…
ჰოსპიტალში რომ მიუყვანიათ, ვეღარაფერი უშველიათ. მე რომ ჩამომიყვანეს, უკვე გადასვენებული ჰყავდათ სკრაში, დამახვედრეს ჩემი შვილი… მერე უკვე გავითიშე… ერთი კვირა ყოველ ღამე ვღრიალებდი… საერთოდ, სულით ძლიერი ადამიანი ვარ, არ მჩვევია მალე დაცემა, ყოველთვის მებრძოლი ვიყავი და ბოლომდე მებრძოლად ვრჩები, მე მგონი, ისევ ჩემმა შვილმა მომცა ეს ენერგია…“ – იხსენებს გმირის დედა.






















