
ანსამბლ “ქართული ხმების” მეორე ხმა, 42 წლის ზურა ბაკურაძე დღეს მშობლიურ სოფელში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ზურა ონის რაიონის სოფელი სევადანა არის. იქ ძალზედ ხშირად ჩადიოდა და სამეგობროსაც ეპატიჟებოდა. რამდენიმე დღის წინ სოფელში დედა დაკრძალა და ოჯახთან ერთად იქ იმყოფებოდა.
როგორც მომღერლის ახლობლები და მეგობრები ჰყვებიან, ზურამ და მისმა სამეგობრომ ცხენები შეიძინეს. ხშირად ნადირობდნენ, ჯირითობდნენ… ჯერჯერობით, დაზუსტებით არავინ იცის, იმ მომენტისთვის ზურა ცხენით იყო თუ არა, ფაქტია, მომღერალი ხევში მაღალი კლდიდან გადავარდა… მაშველებმა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
“თეატრალურის კვარტეტის” წევრი, ლაშა კერვალიძე “პრაიმტაიმთან” მეგობარს იხსნებს.

ლაშა კერვალიძე: – ჩვენ ახლო მეგობრები ვიყავით, საერთო სამეგობრო წრე გვყავდა. სანადიროდ ერთად დავდიოდით. ბოლოს დედის პანაშვიდზე ვნახე.
დედა დაახლოებით, ათი დღის წინ დაკრძალა. პოსტკოვიდური მდგომარეობა ერთი თვის შემდეგ გაურთულდა და კლინიკაში გარდაიცვალა. ბედნიერი ყოფილა, საწყალი, ამ დღეს რომ არ მოესწრო.
მეგობარმა დამირეკა, ვინც მასთან ერთად იყო. მერე მაშველებიც მივიდნენ და ეს საშინელი ამბავი მითხრა. ზურას ძმა, გივი არ პასუხობს ზარებს.
ზუსტად არ ვიცი, ზოგმა თქვა, ცხენებით იყვნენო, ზოგმა თქვა – ფეხითო…
ძალიან მაღალი კლდიდან გადავარდნილა. სანამ მაშველები მივიდოდნენ, იმედი გვქონდა, რომ ცოცხალი გადარჩებოდა… მობილიზებული იყო ვერტმფრენები. დიდი სამეგობრო ჰყავს, ყველა ფეხზე დადგა. მაგრამ ძალიან მაღალი კლდიდან გადაჩეხილა, საეჭვო იყო იქიდან მისი ცოცხალი ამოყვანა.

ზურას ორი შვილი ჰყვას. ქალიშვილმა სკოლა დაამთავრა, ბიჭმა – ბაღი. ბევრი გეგმა ჰქონდა. როცა ვიკრიბებოდით, ახალ-ახალ გეგმას სახავდა. აქტიურობდა, ბიზნესის დაწყება სურდა…
ზურა და მისი ძმა თემურ ქევხიშვილთან მღეროდნენ, დიდი ხანი იყო ანსამბლ “რუსთავის” სოლისტი. შემდეგ გადავიდა “ქართულ ხმებში”.
სიკეთის მეტი გონებასა და გულში განზრახვა არ ჰქონია. ძალიან გულშემატკივრობდა ყველა კოლეგასა და მომღერალს.
დიდი და კეთილი მეგობარი დავკარგეთ ყველამ. ასეთი საშინელი ამბავი დაგვემართა.
ვუსამძიმრებ ოჯახს, საქართველოს და “ქართულ ხმებს”. ბიჭებმა არაჩვეულებრივი ხმა და მეგობარი დაკარგეს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს.
ოთო კოვზირიძე: – გული ჩამწყდა, ვერც ვაცნობიერებ ამ ამბავს. ვწუხვარ, ვერაფერს გეტყვით…

ზურა ხაჩიძე: – რა ბიჭი იყო! რა საყვარელი! ძალიან მაგარი ადამიანი იყო. მაღალი პროფესიონალი, ფოლკლორის უბადლო შემსრულებელი. სახე სულ უცინოდა. თბილი და გემრიელი.
ძალიან ნათელი და კეთილშობილი კაცი იყო, უტკიბლესი ბიჭი.
დედა რომ გარდაეცვალა, ვერ ჩავედი რაჭაში, ისე მივუსამძიმრე. რაჭაში იყო ხშირად. სულ მეპატიჟებოდა, ჩამოდიო. მე ჩემს მეგობრებთან დავდივარ რაჭაში და ამას რომ ვუყვებოდი, შენ როგორ გყვარებია ჩემი რაჭა, ერთხელ ერთად წავიდეთო, მითხრა. ვერ მოვასწარით.
შარშან პანდემიის დროს გადაიღო ეს ვიდეო და ერთ-ერთი შეხვედრის დროს, მაჩვენა. ახლა ინტერნეტში გადავაწყდი… ვიდეოს “დარჩი სახლშის” ნაცვლად დააწერა “დარჩი მთაში”.
მე მისი ძმაკაცი არ ვყოფილვარ, თუმცა სადმე რომ შევხვდებოდით, სულ თბილად ვკონტაქტობდით.
თურმე მიწა მოწყდა. მაშველები რომ მისულან, გული უცემდა თურმე… ეგონათ, რომ გადაარჩენდნენ…
ძალიან გული მეტკინა. განადგურებული ვარ. ვერსად ვერ მივდივარ, სახლში ვარ, ცრემლებს ვერ ვიჩერებ.






















