
19 ოქტომბერს გიგა ლორთქიფანიძე 94 წლის გახდებოდა.
მახსოვს, გარდაცვალებამდე, რამდენიმე თვით ადრე ინტერვიუ რომ ჩავწერე, საწოლს მიჯაჭვული იყო; ერთადერთმა ფეხმა უმტყუნა. მოწესრიგებული და გულწრფელი იყო. საწოლზე ელექტრო საპარსი ედო, თავი ყოველდღე ფორმაში მომყავსო, მითხრა.
ყოველღამე სიზმრად ვხედავ, ან ჩემი ფილმების გადაღებაზე ვარ, ან სპექტაკლების რეპეტიციაზეო, ამბობდა.
მაესტროს უფროსი ქალიშვილი, ნანა ლორთქფინიძე ჩვენთან მამას იხსენებს. მსახიობი დასძენს, რომ გიგას გარეშე მათი ოჯახი ძალიან მოწყენილი და სევდიანია.

ნანა ლორთქიფანიძე: – პატარა ბავშვით უყვარდა და უხაროდა თავისი დაბადების დღე. საერთოდ, დღესასწაულების აღნიშვნა უყვარდა.
დაბადების დღეს ყოველთვის იხდიდა. დედა ეტყოდა, გიგა, ზუსტად მითხარი, რამდენი ადამიანი მოვა. სიურპრიზებს ნუ მომიწყობო. მაგრამ მაინც ისე ხდებოდა, რომ ათი-ოცი ადამიანით მეტი მოდიოდა. ვინც დაურეკავდა და მიულოცავდა, ყველას ეპატიჟებოდა. მერე იწყებოდა მეზობლებისგან მაგიდების და სკამების გადმოტანა.
არ ვიცი, როგორ ვახერხებდით, სახლში 60 კაცზე იშლებოდა სუფრა. ყველაფერს დედა აკეთებდა. ძალიან კარგი კულინარია დღესაც. მამა თვლიდა, რომ მისი ქეთევანი საუკეთესო მზარეული იყო. მიაჩნდა, რომ ვერავინ ვერ ამზადებდა ისე გემრიელ სადილებს, როგორც დედა.

ერთი პერიოდი, დედა რომ ავად იყო, შვილებს შეგვქონდა მამასთან ჩვენი მომზადებული კერძები და ეს რა არის, ქეთინოსგან ვერ ისწავლეთ საჭმლის გაკეთებაო?! ამას გვეტყოდა მიუხედავად იმისა, რომ არ ითვლება, რომ ჩვენ ცუდად ვამზადებთ.
ბოლოს უკვე, როცა მისი მეგობრები თითზე ჩამოსათვლელად იყვნენ შემორჩენილნი, იტყოდა, დღეს დავპატიჟებ ჩემს ქვრივებსო და მოიპატიჟებდა მისი მეგობრების ცოლებს.
მათთანაც კარგად გრძნობდა თავს. ამხიარულებდა. ისტორიები ხომ არ ელეოდა. ცოცხალი ენციკლოპედია იყო.
ნოდარ დუმბაძე ჩემი ნათლია იყო. ჩვენთან რომ მოდიოდა, მე პატარა ვიყავი და ბავშვური მეხსიერებით ჩარჩენილი მაქვს: გულრიფშის სახლში ავადმყოფს ფორთოხლები რომ მომიტანა…
მამა და ნოდარი კაბინეტში შევიდოდნენ, მუშაობდნენ, ხან იცინოდნენ, ხან ტიროდნენ. ძმებივით იყვნენ.
ბოლომდე მეგობრობდა ბავშვობის მეგობრებთან. საერთოდ, ბევრი მეგობარი ჰყავდა გარშემო.
უყვარდა იუბილარის ამპლუა. 19 ოქტომბერს სულ ბრჭყვიალებდა, ბრწყინავდა… ისტორიების მოყოლა, სიმღერა-ცეკვა, მამას დაბადების დღეები ერთი სანახაობა იყო. გიგას დასვამდნენ როიალთან და მღეროდნენ. ხმებში შლიდნენ.
მახსოვს, მაშინ პეკინზე ვცხოვრობდით და შუაღამეს, ჩვენთან რომ ერთი ამბავი იყო, დარეკა მეზობელმა. დედამ იფიქრა, შევაწუხე მეზობლებიო და საყვედურის მოლოდინში, წუხდა და… ამ დროს, ქეთინო, ადამიანი არ ხარ?! გააღე ფანჯრები, წესიერად გაგვაგონე სიმღერებიო…

მიდიოდა ორ-სამდღიანი ქეიფები და დედასაც არ ეზარებოდა ამხელ სუფრების მომზადება-გაშლა. სტუმრებს რომ აცილებდა, მიაძახებდა: ბიჭებო, ხვალ დილით ხაშზე გელოდებითო. მამა ეტყოდა, არ დაიღალე, დაანებე თავი, ხაში სახაშეში ჭამონო. მაგრამ დედას არ ეზარებოდა, რადგან მამა იყო ისეთი, რომ სახლში სიცოცხლე და ხალისი შემოჰქონდა.
რაღაც ფილმზე, თუ სპექტაკლთან დაკავშირებულ საკითხებზე კამათი იყო, მე ვიტყოდი, დაიცა, ახლა მამას დავურეკავ და ზუსტ პასუხს მეტყვის-მეთქი. სახლში მყავს გუგლიც და ინტერნეტიც-მეთქი. მამაც ყოველთვის სწორ პასუხებს მცემდა.
სულ ვენდობოდი რჩევაში, გემოვნებაში, როგორც რეჟისორს…
პირად ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვან რჩევას მაძლევდა. მიუხედავად ჩემი არეულ-დარეული ცხოვრებისა, მამა ყოველთვის გვერდში მედგა.
მიაჩნდა, რომ თუ ბედნიერი არ ხარ, ადამიანთან არ უნდა იცხოვრო. შეიძლება მისმა ამ მხარდაჭერამ და “ზურგმა”, ზედმეტად გამათამამა. იყო “აზიატიც”, მაგრამ პროგრესული.
მოსწონდა, რომ დედას ეცვა მოკლე კაბა, იკეთებდა მაკიაჟს. ეუბნებოდა, ქეთინო, დღეს თვალებზე რატომ არ გაქვს ის რაღაცები გაკეთებულიო, “სტრელკებს” გულისხმობდა.
სამი ქალიშვილი ვყავართ და სამივეს გვიგებდა. გვსაყვედურობდა, შენიშვნას გვაძლევდა. შიშიც გვქონდა.
ოჯახი რომ დამენგრა, მამამ ბევრად ადრე შემატყო, რომ ვერ ვიყავი კარგად. ნანა რა იყო, მე შენ არ მომწონხარო, მეტყოდა.
ტრავმირებული და განცდებში მყოფი რომ მნახა, მითხრა, აზრზე მოდი და დაიმახსოვრე: ცხოვრების თავიდან დაწყება არასოდეს შეგეშინდესო. უცებ გამომაფხიზლებდა.
ახლა ვხვდები, ჩემი ეს ნაბიჯები, ჩემი მშობლების რამხელა განცდებთან იყო დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ცდილობდნენ არ შეემჩნიათ და გვერდში დამდგომოდნენ.
ნებისმიერ საკითხზე შემეძლო მასთან საუბარი. მქონდა მისი ნდობა. ვიცოდი, რომ მისი რჩევები ჩემთვის საუკეთესო იქნებოდა.
არ არსებობდა შვილებისგან და შვილიშვილებისგან დაღლილიყო. ერთი დღე რომ არ მივსულიყავი, ისეთ სიტყვებს მეტყოდა: ასეთი რა დაგიშავე, ბავშვები ასე უნდა მომანატროო, ვინმეს რომ მოესმინა, ეგონებოდა, ტირანი შვილი ვიყავი. ჩვენს სახლში დიდი აურზაური იყო. გიგა ამით ცოცხლობდა.
საოცარი მამა, ბაბუა და ქმარი იყო. დედა მისი წასვლის შემდეგ დაინგრა. ვერ გამოვიდა მდგომარებიდან. ძნელია მამასნაირი ქმრის დაკარგვა.
ბოლო წუთამდე 17 წლის ბიჭივით იყო დედაში შეყვარებული. ბოლო წუთამდე, სიყვარულს უხსნიდა, ეჭვიანობდა და ჩემო მარგალიტო და ბრილიანტოო, მიმართავდა.

ერთი პერიოდი ორივე ერთად იწვნენ რეანიმაციაში. ოპერაციაზე რომ მიჰყავდათ დედა, ღია კარებიდან დაინახა მამამ. ქეთინომ ცერა თითი აუწია. მამას თავზე ექთანი ბიჭი ედგა და გიგამ მას უთხრა, რა ლამაზია, არაო? ჩვენ სიცილი აგვიტყდა. იმ წუთას დედა ნამდვილად არ იყო ლამაზი, მაგრამ მამას ასე ეჩვენებოდა. არ გრცხვენია, რას ლაპარაკობო, დედამ უთხრა.
ბოლომდე ასე მიაჩნდა, რომ ყველაზე ლამაზი და საუკეთესო მზარეული ცოლი მას ჰყავდა. რომ წაკინკლავდებოდნენ, მამა ურიგდებოდა პირველი. ნუ მეტენებიო, დედა ეტყოდა. ქეთინო, უნდა შეგეტენოო, ეხუმრებოდა მამაც.
ძალიან მაკლია მამა. რვა წელი გავიდა და ვერ მოვინელე. ვერ ვეგუები…
მამას შემდეგ ჩვენი ოჯახის ცხოვრება გაუფერულდა…
























