
პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს პროკურატურის გამომძიებლები, სავარაუდოდ უახლოეს ხანში დაკითხავენ. მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელიც სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა.
საინტერესოა რას ედავება პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს კონკრეტულად ამ ეპიზოდზე? რა კითხვები აქვს გამოძიებას მიხეილ სააკაშვილთან?
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის აგვისტოში დაუსწრებლად წარუდგინა. საუბარია 8 მილიონ 837 ათას 461 ლარზე, რომელიც სრულიად გასაიდუმლოებულ რეჟიმში გაიხარჯა. რატომ გახდა საჭირო ხარჯების გასაიდუმლოება?
ყველაფერი 2009 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მოიწვია მასაჟისტი დოროთი შტეინი, ე.წ. „დოქტორ დოტი“, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს გაუწია შესაბამისი მომსახურება, თუმცა მოგვიანებით, დოქტორ დოტის მიერ საქართველოში სტუმრობის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში განთავსდა, რის შემდეგაც მისი საქართველოში ვიზიტისა და პრეზიდენტისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ მასაჟისტ დოროთი შტეინის საქართველოში შემოყვანისას და ქვეყნის დატოვებისას მისი მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
სამომავლოდ პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მისი პირადი მიზნებისთვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და ის ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით.
პროკურატურის ცნობით, სწორედ ასე დაიწყო მილიონობით თანხის ხარჯვა საიდუმლო რეჟიმში. გამოიცა პრეზიდენტის „საიდუმლო“ განკარგულება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე, მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, კოსმეტიკური პროცედურების, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების შეძენის, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯების დაფინანსება.
თანხების ჩამოწერას გრიფით „საიდუმლო“ პატაკებით ახორციელებდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი.
გამოძიების მასალებით დგინდება, რომ 2009-2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში დაიხარჯა 673 260 ლარი, აქედან უშუალოდ სააკაშვილის პროცედურებზე დახარჯულია 399 495 ლარი. კერძოდ, მან საზღვარგარეთის სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ე.წ. „ბოტოქსისა“ და ეპილაციის პროცედურების ჩასატარებლად, მათ შორის მიუნხენსა და ნიუ-ორკში.
პროკურატურას სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული სხვა „საიდუმლო“ ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რითიც ირკვევა, რომ, მაგალითად, პრეზიდენტისთვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურების, საცხოვრებელი ფართის დაქირავების, მზარეულის თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისა და მზარეულის ესპანეთში მგზავრობის მიზნით სულ გახარჯულია 191 643 ლარი;
მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ბათუმში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 342 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე, მისი დის ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად – 38 247 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის ავიალაინერის დაქირავებისთვის გადახდილია 503 383 ლარი; იტალიაში, ქალაქ ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისთვის გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისთვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისთვის ველოსიპედების დაქირავებისთვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისთვის გადახდილია 25 237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისთვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტიუმის შესაძენად – 7 994 ლარი (რის გამოც ამ საქმეს საზოგადოების ნაწილმა ე.წ. „პიჯაკების საქმე“ უწოდა); აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია, ჯამში, 53 283 ლარი; ლონდონში მკერდით მხატვრის, მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; ასევე, ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქრაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვებისა და ავიაბილეთების ხარჯებმა ორ დღეში შეადგინა 127 858 ლარი და სხვა.
ეს და სხვა ხარჯები უშუალოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის „საიდუმლო“ პატაკით ფორმდებოდა, თუმცა საიდუმლო ხარჯების პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 2009 წელს დამატებით დაიხარჯა 6 213 015 ლარი, 2010 წელს – 3 340 728 ლარი, 2011 წელს – 4 654 100 ლარი და 2012 წელს – 5 809 808 ლარი, სულ 20 მილიონ ლარზე მეტი.

ასევე დაგაინტერესებთ:






















