
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბიძინა გეგიძე არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, კენჭს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში იყრის.
ამის შესახებ დეპუტატმა „პრაიმტაიმთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღებს.
„იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი მაჟორიტარის სტატუსით ვიყრი კენჭს. როცა გადავწყვიტავ, ჩემს გადაწყვეტილებას მაშინ გავახმოვანებ.
თუ არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე, კენჭს, რა თქმა უნდა, ვაკეში ვიყრი.
აზრი იმის შესახებ, რომ ერთი და იმავე ოლქში კენჭი რამდენჯერმე არ უნდა იყარო, ჩემთვის გაუგებარია. პირიქით, თუ ერთ ოლქში ვერ ივარგე, რატომ უნდა აგირჩიონ სხვა ოლქში?!
ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში ვუყურებ. პარლამენტი პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცეა. პოლიტიკაში ჩემი ყოფნის საკითხს გლობალურად ვუყურებ. პოლიტიკაში ჩემს ყოფნას მაჟორიტარობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებას ვუკავშირებ“,- განაცხადა გეგიძემ.
იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე























