
2020 წელი მსოფლიომ ახალი ვირუსით დაიწყო. ახალი „კორონავირუსი“ ჩინეთში ქალაქ უხანში გაჩნდა. მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად ვირუსი თევზისა და ფრინველების ბაზარში გაჩნდა, რის შედეგადაც ამ დროისთვის 17 ადამიანია დაღუპული. თუმცა ეს არ არის ერთადერთი საშიში დაავადება. ბოლო ათწლეულების მანძილზე არაერთი ვირუსი გავრცელდა. მათ შორისაა: ებოლა, ვირუსი ზიკა, ატიპიური პნევმონია, H5N1 და H1N1, ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი.
ებოლა
მიუხედავად იმისა, რომ ეს ვირუსი ჯერ კიდევ 1976 წელს აღმოაჩინეს, მან ფართო პოპულარობა ამ საუკუნეშიც მოიპოვა. ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ტრაგიკული შემთხვევები 2013-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში დაფიქსირდა. სწორედ ამ პერიოდში ვირუსით ყველაზე მეტი – 11 ათასი ადამიანი დაიღუპა.
სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენბელის მიუხედავად, „ებოლას“ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ადვილად არ გადადის. ეს ვირუსი გადადის ადამიანების უშუალო კონტაქტის საშუალებით, კერძოდ: სისხლი, შარდი, დედის რძე და ა.შ

დაავადების სიმპტომებია: მაღალი სიცხე, კუნთების ტკივილი, მადის დაქვეითება, ღებინება დიარეა, შინაგანი სისხლდენა და ბოლოს სიკვდილი.
მიუხედავად „ებოლას“ სიმძიმისა, მედიკამენტები და ვაქცინები ვირუსის განკურნებისთვის ჯერ კიდევ არ არსებობს.
ვირუსი „ზიკა“
ვირუსი „ზიკა“, ისევე როგორც „ებოლა“ აფრიკიდან იღებს სადავეს. ამ სახეობის ვირუსს სახელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო დაარქვეს. ზიკა უგანდაში ერთ-ერთ ტყეს ჰქვია.
აღნიშნული ვირუსი, 1947 წელს აღმოაჩინეს. ისევე, როგორც „ებოლას“ შემთხვევაში ამ ვირუსის ვაქციანაც არ არსებობს. 50 წლის მანძილზე 20 000-ზე მეტი შავკანიანი დააინფიცირა. 2007 წელს „ზიკა“ გასცდა აფრიკის საზღვრებს და ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის კუნძულებზეც გავრცელდა.
თავად ვირუსი საშიში არ არის. „ზიკა“ იწვევს გამონაყარს, მსუბუქ ტკივილებს და ციებ-ცხელებას. საბოლოო ჯამში, ამ დაავადების პოტენციალი არ არის შესწავლილი, მაგრამ ცნობილია, რომ ის ქალიდან ნაყოფზე გადადის, რაც საბოლოოდ ნაყოფს კლავს.

ატიპიური პნევმონია
მას ასევე უწოდებენ მწვავე რესპირატორულ სინდრომებს. ეს არის კორონავირუსის ერთ-ერთი სახეობა. მას ატიპიურ პნევმონიას უწოდებენ იმ მიზეზით, რომ დიაგნოზის დასმა ძალიან რთულია. დაავადების სიმპტომები ატიპიურია.
აღნიშნული ვირუსი პირველად 2002 წელს ჩინეთის სამხრეთ ნაწილში დაფიქსირდა. პირველი პაციენტი იყო ადგილობრივი ფერმერი, რომელიც საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს. ის დიაგნოზის დასმამდე გარდაიცვალა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ფერმერი მომაკვდინებელი ვირუსით გარდაიცვალა.
ვირუსი მალე გავრცელდა და 2003 წლისთვის ის უკვე 29 ქვეყანაში დაფიქსირდა. ის ძირითადად ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის ადამიანიდან ადამიანზე. თუმცა, 2004 წლის დასაწყისში ვირუსით 8422 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 900-ზე მეტი გარდაიცვალა.
დაავადების სიმპტომები – ტემპერატურა 38 გრადუსი და ზემოთ, მშრალი ხველა და ჰაერის უკმარისობა. ერთი კვირის შემდეგ იწყება ფილტვების შეშუპება და რესპირატორული უკმარისობა. ამის შემდეგ შინაგანი ორგანოები იწყებს დაშლას.
ამ ვირუსის შემთხვევაში განკურნება შესაძლებელია. თუმცა ფატალური შედეგები დგება გვიანი გამოვლენის შემთხვევაში.

H5N1 და H1N1
ამ ვირუსებს ფრინველის გრიპადაც მოიხსენიებენ. თავდაპირველად ეს ვირუსი ჰონგ კონგში 1997 წელს გამოჩნდა. H5N1 18 ჩინელის სხეულში აღმოაჩინეს, რომელთაგან ექვსი გარდაიცვალა. ამ მდგომარეობის შემდეგ მიიღეს დაუყონებლივ ზომები, მილიონობით ფრინველი და ცხოველი დახოცეს და დაწვეს.
სიტუაცია დაწყნარდა, თუმცა 2003 წელს აზიაში ახალმა დაავადებამ იჩინა თავი, რომელიც სწრაფად გავრცელდა ევროპასა და აფრიკაში. ამ ფაქტის შემდეგ 140 მილიონზე მეტი ქათამი კვლავ გაანადგურეს. 2013 წლის მონაცემებით H5N1- ით 649 ადამიანი 15 ქვეყნიდან დაინფიცირდა, აქედან 384 გარდაიცვალა.
შემდეგ გაჩნდა H1N1 ე.წ ღორის გრიპი. ეს ვირუსი 2009 წელს გამოჩნდა მექსიკაში და სწრაფად გავრცელდა შეერთებულ შტატებშიც, მოგვიანებით კი ევროპასაც მიაღწია.
როგორც ფრინველების გრიპის შემთხვევაში, ახალმა ეპიდემიამ რამდენიმე ქვეყანაში მეურნეობას ძლიერი დარტყმა მიაყენა. თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გაცილებით რთულად იყო. 2009 წლის ბოლოს ვირუსით დაავადდა 160 ათასზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 3500 გარდაიცვალა.

H5N1 და H1N1 შემთხვევაში სიმპტომები „ცხოველური“ გრიპის მსგავსია. ყველაფერი იწყება სასუნთქი გზების ინფექციით, რომელიც სწრაფად ვითარდება. ზოგიერთ შემთხვევაში, იწყება შინაგანი სისხლდენა და შინაგანი ორგანოების დაშლა, რასაც სიკვდილი მოყვება.
ფრინველის ვირუსის გადაცემა ხდება მხოლოდ ინფიცირებულ ფრინველთან ადამიანის უშუალო კონტაქტის შემთხვევაში.
როგორც სხვა შემთხვევებში, ამ ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინები არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც ზრდის გადარჩენის ალბათობას, არ იძლევა გადარჩენის 100%-იან გარანტიას.






















