
განმუხურში, სადაც საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რამდენიმე საათის წინ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ვლადიმირ ვახანია მოკლეს, პოლიციაა მობილიზებული. გალავანი და ჭიშკარი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, ხოლო სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა მოჰყვა შეხვედრას, რომელიც ვლადიმირ ვახანიასა და მკვლელობაში ბრალდებულ, სავარაუდოდ, ასევე ბიზნესმენს შორის, ვახანიას სახლში შედგა. მხარეები ბიზნეს-წილებთან დაკავშირებით ვერ მორიგდნენ, რის შემდეგაც ვახანიასთან სტუმრად მყოფმა ბიზნესმენმა მასპინძელს, სავარაუდოდ, დანა რამდენჯერმე ჩაარტყა და მიიმალა. ვლადიმირ ვახანია მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
მკვლელობის ფაქტი დაადასტურა შსს-მ. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, ვლადიმირ ვახანია 2012 წელს, მას შემდეგ, რაც 3,5 წლიანი სასჯელი მოიხადა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.
ვლადიმირ ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს.
ასევე ნახეთ: ლუიზიანას შტატს ქარიშხალი „იდა“ დაატყდა თავს
ასევე დაგაინტერესებთ:
ავტორი: თეა შონია























